Accessibility links

logo-print

9 აგვისტო, კვირა

დილით ადრე გამეღვიძა. გუშინ ისევ არ დამირეკეს, ქორიძისთვის უნდა დაგვეჭირა მხარი. ეტყობა, ვერ შეთანხმდნენ. კვირას გაზეთი ადრე მთავრდება. ამიტომ დროზე უნდა მივიდე და სვეტი დავწერო. სათაური მოვიფიქრე - მთავარი მაუწყებლის საზოგადოებრივი არჩევანი. მეორე ტურში სამი კანდიდატია. ნათელია, რომ ხელისუფლების ფავორიტი ჭანტურია უკვე დანიშნულია. თუმცა ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, ზვიად ქორიძისთვის დაგვეჭირა მხარი. ვერ მოხერხდა, არ მოინდომეს. მოინდომეს დანარჩენების კრიტიკა, სამართლიანი, მძაფრი. თუმცა ვფიქრობ, ეს არ იყო საკმარისი. იაქტიურა მცირე ჯგუფმა, დიდ ნაწილს ეძინა.

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის არჩევა მიმდინარეობს. კენჭისყრა პირდაპირი ეთერით გადაიცა, ვფიქრობდი, ერთს მაინც თუ ეყოფა ვაჟკაცობა-თქო. ნული. ზერო!!!

პირველ ტურში კაჭარავამ და ქორიძემ რვიდან შვიდი ხმა მიიღეს, მეორეში - არაფერი.
მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემთვის რომ ეკითხათ, ბორდის თუ სამეურვეო საბჭოს წევრების მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას იმ დღეს როგორ შეაფასებდითო, ვიტყოდი ერთ სიტყვას - ზერო.


რედაქციაში ვარ, თემურ იაკობაშვილის წერილი მივიღეთ. “ერთი წლის გადმოსახედიდან”, - ასეთი სათაური აქვს. საინტერესო წერილია, მაგრამ სადავო. არ გვინდა, დავინახოთ, რომ კონფლიქტი ეთნოპოლიტიკური ხასიათისაა. ვიცი, რომ ბევრი არ იზიარებს მის პოზიციას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საპასუხო წერილს არ დაწერენ.

თუმცა მისასალმებელია ის, რომ მინისტრი ქართული გაზეთისთვის წერილს წერს და აქვეყნებს.

სააკაშვილიც წერს, მაგრამ უცხოეთში აქვეყნებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულ საზოგადოებას პატივს არ სცემს.


10 აგვისტო, ორშაბათი

ორშაბათია. ისევ ომის თემა დომინირებს. მახსენდება, ხელისუფალთა ომისწინა პერიოდის ძლევამოსილი გაცხადებები. მათ მიაჩნდათ, რომ თუ საჭირო გახდებოდა, ჩვენ შევძლებდით შეიარაღებული ძალების მეშვეობით დიდი ამოცანის გადაჭრას. მოწინააღმდეგის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც.

რუსულმა სააგენტო „ინტერფაქსმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ რუსეთის სადესანტო ჯარების სარდალ გენერალ ვლადიმერ შამანოვთან.

შამანოვი პუტინმა უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი დააჯილდოვა “ქართველების დარბევაში” განსაკუთრებული წვლილისათვის.

გენერალი, რომელიც სააკაშვილმა უფრო ადრე „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა, ყვება, თუ როგორც აიღო ერთი სამშვიდობო ბატალიონით ლამის ნახევარი საქართველო. როგორ დაბომბეს ჩვენი ბატარეა, როგორ შეაშინეს ქართველები, საზღვაო-სადესანტო ოპერაციის იმიტაციით. როგორ გამოასუფათვეს ჩვენი სამხედრო ბაზა. მერე კი ჰუმანურები გახდნენ და გადმოგვცეს პოლიციის საჭიროებისათვის მსუბუქი შეიარაღება.

ახლაც შეგიძლიათ, ნახოთ რუსულ საიტებზე ჩეჩენი მეთაურის, იამადაევის ფრაზა, თუ როგორ გარბოდნენ ქართველი სამხედროები ქვედა საცვლების ამარა.

