Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ აღდგენა ასე გაგრძელდა, “ბაგრატის ტაძარი აღარ იქნება”


ბაგრატის ტაძარი მეთერთმეტე საუკუნეში აიგო, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ მესამის, დროს. ამდენად, დიდია მისი არა მხოლოდ კულტურული მნიშვნელობა,ზოგადად, არამედ ისტორიულიც - ის გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა. ტაძარი დღემდე იუნესკოს, მსოფლიოს კულტურული საგანძურის სიაშია. ამ დღეებში ტაძარზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების მნახველი სპეციალისტები არ გამორიცხავენ, ის სიიდან ამოიღონ, ამოიღონ იმის გამო, რომ რაც იქ ხდება, ძეგლის ავთენტურობას ვნებს. მას მერე, რაც იტალიელმა ინჟინერმა და არქიტექტორმა სილვიო კალვომ თავის სტატიაში ბაგრატის ტაძრის მდგომარეობა აღწერა, ასე ვთქვათ, ხმაური ატყდა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“. ოთხშაბათს ტაძარს ეწვია ძეგლთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, “იკომოსის”, საქართველოს წარმომადგენლობის გენერალური მდივანი, არქიტექტორ-რესტავრატორი ნატო ცინცაბაძე, თავის კოლეგებთან ერთად.

ნატო ცინცაბაძე, ქუთაისიდან თბილისისკენ მიმავალი, გვეუბნება, რომ რაც იქ კეთდება, არ ჰგავს ტაძრის გამაგრებას, ეს უფრო კაშხლის გამაგრებას მოგაგონებს და ახლა ეს სამუშაოები უნდა შეჩერდეს, რომ გაანალიზდეს, რა მოხდა:

“მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდია ჩარევა ინტერიერში, დაშლილი ყველა სვეტი მოხსნილია აბსოლუტურად; როგორც გუმბათქვეშა, ასევე თაღების გადამყვანი გატანილია ტაძრიდან და ბაზები არის დაბურღული. ანუ პირდაპირ ფიზიკური ქსოვილია დაზიანებული და ჩაწყობილია არმატურა, რომელიც კიდევ უფრო ღრმად უნდა ჩასვან. ეს უკვე ძალიან მძიმეა და საძირკველი მთლიანად, გარდა სამხრეთ-დასავლეთი მკლავისა (რაღაც ნაწილში არ არის ჯერჯერობით ბეტონი ჩასხმული), მთლიანად ბეტონის სარტყელშია, ანუ ძველი ქსოვილია დაფარული ამ ბეტონით. არ ვიცი, არქეოლოგებმა რამდენად მოახერხეს იმის აღნუსხვა,როცა გაიხსნა საძირკვლის ძველი ფენები. კედლებს აქვს აფსიდაში ცუდი ჩარევა ძალიან. ის არის დახვრეტილი, ასე ვთქვათ, ძალიან მოკლე მოდულებით, ნაწილში კრინის სოლებია გარჭობილი და ნაწილში ჩანს, რომ ცემენტის ხსნარია, ლაქები ეტყობა.

მიუხედავად ამისა, - განაგრძობს ნატო ცინცაბაძე, - სანამ ეს პროცესი მთელ ტაძარზე არ გადასულა, ვფიქრობ, საჭიროა გაიმართოს მსჯელობა ამაზე, გაანალიზდეს, რომ არ იყო ეს მეთოდი სწორად შერჩეული.”

ბაგრატის ტაძრის აღდგენის თუ კვლავ აშენების გეგმა დიდი ხანია მუშავდება. ახლა შეთანხმება მოხდა და სამუშაოები, როგორც ხედავთ, დაიწყო. ჩვენი პარტნიორი რადიოს, “ძველი ქალაქის”, კორესპონდენტს, ქეთი ბერძენიშვილს, იმაზე, თუ როგორ გაამაგრებენ ტაძარს, აი, ეს უთხრა პროექტის ავტორმა ივანე გრემელაშვილმა:

