Accessibility links

”რუსეთი კვლავ შეიძლება იყოს ჩათრეული თბილისსა და სოხუმს შორის შეიარაღებულ კონფლიქტში” - ასეთ ფრაზას წაიკითხავთ ” ნეზავისიმაია გაზეტას” დღევანდელ მოწინავე სტატიაში. პუბლიკაცია ეფუძნება ინფორმაციას, რომ აფხაზეთი, რუსეთის მხარდაჭერით, მზად არის შავ ზღვაში ქართული გემების წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, რომ რუსეთის სანაპირო დაცვა უზრუნველყოფს იმ გემების უსაფრთხოებას, რომლებიც აფხაზეთის მიმართულებით ცურავენ. ეს ხდება ქვეყნებს შორის დადებული იმ შეთანხმების ჩარჩოებში, რომელიც რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების დაცვას გულისხმობსო, - წერს გაზეთი.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მხოლოდ ბოლო თვის განმავლობაში საქართველომ დააკავა და თავის პორტებში გადაიყვანა რამდენიმე გემი, რომლებიც აფხაზეთში მიემართებოდნენ. საერთო ჯამში კი, ბოლო 4 წლის განმავლობაში აფხაზეთიდან ვერ გამოვიდა ან მის ნაპირებს ვერ მიაღწია 70-მა მცურავმა საშუალებამ. მათ შორის ყველას მშვიდობიანი ტვირთი გადაჰქონდაო, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში, - ხე-ტყე, ჯართი და სამშენებლო მასალები.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, რომ დაკავების შემდეგ მოვლენები, როგორც წესი, ერთი და იმავე სცენარით ვითარდება - ხდება ტვირთის კონფისკაცია, ეკიპაჟის დროებითი დაკავება, კაპიტნის შესაძლო დაპატიმრება, მსხვილი ფულადი ჯარიმა. თუ ჯარიმა დროზე არ იქნა გადახდილი, გემი საქართველოს საკუთრება ხდება და მოგვიანებით აუქციონზე გადის.

გემებს ოკუპირებული ტერიტორიების წყლებში შესვლის წესების დარღვევის საბაბით აკავებენო, - წერს გაზეთი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის სიტყვები მოჰყავს: ” რუსეთის ქმედებები, რომლებიც იმ გემების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რომლებიც საქართველოს აკვატორიას არღვევენ, განხილული იქნება როგორც მეკობრეობა, ყველა აქედან გამომავალი შედეგით. აფხაზეთში ტვირთების გადატანა საზღვაო გზით თბილისის ნებართვის გარეშე საქართველოს კანონების დარღვევაა.”

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ კი საქართველოს საქციელს უწოდა მეკობრეობაო, - წერს გაზეთი. ჩვენი მიმართვები გაეროსა და ევროკავშირის მიმართ ყურადღების გარეშე რჩება, რაც ქართველების წახალისებაა საზღვაო ყაჩაღობაში. მაგრამ, ეტყობა, საქართველოში დაავიწყდათ, რომ მათი გემები უკრაინაში, ბულგარეთსა და საბერძნეთში ჩვენი სანაპიროს გასწვრივ დადიან და ჩვენ შეგვიძლია პასუხი გავცეთ. ომის დროიდან მოყოლებული, ქართველები კარგად იცნობენ ჩვენს შესაძლებლობებს, - უთხრა სერგეი შამბამ „ნეზავისიმაია გაზეტას“.

რუსეთის კიდევ ერთი დაპირისპირების შესახებ წერს „ვრემია ნოვოსტეი“.
პუბლიკაციას ასეთი სათაური აქვს: ”ხელისუფლება აპირებს სეპარატისტების წინააღმდეგ იდეოლოგიური ფრონტი გაშალოს.” პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების ხელმძღვანელებსა და მუფთებს შეხვდა, რათა სეპარატისტების მიმართ ”სულიერ” დაპირისპირებაზე ესაუბრა.

გაზეთი წერს, რომ ამ ღონისძიების საბაბი კავკასიის რესპუბლიკებში სიტუაციის გამწვავება და მომრავლებული ტერაქტები გახდა. ”იმის გათვალისწინებით, რომ ბოევიკთა უდიდესი ნაწილი ახალგაზრდაა, რომელთაც ბანდიტები რელიგიური პროპაგანდით იზიდავენ და რომ ტერაქტების უმეტესობა რწმენისთვის ბრძოლის ეგიდით მიმდინარეობს, სასულიერო და საერო ხელისუფლების კოორდინაციის პოლიტიკა უკვე დიდი ხანია აქტუალური გახდა”, - წერს პუბლიკაციაში „ვრემია ნოვოსტეი“.
XS
SM
MD
LG