Accessibility links

logo-print
"სახალხო დიალოგის" ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთს 3 მინისტრი და პარლამენტის წევრები ეწვივნენ. პირველი, ვინც რეგიონში პრეზიდენტის ინიციატივა განახორციელა, ენერგეტიკის მინისტრი იყო. ალექსანდრე ხეთაგური ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.


,,ეტაპობრივად მივდივართ, ერთდროულად ნამდვილად ვერ ვაკეთებთ ვერსად. პირველი ორი წელი იყო პრობლემა - 2004-2005 წწ. მერე გადავედით 24 საათიან მომარაგებაზე, მერე გადავედით ქალაქების გამრიცხველიანებაზე, მომავალ წელს დავიწყებთ სოფლებს, მაგრამ, პირველ რიგში, დავიწყებთ დიდ სოფლებს აუცილებლად. მაგალითად, იმერეთში როგორიც არის სვირი, აქ - ბაკურიანი, ახალდაბა, ყვიბისი – ასეთი სოფლების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას უკვე დავიწყებთ მომავალი წლიდან.”


ენერგეტიკის მინისტრის ვიზიტის შემდეგ ახალციხეს ჯანდაცვის მინისტრი ეწვია. ალექსანდრე კვიტაშვილი მედიკოსებსა და მოსახლეობას ხანდაზმული პროფესიონალებისა და ახალგაზრდა კადრების სიმცირეზე ესაუბრა. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ დასახვეწია საექიმო კანონმდებლობა. ყველაზე მთავარი პრობლემა კი, როგორც თავად უწოდა, გაძვირებული მედიკამენტები და წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობის დარეგულირებაა:


,,ექსკლუზიურად შემოაქვთ და ერთმანეთში ცვლიან წამლებს. ამიტომ ფასი არის ხელოვნურად დალაგებული. ჩვენ გვინდა, რომ ეს სისტემა გაიხსნას და იმპორტი იყოს ღია. ღია იმპორტის შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს შეეძლება იმ წამლის ჩამოტანა, რომელიც დარეგისტრირებულია ქვეყანაში გამარტივებული რეჟიმით. თუ კი არის ქვეყანაში, ვთქვათ, გერმანიაში ლიცენზირებული ასპირინი და რეალიზაცია ხდება ევროპაში, ამ ასპირინის შემოტანა შეეძლება ნებისმიერს, მიუხედავად იმისა, ის გერმანიაშია თუ საბერძნეთში დამზადებული. საბერძნეთში, მაგალითად, 5-ჯერ ნაკლებია წარმოებული წამლის ფასი, ვიდრე გერმანიაში. იქიდან რომ შემოვა, წამლის ფასი თავისთავად ვარდება აქ. არ შეიძლება რომ ევროპაში წამალი უფრო იაფი ღირდეს, ვიდრე საქართველოში. ასეთი რამ წარმოუდგენელია.”

ამის შემდეგ, "სახალხო დიალოგის" ფარგლებში, ახალციხეს ისევ პარლამენტის წევრები ეწვივნენ. ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ პეტრიაშვილი სამ კოლეგას მასპინძლობდა. მოსახლეობის ძირითადი პრობლემა აქ სასმელ წყალს უკავშირდება. ვითარებაში უკეთ გასარკვევად ახალციხელი სუსანა ბაშარული პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე წყლით სავსე ბოთლით მივიდა:


,,ყვითელი, ჭუჭყიანი წყალი მოდის და ამ წყალს ვსვამთ. ყოველ მეორე დღეს ბავშვებს ან კუჭი აქვთ აშლილი, ან სიცხე აქვთ, ან კიდევ რაღაცა. მთავარია წყალი, წყალს ხომ მიხედვა უნდა? მართალია, აკეთებენ, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს.”


დაბინძურებული წყლის გამო შეწუხებულ მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას უკვე პარლამენტის წევრები დაჰპირდნენ.


,,უწყლობა ტრადიციული პრობლემაა ახალციხისთვის. სათავე-ნაგებობა გაკეთებულია. ახლა მიდის მილების შეცვლა და წლის ბოლომდე წყალი იქნება ყველგან. წლის ბოლომდე და მომავალი წლიდან, პირობას ვდებთ, რომ წყალი იქნება ყველგან და უკვე ხარისხიანი.”


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე მორიგი ვიზიტით უკვე ადიგენის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა. პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული სოფელ ვარხნის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივი მცხოვრებელებისთვის ადრესატი სწორად იქნა შერჩეული. როგორც გაირკვა, ვარხნელების მთავარი სატკივარი ტყით სარგებლობის აკრძალვა აღმოჩნდა:


,,პოლები “ არ აქვს ხალხს, ხე-ტყეს მიაქვს აქაურობა და ხალხს არაფერი გააჩნია. თენდერებს მიაქვს ყველაფერი და გლეხებისთვის არაფერი არ არის. თბილისში თუ კეთდება ყველაფერი, რეგიონებშიც ვართ ჩვენ ადამიანები. ძალიან გაჭირვებულად ვცხოვრობთ. მოსავალი არ არის, ყველაფერი დალპა ხეზე. ერთადერთი სასუნთქებელი იყო ტყე. ხე კი არა, ხალხს სახურავი არ აქვს სახლებში და 2 კუბამეტრის გამოტანის საშუალებას არ იძლევიან. აკრძალულია. თუ დაგიჭირეს, იქ არის ათიათასობით ლარი ჯარიმა ანდა ციხე. ამის თავი კი არავის აქვს. როგორც გარეთ ჩანს, რომ არავის არ უჭირს, ასე არ არის.”


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ვარხნელებს პრობლემების მოგვარებას კანონმდებლობის ფარგლებში დაჰპირდა. თუმცა გოგა ხაჩიძემ ისიც განმარტა, რომ ქვეყანაში ვითარების გაუმჯობესებას დრო სჭირდება. დაცული ტერიტორიების შექმნის გამო მოსახლეობას საძოვრებისა და სათიბების პრობლემაც შეექმნა. გოგა ხაჩიძეს ამ კუთხითაც მოუწია მოსახლეობისთვის პასუხის გაცემა:


,,დაცულმა ტერიტორიებმა ძალიან კარგი საქმე გააკეთა. შეიძლება მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს პრეტენზია ჰქონდეს, რადგან ისინი ვეღარ ნადირობენ, ვეღარ ჭრიან ხეს, ვეღარ თიბავენ და აძოვებენ პირუტყვს, მაგრამ ამან გამოიწვია ის, რომ რამდენიმე წლის წინ რამდენიმე ირემი იყო დარჩენილი. Aახლა, როგორც მეუბნებიან, ისინი გამრავლდნენ. ამას მოჰყვება ტურისტი, ტურისტს მოაქვს ფული და ეს ფული ისევ მოსახლეობაში დაიხარჯება.”

"სახალხო დიალოგის" ფარგლებში კიდევ ერთ ვიზიტს უკვე ასპინძაში ელოდებიან. ხვალ, 2 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის წევრებს ასპინძელები საკუთარ პრობლემებს გააცნობენ.
XS
SM
MD
LG