Accessibility links

რუსეთის პატრიარქის აღზევება


რუსეთის პატრიარქი სევეროდვინსკში

რუსეთის პატრიარქი სევეროდვინსკში

კრემლის ძალისხმევით რუსეთის ახალი პატრიარქის კირილეს როლი სულ უფრო ძლიერდება. სახელმწიფო დუმამ მას მიანიჭა უფლება შეისწავლოს და თავის შეხედულებისამებრ შეიტანოს ცვლილებები კანონმდებლობაში. პატრიარქის გავლენა იზრდება ისეთ საკითხებში, რომლებიც განათლებას, სახელმწიფო იდელოგიას და ისტორიის ინტერპრეტაციას ეხება. ინტრონიზაციის ექვის თვის თავზე, პატრიარქი კირილე რუსეთის პოლიტიკის წარმმართველ ძალად იქცა.

აგვისტოს ბოლოს, როდესაც რუსეთის პატრიარქი, კირილე, სევეროდვინსკში ქვეყნის ყველაზე მსხვილ გემთმშენებელ ქარხანას ესტუმრა, მას სრული სამხედრო პატივით და სასულე ორკესტრით დახვდნენ. გემბანზე გამწკრივებულ წყალქვეშა ნავის ეკიპაჟს რუსეთის პატრიარქმა ღვთისმშობლის ხატი უსახსოვრა. მოგვიანებით კირილემ თქვა, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება “მართლმადიდებლური ქრისტიანობის ფასეულობებს უნდა ეფუძნებოდესო”. ეს ჟესტი, რაც რუსეთის წმიდათაწმიდა ქრისტიანული რწმენისა და მისი ბირთვული სიძლიერის კავშირზე მიუთითებს, პატრიარქის მზარდი პოლიტიკური გავლენისა და რუსეთის რელიგიური უმცირესობებისადმი ქედმაღლური დამოკიდებულების ილუსტრაციაა.

მოსკოვის ჰუმანიტარული ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ბორის ფალკოვი ამბობს, რომ, ინტრონიზაციის ექვსი თვის თავზე, პატრიარქ კირილეს გავლენა სწრაფად იზრდება როგორც რუსეთის საშინაო, ისე საგარო პოლიტიკაზე:

“პატრიარქი კირილე, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო ენერგიული ადამიანია და ის საკუთარ თავს ხედავს არა მხოლოდ როგორც საეკლესიო პოლიტიკოსს, არამედ ასე ვთქვათ, როგორც რელიგიურ მოღვაწესაც, რომელსაც შეუძლია აქტიური როლი ითამაშოს სახელმწიფო პოლიტიკაში. “

პატრიარქ კირილეს პოლიტიკური როლის დემონსტრირება იყო მისი ვიზიტი უკრაინაში, სადაც მას სურდა გაეერთიანებინა ორად გაყოფილი ქრისტიანული მრევლი. მართლმადიდებელი სამწყსოს ნაწილი უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს, ნაწილი კი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია.

სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც 28 ივლისს გაკეთდა, პატრიარქმა მოუწოდა უკრაინელებს, ევროპული ფასეულობების დევნაში, ის მართლმადიდებლური ფასეულობა არ დაკარგონ, რომელიც მათ რუსეთთან აკავშირებს. ცხადია, იგულისხმებოდა, ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანება, რასაც კიევი ესწრაფვის.

უკრაინის ბერძნულ-რომანული ეკლესიის პრეს-მდივანმა მამა იგორ იაცევმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ “კირილეს მოწოდება ძალიან ჰგავდა რუსეთის პოლიტიკოსებისას, რომლებსაც უკრაინაში გავლენის სფეროების გაძლიერება სურთ”:

“ეს არ იყო მხოლოდ სასულიერო პირის ვიზიტი - ის იყო უფრო მეტად პოლიტიკური, ვიდრე სასულიერო. პატრიარქი კირილე გამუდმებულად მიმართავდა ორ მოძმე ერს, ჩვენ ყველანი ერთნი და განუყოფელნი ვართო. ასე რომ, ძნელი გასაგები იყო, თუ როგორ აფასებს პატრიარქი უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, დღევანდელ მდგომარეობას.”

კირილეს მოწოდება ძალიან ჰგავდა რუსეთის პოლიტიკოსებისას, რომლებსაც უკრაინაში გავლენის სფეროების გაძლიერება სურთ
ანალიტიკოსების თქმით, პატრიარქი კირილე უკრაინაში საკუთარი დღის წესრიგით ჩავიდა, რათა გაეერთიანებინა მართლმადიდებელი მორწმუნეები, რაც, როგორც აღმოჩნდა, კრემლის ინტერესებთან სრულ თანხვედრაშია, - ამბობს რელიგიათმცოდნე ბორის ფალკოვი.