ალბათ, დიდი ხანი იქნება სპეკულაციების თემა, თუ რამდენი რუსი სამხედრო შემოიჭრა საქართველოში, ოთხმოცი ათასი თუ ხუთი ათასი.

გამახსენდა რუსი ჟურნალისტი პაველ შერემეტი. ის ხშირად ჩამოდის საქართველოში, წერს წიგნებს, მათ შორის - პრეზიდენტებზე. რამდენიმე წლის წინათ გამოსცა წიგნი ლუკაშენკოზე. წიგნმა წარმატება მოიპოვა. ამის შემდეგ რამდენჯერმე გალახეს და დააპატიმრეს.

მან წიგნი “სააკაშვილის დამსხვრეულ ოცნებებსაც” მიუძღვნა. მახსოვს, დამირეკა. აგვისტოა. რუსები ისევ დგანან, არ ასრულებენ შეთანხმებებს. პავლეს მანქანით გავუარე, ავედით ჩემს მეგობართან, დათო ფოცხიშვილთან. კახურ ღვინოს ვსვამთ. დათო უხსნის პავლეს, თუ როგორი გამოუსწორებელი შეცდომა მოუვიდათ რუსებს. მე ვჩხუბობ. პავლე კი ყვება, რომ პირველ თუ ორ აგვისტოს უკვე სოხუმში იყო და ღამღამობით ადევნებდა თვალს რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ენგურის მიმართულებით. გახსოვს ფილმი „ჯარისკაცის მამა?“ ბერლინის ასაღებად რომ მიდიოდნენ საბჭოთა ჯარები, სოხუმშიც იგივე ხდებოდა, იმდენნი იყვნენ, ბოლო არ უჩანდათ. თვალებს არ ვუჯერებდი, ღამღამობით მიდიოდნენ და მიდიოდნენო, - ყვებოდა შერემეტი. მე კი მას ხმამაღლა ვუხსნიდი, რომ იმას, რაც ხდება ჩემს ქვეყანაში, ვერასოდეს დავივიწყებ და ვერც ვერასოდეს ვაპატიებ მათ. და ვერც ჩვენიანებს, ვინც დაგვამცირა, ქვეყანას გვინგრევს და ადამიანებს ხოცავს.

ერთი წელი გავიდა. საინფორმაციო გამოშვებას ვუყურებ. სააკაშვილი მიუთითებს რაღაცისკენ ჟურნალისტებს. გორის ტრასაზე ამკრძალავი საგზაო ნიშანია - ტანკი რუსული დროშით.

ისევ პაველს დავესესხები: “უცხოელი ჟურნალისტები ფაქტობრივად, აფრენენ, ისე მოსწონთ აქაური საპროტესტო აქციები. თეატრია, თანაც ბილეთები - უფასო”.


11 აგვისტო, სამშაბათი

სამუშაო დღეს ზოგჯერ წერილების კითხვით ვიწყებ. ბოლო დღეებში ვერ ავუდივარ, იმდენი მომდის. ერთ-ერთი ძირითადი საფოსტო მიმართულება კიევია. მიგზავნიან პრესაში გამოქვეყნებულ წერილებსაც, თავისი კომენტარებით.

პრეზიდენტმა მედვედევმა შავი ზღვის ფონზე გაუგზავნა უკრაინის პრეზიდენტს მიმართვა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ბრალდება და მუქარა.

რას ფიქრობთ? - მივწერე ჩემს უკრაინელ მეგობრებს. ისინი საშინლად აღშფოთებულნი არიან. მომწერეს, რომ უკრაინაში ტემპერატურა იმატებს.

ვეკითხები, ხომ არ ელოდებიან ომს. ყველა ერთხმად მპასუხობს, რომ ომი ნაკლებად მოსალოდნელია.

ვკითხულობ პუბლიკაციებს. საინტერესოა ინტერნეტ-გაზეთი “უკრაინსკაია პრავდა”. ის თავის დროზე გიორგი ღონღაძემ დააფუძნა. მას შემდეგ, რაც მოკლეს, მისი საქმე მისსავე უკრაინელმა მეგობრებმა გააგრძელეს.