“კონსტრუქციული გამაგრება ტაძრის ითვალისწინებს როგორც პერიმეტრის გამაგრებას, - კედლების, მთლიანად, შიგნიდან და გარედან, - ასევე ხიმინჯების მოწყობას, იმიტომ რომ იმდენადაა კედლები დასუსტებული, რომ მთლიანად ამ დატვირთვების კედლებზე გადატანა არ მოხერხდებოდა. ძირითად დატვირთვებს აიღებს გუმბათქვეშა ოთხი სვეტი და ასევე აფსიდისკენ მოეწყობა და დასავლეთისკენ, პატრონიკეს ნაწილში, კოლონები და ხიმინჯები. ხიმინჯები იქნება დაფუძნებული უძრავ ქანებზე. ეს არის ათიდან თხუთმეტ მეტრამდე. გეოლოგიური მონაცემები დადასტურდა და ამ სიღრმეზე ჩადის ხიმინჯები. და აი, რომ არ შეგვეცვალა არაფერი და არც გადანაცვლება მომხდარიყო ამისი, საგანგებოდ დავტოვეთ ტაძრის თანადროული ბაზები.”

ივანე გრემელაშვილს ქუთაისში ყოფნისას ნატო ცინცაბაძეც ესაუბრა:

“მას თავიდან ჰქონდა ისეთი ვარიანტი, რომ ლითონის კონსტრუქციებზე მოწყობილიყო გუმბათის გადაყვანა და მერე, დღეს აგვისხნა, რომ მერე, გაერთიანებულ საბჭოზე, - ეს არის კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს საბჭო, - იმდენად ზუსტი მასალები, კვლევაზე დაფუძნებული მასალები, წარვადგინე, რომ თქვესო: თუკი ეჭვი არ გვეპარება პროპორციაში, ხასიათში გუმბათის, რატომ გავაკეთოთ ასეთი, ბარემ გადავიყვანოთ ტრადიციული მეთოდითო. მაგრამ ეს, რაც ახლა ხდება, არ არის ტრადიციული მეთოდი. შეიძლებოდა, ღირდა, თუნდაც ძალიან ძვირფასი პროექტი განხორციელებულიყო, უახლოესი ტექნოლოგიები გამოგვეყენებენა, კომპრომისული ვარიანტები მოძებნილიყო, საპატრიარქოს მოთხოვნაც დაკმაყოფილებულიყო და არც ძეგლი განადგურებულიყო. არ შეიძლება ეკლესიას უნდოდეს ბაგრატისეული ტაძრის დანგრევა (წარმოუდგენელია, არ არის ამაში ლოგიკა) და იქ ახლის აშანება.”

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა გვითხრა, რომ მიმდინარეობს გამაგრების სამუშაო:

“ბაგრატის ტაძრის არსებული კორპუსის გამაგრება მიმდინარეობს, მისი დანამატის და პროექტის მიხედვით განხორციელებული სამუშაოები იქნება კიდევ მრავალგზის განხილული.”

ეს პროქტს რაც შეეხება. ზემოთ ნატო ცინცაბაძემ ახსენა არქეოლოგები, რომლებსაც თავიანთი საქმე უნდა ეკეთებინათ, სანამ რამე სამუშაო დაიწყებოდა.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: “ახლა სრულდება არქეოლოგიური სამუშაოები, რომლებიც არ გაკეთდა წინა წლებში, იმიტომ რომ კედლების სიახლოვეს მოვერიდეთ გათხრილიყო, რომ არ დაზიანებულიყო ერთიანი სტრუქტურა, ამიტომ ახლა ეს ბოლო ეტაპი არქეოლოგიის წინ უსწრებს საძირკვლის გამაგრების სამუშაოებს.”

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ დავით ხოშტარიას აზრი ამავე თემაზე ასეთია:

“უშუალოდ ამ სამუშაოებს წინ არ უძღოდა ისეთი ფართომასშტაბიანი კვლევა, როგორიც არის საჭირო. ეს არის ჩვეულებრივად მიღებული პროცედურა, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო და არ გაკეთდა. შედეგად, ჩვენ კინაღამ დავკარგეთ მართლაც უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი, ახლახან აღმოჩენილი ეგრეთ წოდებული დედოფლის საფლავი, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანი შენაძენია. და ეს, იმის მაგივრად, რომ ყოფილიყო გეგმაზომიერი არქეოლოგიური კვლევის შედეგი, გამოვიდა შემთხვევითი აღმოჩენა.”

ხოშტარია ლაპარაკობს ასევე მეთოდზე, იმაზე, რომ ძეგლის მდგომარეობა არ ითხოვდა სამუშაოების ფორსირებას:

“რა თქმა უნდა, ამას არ ითხოვდა ძეგლის მდგომარეობა, რომ აი, ამწუთში თუ არ გავამაგრებთ, ის დაინგრევა. ასეთი სიტუაცია ნამდვილად არ იყო.”

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: “დღეს რაც ხდება ბაგრატის ტაძარზე, ხდება მხოლოდ საძირკვლის გაძლიერება, ანუ ის ვიზუალურ მხარეზე გავლენას არ იქონიებს. ერთადერთი, რაც ახლა ხდება ბაგრატის ტაძარზე, რომელიც იქნება ვიზუალურად შესამჩნევი, ეს არის იმ გამორღვეული ნაწილების, რომელიც იყო ყველაზე სუსტი და მიწისძვრის დროს, ყველა დასკვნის თანახმად, იქნებოდა გარღვეული, მათი შევსება იმავე კარიერიდან აღებული ქვით, და, აგრეთვე, ხდება ოთხი საყრდენის ამოყვანა.”

დამტკიცებული პროექტის სწრაფად განხორციელება შეიძლება არც ყოფილიყო ცუდი, მაგრამ ექსპერტები მეთოდს იწუნებენ. ნატო ცინცაბაძე: “ეს მეთოდი ანგრევს, ანადგურებს ძეგლის ავთენტურობას. შესაბამისად, ნადგურდება ის ზოგადსაკაცობრიო ღირებულება, რის გამოც შეიტანეს ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.”

მეთოდზე - საერთოდ, ამ ტიპის ძეგლების ეგრეთ წოდებული პირვანდელი სახით აღდგენაზე - ლაპარაკობს დავით ხოშტარიაც: “ასეთი პრაქტიკა არ არსებობს, არავინ არ აკეთებს ამას, ეს არის მეცხრამეტე საუკუნის პრაქტიკა. ევროპაში, სხვათა შორის, ფართოდ იყო გავრცელებული, აღარ არის ახლა ეს პრაქტიკა. ახლა მთავარი არის ავთენტურობის შენარჩუნება, გამაგრება, კონსერვაცია, დაცვა, შენობის სტაბილიზაცია - ისე, რომ არ მოხდეს მისი ნგრევა, დაზიანება -და არა მისი აღდგენა-რესტავრაცია, ანუ მისი ხელახლა აშენება. აქაც ბევრი ნიუანსია. შეიძლება ნაწილობრივი რესტავრაცია, მაგრამ ასე, აიღო და შენობას უცბად გუმბათი დაადგა, ასეთი პრაქტიკა მიუღებელია. ამას დიდი ხანია უკვე აღარ აკეთებენ.”

გუმბათის დადგმის სურვილმა მოიტანა ბაგრატის ტაძრის სხეულის გამაგრების აუცილებლობა, რადგან მისი დასუსტებული სხეული ვერ გაუძლებდა სიმძიმეს. დღესდღეობით კი შედეგი ისაა, რომ გუმბათის დადგმის სურვილს მოჰყვა ბაგრატის ტაძრის ავთენტურობის დაკარგვა, რაც მძიმე შედეგს მოიტანს. ნატო ცინცაბაძე ამბობს, რომ იუნესკომ შეიძლება ძეგლი ამოიღოს ნუსხიდან:

“მე ვშიშობ, რომ არის სერიოზული პროცედურული შეცდომა დაშვებული - იუნესკოსთან ეს მეთოდოლოგია არ არის შეთანხმებული. ამიტომ სერიოზულად ვდგებით იმ საფრთხის წინაშე (იმის გამო, რომ არ შეთანხმდნენ) და ორი აზრი არ არის, რომ თუ ეს მეთოდი გაგრძელდა, იუნესკო ამოიღებს ბაგრატის ტაძარს სიიდან.”

ვინ უნდა მოახდინოს ზეგავლენა იმაზე, რომ შეჩერდეს სამუშაო? - იუნესკომ, მთავრობამ თუ ეკლესიამ, რომელსაც, ზოგიერთის ვარაუდით, არ შეიძლება სურდეს ძეგლის დამახინჯება, მით უმეტეს, რომ საქართველოს კანონმდებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი საპატრიარქოს ეკუთვნის, ასეთ ჩარევას კრძალავს.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ადასტურებს ამ კანონის არსებობას: “საკუთრების საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ იცავს, საკუთრების მიუხედავად, სიძველეს, ანუ ყოველი ძეგლის, საეკლესიო ნაგებობის განახლება და რესტავრაცია აუცილებლად ხდება საპატრიარქოს, როგორც მესაკუთრის, სურვილით და ძეგლთადაცვითი, სახელმწიფოს მიერ დადგენილი, კანონებით.”