“მისი ვიზიტი უკრაინაში შეიძლება განვიხილოთ როგორც მოქნილი საეკლესიო პოლიტიკის ერთგვარი მაგალითი, რომელსაც რუსეთის სახელმწიფოსა და პოლიტიკისათვისაც მოაქვს სარგებლობა. ვფიქრობ, რომ იგი მოქმედებდა არა როგორც ინსტრუმენტი, არამედ შეასრულა საკმაოდ თვითმყოფადი როლი. ამ შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვა მისი, როგორც საეკლესიო მოღვაწის, და იმ ადამიანის ინტერესები, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ითვალისწინებს.”

რუსეთის ისტორიაში არსებობს არაერთი მაგალითი, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესები ემთხვეოდა ერთმანეთს. მე-17 საუკუნეში რუსეთის პატრიარქი ფილარეტი, როგორც რუსი ისტორიკოსები წერენ, ფაქტობრივად, მართავდა სახელმწიფოს მისი შვილის - ყმაწვილი მეფის მიხეილ პირველის - დროს, იმ მიხეილისა, რომელიც რომანოვების დინასტიის პირველი მონარქი გახდა.

სახელმწიფოსა და ეკლესიის თანამშრომლობის საინტერესო მაგალითია პატრიარქი ალექსი პირველი, რომელიც ეკლესიის საჭეთმპყრობელი, იოსებ სტალინის მხარდაჭერით, 1945 წელს გახდა. 1917 წელს ბოლშევიკური რევოლუციის შედეგად გაუქმებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სტალინმა 1943 წელს აღადგინა, რათა მეორე მსოფლიო ომის დროს მოსახლეობის პატრიოტიზმი გაეძლიერებინა.

მაგრამ პატრიარქი კირილე არ უნდა მიეკუთვნებოდეს სამღვდელოების იმ ნაწილს, რომელსაც სტალინური იდეოლოგიის გავლენა ეტყობა.

რუსულ გაზეთ “ექსპერტისათვის” მიცემულ ინტერვიუში არქიეპისკოპოსმა ილარიონმა, რომელიც რუსეთის პატრიარქის მარჯვენა ხელია და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილებას ხელმძღვანელობს, სტალინს “სულიერად დეფორმირებული მონსტრი” უწოდა და იგი ჰიტლერს შეადარა.

გერმანიაში ბრემენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ცენტრის მეცნიერ-მკვლევარი ნიკოლაი მიტროხინი ამბობს, რომ ილარიონს და სხვა მღვდლებს, რომლებიც გორბაჩოვის “გლასნოსტის” პერიოდში აღიზარდნენ, 62 წლის პატრიარქზე საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვთ:

“ეკლესიის აპარატის მთავარ ხერხემალს, რომელიც ეკლესიის საქმეებს განაგებს,წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში 80-90-იანი წლების მიჯნაზე მოვიდნენ. ამ თაობის ასაკი, პირობითად თუ ვიტყვით, 34-45 წლებს შორის მერყეობს. და ამ თაობამ, რომელიც, საკუთარი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ანტისტალინურია, კარგად შეითვისა “პერესტროიკის” იდეები და სტალინური ეპოქის კრიტიკა.”

ამ თვალსაზრისით, მოსკოვის საპატრიარქო დაპირისპირებაშია კრემლის იმ წარმომადგენლებთან, რომელთაც სურთ აღადგინონ სტალინიზმი, როგორც ახალი ნაციონალისტური რუსეთის იდეოლოგიის შემადგენელი ნაწილი.

მაგრამ სურს ეს თუ არა, ეკლესიაც ამ იდეოლოგიის შემადგენელი ნაწილი ხდება. კრემლი ცდილობს, სულ უფრო მეტი პოლიტიკური უფლებებით აღჭურვოს რუსეთის საპატრიარქო, რომელსაც რუსეთის პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივის უფლება მისცა. რუსეთის პატრიარქმა კირილემ მკაფიოდ განაცხადა, რომ გამოიყენებს მზარდ გავლენას, რათა მოსწავლეთა სექსუალური აღზრდა სკოლებში აღარ ისწავლებოდეს. საპატრიარქო ასევე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს მართლმადიდებელი რელიგიის ისტორიის სწავლებას რუსეთის სკოლებში და აღადგინოს მღვდელმსახურთა ინსტიტუტი რუსეთის არმიაში.
XS
SM
MD
LG