Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენჭისყრა ირანის პარლამენტში


ირანელი პარლამენტარები კენჭისყრის დროს
ირანელი პარლამენტარები კენჭისყრის დროს
ირანის პარლამენტმა დღეს კენჭი უყარა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობას. 21 სამინისტროს ხელმძღვანელებად წარდგენილი კანდიდატებიდან პარლამენტმა დაამტკიცა 18 და უარყო 3 კანდიდატი. ისტორიულ სიახლედ ითვლება ერთ-ერთ მინისტრად ქალის დანიშნვის მხარდაჭერა, რაც პირველი შემთხვევაა ირანის ისლამური რესპუბლიკის 30-წლიანი არსებობის მანძილზე.

პარლამენტში 5 დღე გაგრძელდა დებატები 21 მინისტრის პოსტებზე წარდგენილების კანდიდატურებზე. ზოგის მისამართით მკაცრი კრიტიკა გამოითქვა, თუმცა გაკრიტიკებულების ნაწილს ბოლოს მაინც გამოუცხადეს მხარდაჭერა. მიმოხილველების შეფასებით, ბევრი კანდიდატი აჰმადინეჟადისადმი ერთგულების ნიშნით შეირჩა და არა კონკრეტულ დარგში კომპეტენციისა და გამოცდილების გამო.

პარლამენტარების განსაკუთრებით ფართო მხარდაჭერა ერგო აჰმადინეჟადის მიერ თავდაცვის მინისტრად წარდგენილ აჰმად ვაჰიდის. მას დეპუტატების 80-მდე პროცენტი მიემხრო მიუხედავად იმისა, რომ ვაჰიდი (და კიდევ რამდენიმე ირანელი ოფიციალური პირი) ეჭვმიტანილია არგენტინაში 1994 წელს მოწყობილ აფეთქებასთან კავშირში. აფეთქება ებრაული ცენტრის წინააღმდეგ იყო მიმართული, მან 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა...

ირანის ახალი ჯანდაცვის მინისტრი მარზიეჰ ვაჰიდ დასტჯერდი
ირანის პარლამენტში, ამ ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, მხარი დაუჭირეს მინისტრად ქალის დამტკიცებასაც. ყოფილი პარლამენტარი, პროფესორი მარზიეჰ ვაჰიდ დასტჯერდი ირანის ჯანდაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს. კიდევ ორი სამინისტროს ხელმძღვანელებად წარდგენილი კანდიდატი ქალები კი დაწუნებულ იქნენ, ისევე როგორც ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე წარდგენილი მოჰამად ალიაბადის კანდიდატურა.

“დამსწრე დეპუტატების რიცხვია 286. ალიაბადის კანდიდატურას ემხრობა 137, წინააღმდეგია 117, 32-მა თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. შესაბამისად, პარლამენტს არ გამოუცხადებია ნდობა მოჰამად ალიაბადისთვის ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე”. პარლამენტის თავმჯდომარე ალი ლარიჯანის ამ განცხადებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მინისტრობის კანდიდატის დასამტკიცებლად მას დამსწრე პარლამენტარების ნახევარი მაინც უნდა მიმხრობოდა - ანუ, 143 დეპუტატი.

ალიაბადი ერთ-ერთია სულ სამი კანდიდატიდან, რომელიც ირანის პარლამენტმა უარყო. დანარჩენების მხარდაჭერა კი, მიმომხილველების შეფასებით, ხელს უწყობს პრეზიდენტ აჰმადინეჟადის პოზიციის განმტკიცებას - თან რთულ ვითარებაში, 12 ივნისის არჩევნების შემდეგ ოპოზიციასთან მწვავე დაპირისპირების პირობებში.

კალიფორნიაში მოღვაწე პოლიტოლოგ მასუდ საფირის შეფასებით, მოსალოდნელი არ არის, რომ პარლამენტმა სერიოზული ოპონირება გაუწიოს აჰმადინეჟადს და მის პოლიტიკურ კურსს. მისი განმარტებით, “პარლამენტიც და მთავრობაც ერთიდაიმავე კონსერვატიულ ფრაქციას ეკუთვნის და ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის მოწოდების გამო, აქტიური მხარდაჭერა გაუწიონ მთავრობას, პარლამენტი იძულებულია, მას მხარი დაუჭიროს”.

სერიოზული ოპონირება აჰმადინეჟადს შესაძლოა, პარლამენტისაგან არ მოელოდეს, მაგრამ, მიმოხილველების შეფასებით, ექსპერტები როგორც აღნიშნავენ, ამა თუ იმ სახის ოპონირება კვლავაც მოსალოდნელია ირანელების საკმაოდ დიდი ნაწილისაგან, რომელიც უკმაყოფილოა 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აჰმადინეჟადის გამოცხადების გამო.
XS
SM
MD
LG