ირღევა თუ არა ეს კანონი, ამას დამატებითი კვლევა-ძიება გამოარკვეს. მაგრამ რაც საფიქრებელია ამ ეტაპზე, გადაწყვეტილება .ეკლესიის სურვილმა განსაზღვრა

“ჩვენთან, რაც დაიწყო ეკლესიების მშენებლობა, - ამბობს დავით ხოშტარია, - არც ერთი განსხვავებული არქიტექტურული ფორმის, უფრო თანამედროვე, არაფერს ვამბობ ულტრათანამედროვეზე, არ აშენებულა - ეს არის ტრადიციული ფორმის გამეორება. მით უმეტეს, ასე უნდა ყოფილიყო ბაგრატის ტაძარში. ეკლესიისთვის მიუღებელია თანამედროვე ფორმების, არქიტექტურული ფორმების შეტანა. ამან განსაზღვრა ორი მომენტი: ერთი, რომ უნდა აღდგეს, და მეორე, უნდა აღდგეს ტრადიციული მასალით და ძველი ფორმით.”

რატომ დამტკიცდა პროექტი, თუკი მას შეეძლო ძეგლისთვის ვნება მოეტანა? ან, იქნებ, რასაც ეს პროექტი გულისხმობს, ის ვერ ან არ ხორციელდება? იქნებ, არასწორად მუშაობს სარესტავრაციო ფირმა? ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა? ნატო ცინცაბაძის აზით, „ყველამ უნდა ვაღიაროთ: საბჭომაც, რომელმაც დაამტკიცა, - მე ვფიქრობ, ბოლომდე ვერ გაერკვა, რა შედეგი მოჰყვებოდა ასეთი მეთოდით ეგრეთ წოდებულ გამაგრებას; - ვფიქრობ, სამინისტრომაც, რომელმაც მონიტორინგის პროცესში ვერ შეამჩნია რა ზომამდე აგრესიული იყო ჩარევა, და ჩვენც, სპეციალისტებმაც, ვინც არ მივაქციეთ ყურადღება და მხოლოდ იტალიელი კოლეგის შეძახილმა გამოგვაფხიზლა. თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, ბაგრატისეული ტაძარი აღარ იქნება.”

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ამბობს, რომ, თუკი დაშვებულია შეცდომები, არის, სხვათა შორის, მათი გამოსწორების გზები: “არსებობს, გამოსწორების გზები და დასჯა რომ არ ვთქვა, მთელი სანქციები, რომელიც ამოქმედდება - ეს იქნება ფინანსური, ეს იქნება შეჩერების თუ ამა თუ იმ მონაკვეთის მთლიანად გამოცვლის... ეს ყველაფერი არის მთელ არსენალში. ასე რომ, იქ თუ რამე ისე არ გაკეთდება, ან ვერ გაკეთდება, ან უკეთესად შეიძლება გაკეთდეს, ეს გაკეთდება ისე, როგორც უნდა გაკეთდეს.”

თუმცა ბაგრატის ტაძრის იუნესკოს სიიდან ამოღების საშიშროებას დავით ხოშტარიაც ხედავს. ახლა იუნესკოს კომისია, რომელიც ოქტომბრისთვის უნდა ჩასულიყო საქართველოში, სურთ უფრო ადრე მიიწვიონ. ხოშტარია ამბობს, რომ ეს არ იქნება იოლი საუბარი იუნესკოსთან, რადგან იქ, როგორც ჩანს, კატეგორიულად იქნება დასმული საკითხი. არ არის გამორიცხული, რომ, უბრალოდ, ამოიღონ იუნესკოს სიიდან, კულტურული მემკვიდრეობის სიიდან, ბაგრატის ტაძარი, იმიტომ რომ ეს სრულ შეუსაბამობაშია საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკასთან.

უნდა ითქვას, რომ მსგავსი პრობლემა შეიძლება გაჩნდეს მცხეთაშიც, რომლის ძეგლები იუნესკომ ახლახან საფრთხეში მყოფი მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG