Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 1 სექტემბერი 2009


”24 საათი” აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოში აშშ-ის ელჩ ჯონ ტეფტთან, რომელიც რამდენიმე დღეში ტოვებს საქართველოს. ვრცელ ინტერვიუში ტეფტი რამდენჯერმე იშველიებს ციტატებს ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის გამოსვლიდან საქართველოში ვიზიტის დროს. შეკითხვას, რამდენად რეალურია საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი, აშშ-ის ელჩი უპასუხებს: ”მე ძალიან სერიოზულად აღვიქვამ ბუქარესტში ნატოს სამიტის დროს გაჟღერებულ სიტყვებს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. როგორ და რამდენად სწრაფად მოხდება, ეს ცალკე თემაა და ამაზე საუბარი გამიჭირდება. თუმცა ამ განცხადებას ძალზე სერიოზულად აღვიქვამ და ამისი მჯერა”, - ამბობს ჯონ ტეფტი, რომელიც ინტერვიუში მომდევნო ელჩისთვის მისაცემ რჩევებსაც ჩამოთვლის: ”როდესაც ბატონ ბასს ვაშინგტონში შევხვდები, ვურჩევ, რაც შეიძლება მეტი იმოგზაუროს საქართველოს მასშტაბით და მეტ ადამიანს შეხვდეს, იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ცხოვრების მთელ სპექტრს წარმოადგენენ. საქართველოში ჩემი მოგზაურობისას აღმოვაჩინე, რომ ქართველები ძალზე ამაღელვებელ მოქმედებებს სჩადიან. ისინი ყველაფერს აკეთებენ ცხოვრების, თავიანთი ქვეყნის გაუმჯობესებისთვის, იმისთვის, რომ მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ.”

”რეზონანსის” მთავარი პუბლიკაცია ნინო ბურჯანაძის აგარაკის საკითხს ეძღვნება. ეს პუბლიკაცია, სათაურით ”ბურჯანაძის აგარაკს ყიდიან”, ქვეყნდება გაზეთის პირველ გვერდზე. ავტორი წერს, რომ, თუკი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში არაფერი შეიცვლება, წყნეთის აგარაკზე აუქციონი დაინიშნება და, თუ ის ორჯერ არ გაიყიდება, სახელმწიფო საკუთრებაში გადავა. ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი თემურ მურღულია ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს: ”სრულიად ნათელია, რომ ხელისუფლება ცდილობს ორი კურდღლის დაჭერას. ქალბატონმა ნინომ ბრძანა, რომ, თუ საჭირო იქნება, აუცილებლად გაყიდის ამ სახლს იმისათვის, რომ მოახმაროს დემოკრატიის განმტკიცებას ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული საფრთხე იყო ხელისუფლებისთვის. მეორე ფაქტორი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ხელისუფლებას უნდა დაანახვოს ყველას, რომ მას შეუძლია ძალოვანი მეთოდებით მოქმედება”, - ამბობს ”დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს” წევრი თემურ მურღულია ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ამავე გაზეთის კორესპონდენტთან საუბრისას დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი მის მიმართ ტელე-მედიის წარმომადგენლების დამოკიდებულებაზე შენიშნავს: ”ჩემგან არათუ კომენტარებს აღარ იწერენ, არამედ ლამის გამარჯობასაც კი არ მეუბნებიან. მე ამას პირდაპირ ხელისუფლების მითითებად ვთვლი და დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჩემგან კომენტარის აღება აკრძალული აქვთ.”

”ალიას” ჟურნალისტი ნანა ფაჟავა პრეზიდენტ სააკაშვილის სამეგრელოში ვიზიტზე მოუთხრობს. მისი თქმით, განმუხურში ჩასულ სააკაშვილს ერთმა მოქალაქემ შუბლში ფეხსაცმელი ესროლა. ფაჟავას თქმით, ეს ყველა კამერამ აღბეჭდა. ”რა თქმა უნდა, ამ ბიჭს დაედევნენ. ცოტა ნასვამი იყო, როგორც ჩანს, მაგრამ გაქცევა მაინც მოახერხა. მთელი სამთავრობო დაცვა და პოლიცია გაეკიდა, დაიჭირეს, კარგად სცემეს და მანქანაში ჩააგდეს. კაცმა არ იცის, სად წაიყვანეს”, - ამბობს ნანა ფაჟავა ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში. ამავე გაზეთიდან შეიტყობთ, რომ გიორგი ხაინდრავა და ლევან გაჩეჩილაძე ორგანიზაცია ”დაიცავი საქართველოს” გასაძლიერებლად რეგიონებში წავლენ. ”ლევანი მიდის სამეგრელოში, მე მივდივარ აჭარა-გურიისკენ”, - ამბობს ინტერვიუში ხაინდრავა. დღევანდელ ”ალიაშივე” წაიკითხავთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსი სალომე მახარაძე თავდაცვის ახალმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ თავდაცვის უწყების პრესსამსახურის უფროსად დანიშნა. სალომე მახარაძემ ”ალიას” უთხრა, რომ მის ადგილას სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ”ყაზტრანსგაზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი დოდო გუგავა დაინიშნა.

”ახალი თაობის” პირველ გვერდზე ნახავთ სათაურს - ”რა კომპრომატებს დადებს ბოკერია მერაბიშვილის წინააღმდეგ”. ეს არის ინტერვიუ ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურ მდივან გიორგი გუგავასთან, რომელიც ამბობს: ”ბრძოლა ხელისუფლების შტოებს შორის დიდი ხანია დაწყებულია და აღწევს კულმინაციას და შემოდგომაზე ჩვენ მოწმენი ვიქნებით ურთიერთკომპრომატების გამოქვეყნებისა. კომპრომატები გამოქვეყნდება როგორც უგულავა, ბოკერია, რამიშვილის დაჯგუფების მხრიდან, ასევე სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილის დაჯგუფების მხრიდან” - ასეთი გახლავთ ლეიბორისტ გიორგი გუგავას პროგნოზი, რომელსაც ის ”ახალი თაობის” კორესპონდენტს უზიარებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG