Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტული რეჟიმი ”აფხაზური პასპორტის” გარეშე მალე პენსიებს აღარ დაარიგებს


”პირველი ოქტომბრისთვის აფხაზეთის ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს აფხაზური პასპორტი”, - ეს განცხადება აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის დეფაქტო ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა საპასპორტო საკითხებისადმი მიძღვნილ საგანგებო სხდომაზე გააკეთა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „აპსნიპრესი“ იუწყება, ბაღაფშმა წამოაყენა წინადადება, რომ ”აფხაზური პასპორტის გარეშე არავის მიეცეს აფხაზეთის რესპუბლიკის დატოვების უფლება.” დეფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი ადასტურებს მოსალოდნელობას, რომ ხალხი ვერ მოახერხებს სეპარატისტული ”რესპუბლიკიდან გასვლას სასწავლებლად თუ სამკურნალოდ და ვერ მიიღებს პენსიებს.” 2 სექტემბერს გამართულ თათბირზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონზე. დეფაქტო პრეზიდენტმა ბაღაფშმა აღნიშნა, რომ გალის რაიონის პასპორტიზაციას კავშირი არ აქვს მოახლოებულ არჩევნებთან. ”ჩვენ არ ვნადირობთ გალელების საარჩევნო ხმებზე, მაგრამ საქართველოსთან მოსაზღვრე რაიონის მოსახლეობის სამართლებრივი სტატუსი განსაზღვრული უნდა იყოს. ჩვენ გვაღელვებს დიდი პოლიტიკა... ის, თუ როგორ გამოიყურება აფხაზეთი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში”, - ამბობს სეპარატისტული რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტი. დეფაქტო პირველმა ვიცე-პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამ კი იმავე თათბირზე აღნიშნა, რომ პენსიებს, გამონაკლისის სახით, მაინც ღებულობს 9 ათასი ადამიანი გალისა და ოჩამჩირის რაიონებში, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერჯერობით არა აქვთ აფხაზური პასპორტები. თუმცა ”ეს მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა და მომავალში ეს ადამიანები შესაძლოა პენსიების გარეშე დარჩნენ.”
XS
SM
MD
LG