Accessibility links

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს თანახმად, გაზგამანაწილებელ ქსელში ახლად ჩართული აბონენტებისათვის 1 სექტემბრიდან ბუნებრივი აირის ტარიფი საშუალოდ 20-25 თეთრით შემცირდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებას წინ უძღოდა დაძაბული მოლაპარაკებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია „სოკართან“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის უმსხვილეს იმპორტიორად ითვლება. სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ 1 სექტემბერს რუსეთის ტერიტორიაზე - მოზდოკი-თბილისის გაზსადენზე - მომხდარი აფეთქება ვერ შეაფერხებს საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგებას.

ბუნებრივი აირის ის მომხმარებლები, რომლებიც გაზგამანაწილებელ ქსელში 2008 წლის პირველი აგვისტოდან ჩაერთნენ, ერთ კუბურ მეტრ გაზში დაახლოებით 75 თეთრს იხდიდნენ. და ეს მაშინ, როცა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ ძველი აბონენტებისთვის 2007 წელს დადგენილი საშუალო ტარიფი 50 თეთრის ფარგლებში მერყეობდა. ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, ახალი აბონენტების მდგომარეობის შესამსუბუქებლად მთავრობამ გაზგამანაწილებელ კომპანია „სოკართან“ აქტიური და დაძაბული მოლაპარაკებები აწარმოვა.

ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, თბილისში ძველი და ახალი აბონენტები თითქმის ერთნაირი - 50 თეთრის ოდენობის - ტარიფით ისარგებლებენ, რეგიონებში კი ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საფასური 20-25 თეთრით შემცირდება. ეკონომიკის ექსპერტის დავით ებრალიძის თქმით, ტარიფებს შორის ამგვარი განსხვავება კანონში შეტანილმა იმ ცვლილებამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც, ფასის განსაზღვრა, მარეგულირებელი კომისიის ნაცვლად, კომპანიებს დაევალათ.

„თავიდანვე ცხადი იყო, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ამან გამოიწვია ფასების გაზრდა. მაშინ ამბობდნენ, რომ კონკურენცია თავად დაარეგულირებდა ფასებს. ახლა მიხვდნენ, რომ ესაა სერიოზული პრობლემა და „სოკარს“ დაავალეს ფასის დაწევა“, ამბობს დავით ებრალიძე.

კომპანია "სოკარის" ბენზინგასამართი სადგური თბილისში
უნდა ითქვას, ფასის დაწევას ენერგეტიკის სამინისტროზე ადრე ლეიბორისტული პარტია ითხოვდა. დაახლოებით ერთი წლის წინ შრომის პარტიის იურისტებმა ენერგეტიკის სამინისტროს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, ამბობს, რომ საქმის წარმოება ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების გამო შეწყდა, რომლის მიხედვითაც, ძველი და ახალი აბონენტებისთვის ტარიფების მოცულობა უნდა გათანაბრებულიყო. გიორგი გუგავას ვარაუდით, ხელისუფლება „სოკარისთვის“ თბილისის გამანაწილებელი სისტემის მიყიდვას აპირებს.

დარეგულირების სისტემის მოშლას შეცდომად მიიჩნევს ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი, გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ბუნებრივი მონოპოლიების რეგულაციას ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს:

„ბუნებრივ მონოპოლიებში რეგულაციის მექანიზმების გაუქმება იყო დიდი შეცდომა. შეიძლება რომელიმე კომპანიამ, „სოკარის“ მსგავსად, კეთილი ნება გამოიჩინოს და არ ისარგებლოს თავისი მონოპოლიური მდგომარეობით, მაგრამ რა გარანტიაა, რომ ვიღაც სხვა, მაგალითად, რუსული „რაო ეეს“, რომელსაც სოციალური რისკების შექმნის პოლიტიკური ინტერესი აქვს, ამით ბოროტად არ ისარგებლებს.“

გია ხუხაშვილი იხსენებს რუსეთიდან გაზის იმპორტის შეწყვეტას, რამაც საქართველო ამ ორიოდე წლის წინ უმძიმეს ვითარებაში ჩააგდო. მაშინ მიზეზად გაზსადენზე მომხდარი ავარია დასახელდა. ავარია, თუმცა გაცილებით ნაკლები მასშტაბის, მოზდოკი-თბილისის გაზსადენზე სულ ახლახან ისევ განმეორდა. რუსული მედიის ცნობით, ინგუშეთის ტერიტორიაზე პირველ სექტემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად, მწყობრიდანაა გამოსული 720 მილიმეტრიანი გაზსადენი, თუმცა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, ეს ფაქტი პრობლემას ვერ შეუქმნის საქართველოს გაზით მომარაგებას, რადგანაც საქართველო ორი წელია გაზს, რუსეთის ნაცვლად, აზერბაიჯანიდან იღებს.

ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, მწყობრიდან გამოსული მილსადენით ბუნებრივი აირი, საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთის რესპუბლიკას მიეწოდებოდა, საქართველო კი, სარგებლის სახით, მხოლოდ ტრანზიტული აირის ნაწილს მოიხმარდა.
XS
SM
MD
LG