საინტერესო ანალიტიკური წერილები იბეჭდება და იბეჭდება. ბევრ ავტორს პირადად ვიცნობ. ცდილობენ, ნერვებს არ აჰყვნენ. არც საკუთარ მთავრობას ინდობენ, აკრიტიკებენ პოლიტიკოსებს, კორუფციისთვის, დაქსაქსულობისთვის, უხერხემლობისთვის.

ვიცი, უკრაინელები არ დათმობენ თავისუფლებას.


12 აგვისტო, ოთხშაბათი

მთელი დღეა, ვმუშაობ მერაბ ფაჩულიასთან ერთად. პრესის გავრცელება ჩვენთვის მთავარი პრობლემაა. ვადგენთ გეგმას, თუ როგორ შევისწავლოთ ვითარება, როგორ განვავითაროთ მედია-სისტემა. სამართლებრივი მხარეც შესასწავლია. ვადასტურებთ, რომ ხმალაძეა საჭირო. როცა რთული იურიდიული პრობლემაა, ვახტანგი შეუცვლელია.

დილით „კვირის პალიტრის“ გამომცემელმა, ირაკლი თევდორაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ბათუმშიც დაუწყიათ იმ ჯიხურების ჩადგმა, თბილისში რომ ჩადგეს და დიდი ალიაქოთი გამოიწვიეს. კიდევ ერთხელ ვხვდები, რომ დიდი ალბათობით პრესას შეუტევენ, მით უფრო - მალე არჩევნებია. დარწმუნებული ვარ, პრესის კონტროლი მნიშვნელოვანწილად შესაძლებელია, თუ დისტრიბუციას აკონტროლებ.

მოკლედ, სისტემის შესწავლაა აუცილებელი. რთულია, მაგრამ გასაკეთებელია. სამსახურში გვიან მივედი. სპორტის მიმართულების რედაქტორმა, აკაკი გვიმრაძემ მითხრა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მალტასთან წააგო. პირველად მოხდა, რომ გაზეთში ინფორმაცია არ ხვდება ამის შესახებ. ვვარაუდობთ, იქნებ, ძალით წააგეს... რატომ? მწვრთნელის გაგდება უნდათ, ანდა ტოტალიზატორზე ხომ არ ითამაშეს? მოკლედ, ისევე, როგორც ყველას ტელეფონს უსმენენ, ასევე ჩვენთან ფეხბურთში ყველაფერი ჩაწყობილია. ასეთი ცინიკურია დასკვნა.


13 აგვისტო, ხუთშაბათი

დილით ჩემთან კონკრეტული წინადადებით მოვიდნენ, ხომ არ გავაკეთოთ “რეზონანსთან” ერთად სამხედრო მიმართულების დანართი, ან სხვა რაიმე ფორმის გამოცემა.

ერთ-ერთი მათგანი გიორგი თავდგირიძეა. გამოცდილი სამხედრო, რომელმაც ყველა ომი გამოიარა, დაამთავრა გერმანიის სამხედრო აკადემია. დღეს ის არ სჭირდება ქართულ არმიას.

ის თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილთან ვერ შეთანხმდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სამხედრო განათლების სისტემა. თავდგირიძემ არაფერი დათმო. თუმცა დათმო თავისუფლება და აღმოჩნდა ციხეში.

წინადადება ძალიან საინტერესოა, უნდა გავაკეთოთ რამე.


14 აგვისტო, პარასკევი

ისევ ომი. ამ დღეს ომი დაიწყო აფხაზეთში. ორი დღის წინ პუტინი იყო აფხაზეთში. იმ დღეს ქალაქებში ნაღმები აფეთქდა, იყო მსხვერპლი. პუტინმა მშვიდად თქვა, რომ ეს ომის გამოძახილია. დაჰპირდა ფულსა და ჯარს.


15 აგვისტო, შაბათი


მთელი დღე ვკითხულობ და ვწერ. შემატყობინეს, რომ ჩემი სტატია დაიბეჭდა გერმანულ ჟურნალში. სტატიის სათაურია - “საქართველო - 20 წლის რეტროსპექტივა”. გამიხარდა. საღამოს კალათბურთი იყო. მოვიგეთ. ესეც გამიხარდა. ახლა რადიო “თავისუფლებაში” მივდივარ დღიურების ჩასაწერად.
XS
SM
MD
LG