Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირისა და მისი სამეზობლოს სიახლეები


ხუთშაბათს, 27 აგვისტოს, კოსოვოს ლიდერებს და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის პირველი სერიოზული უთანხმოება მოხდა მას შემდეგ, რაც კოსოვომ გასულ წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

პრიშტინაში გამართული შეხვედრის მიზანი იყო ალბანელების დარწმუნება, რომ ახალი შეთანხმება, რომელიც კოსოვოში ევროკავშირის საპოლიციო მისიასა და სერბიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დაიდო, მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

მაგრამ ამ მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა - კოსოვოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა დატოვეს.

ევროკავშირის საპოლიციო მისიამ, რომელსაც შემოკლებით EULEX ეწოდება, კოსოვოში გაეროს მისია ჩაანაცვლა. EULEX-სა და სერბიის პოლიციას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელიც კამათის საგნად იქცა, საზღვრებს შორის მოქმედი ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას ითვალისწინებს. ეს შეთანხმება სერბიისთვის ევროკავშირში 2010 წლიდან უვიზო მოგზაურობის უფლების მიღების წინაპირობაა.

კოსოვოს ლიდერების აზრით კი, ევროკავშირის მისიისა და სერბიის უშუალო კავშირი ძირს უთხრის სუვერენული სახელმწიფოს განვითარების მათ მცდელობას.

კოსოვოს პრეზიდენტის ფატმირ სეიდუს ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ”შეხვედრაზე კოსოვოს ლიდერებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ პროტოკოლს გადაჭრით ეწინააღმდეგებიან, და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დღეის შემდეგ ამ საკითხის ირგვლივ დისკუსია დასრულებულია. კოსოვო არ იღებს პასუხისმგებლობას საკითხებზე, რომლებიც მას დამოუკიდებლად არ გადაუწყვეტია.”

საპოლიციო შეთანხმება მხოლოდ ხელისუფლებაში არ იწვევს პროტესტს. ოთხშაბათს ალბანელების მოძრაობა ”ვეტევენდოსიას”, ანუ ”თვითგამორკვევის”, წარმომადგენლებმა ევროკავშირის საპოლიციო მისიის მანქანებზე რამდენიმე შეტევა განახორციელეს, რაც 21 პირის დაპატიმრებით დასრულდა.

”ჩვენ გვსურს კოსოვოს რესპუბლიკა ევროკავშირს შეუერთდეს, მაგრამ ჩვენ განვითარებისთვის ეკონომიკის ექსპერტები, ექიმები, და მეცნიერები გვჭირდება და არა ევროკავშირის პოლიციელები, რომლებმაც ჩვენ გაურკვეველი მეთოდებით უნდა გვმართონო”, - უთხრა მოძრაობის ლიდერმა, ალბინ კურტიმ, ორგანიზაცია EUObserver-ს. კურტის თქმით, 1990-იან წლებში სერბიის პოლიცია მონაწილეობას იღებდა ალბანელების მასობრივ მკვლელობებში და ამისათვის პასუხი თითქმის არავის უგია.

ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა განცხადებამ, რომლითაც სერბიის მინისტრი კოსოვოს საკითხებში, გორან ბოგდანოვიჩი, ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში გამოვიდა. მისი თქმით, საპოლიციო პროტოკოლით ”ევროკავშირმა დაადასტურა სერბიის მთლიანობა იმ ადგილებშიც კი, რომელსაც ქვეყანა სრულად ვერ აკონტროლებს.”

კოსოვომ სერბიისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში გამოაცხადა, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერით. დღესდღეობით, მისი დამოუკიდებლობა ევროკავშირის 27 წევრიდან 22-მა აღიარა. ახალი სახელმწიფო არ უღიარებიათ ესპანეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, სლოვაკეთსა და რუმინეთს.

ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იეჟი ბუზეკი დეპუტატებს მოუწოდებს, სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება ევროპის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ჟოზე მანუელ ბაროზუს მეორე ვადით დამტკიცების თაობაზე.

”ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების სტაბილურობისთვის, აჯობებს კენჭისყრა სექტემბერში გაიმართოსო”, - უთხრა ბუზეკმა ჟურნალისტებს ბრიუსელში 27 აგვისტოს.

პორტუგალიის ყოფილი პრემიერის, ბაროზუს მსგავსად, იეჟი ბუზეკი მემარჯვენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს და, შესაბამისად, ის მხარს უჭერს ბაროზუს მეორე ვადით არჩევას. ამავე პოზიციაზე არიან ევროპის სახალხო პარტიის სხვა წევრებიც. მაგრამ პარლამენტში ლიბერალების და სოციალისტების წარმომადგენლებმა კომისიის პრეზიდენტს მოთხოვნათა ნუსხა წარუდგინეს და მის კანდიდატურას იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუკი ის ამ მოთხოვნათა შესრულებაზე დათანხმდება.

ბაროზუს კანდიდატურას განსაკუთრებით „მწვანეების“ წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან - მათ სურთ კენჭისყრა არ გაიმართოს მანამ, სანამ ირლანდიაში ლისაბონის ხელშეკრულებაზე მეორე რეფერენდუმი შედგება 2 ოქტომბერს.

ევროპის პარლამენტის თავმჯდომარეს იეჟი ბუზეკს კი სურს კოლეგები დაარწმუნოს, რომ კენჭისყრის მალე გამართვა ევროპის ინტერესებშია. ”ევროკავშირისთვის აჯობებს, რომ ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის თავმჯდომარეობა კარგად ორგანიზებული ინსტიტუტები იყოსო”, - აცხადებს ის და დასძენს, რომ ბაროზუს კანდიდატურის შესახებ პარლამენტში კენჭისყრა სექტემბრის შუა პერიოდში უნდა გაიმართოს.

ჟოზე მანუელ ბაროზუ 8 და 9 სექტემბერს შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან. სავარაუდოდ, კენჭისყრის გამართვის ვადა ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG