Accessibility links

logo-print
„მოსკოვი უსიამოვნებების მოლოდინში“- სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი „24 საათი“ აქვეყნებს, გამოთქმულია მოსაზრება, რომ, ნატოს ფრონტზე ერთგვარ დათბობასთან ერთად, რუსეთმა შესაძლოა მტკივნეული დარტყმა მიიღოს ევროპის საბჭოსაგან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რომელიც სტრასბურგში 28 სექტემბერს გაიხსნება, შესაძლოა რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხი განიხილონ, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე მიღებული რეზოლუციების შეუსრულებლობის გამო. „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხზე ორი რეზოლუცია მიიღო - 2008 წლის ოქტომბერში და 2009 წლის თებერვალში,-ვკითხულობთ „24 საათში.“ ამ დოკუმენტით რუსეთს კატეგორიულად მოეთხოვა გააუქმოს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, შეასრულოს სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოს დევნილთა უსაფრთხო დაბრუნება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა. სტატიის თანახმად, ქართულმა დელეგაციამ ასამბლეის წევრებს შორის რუსეთისათვის ხმის უფლების ჩამოსართმევად საჭირო ხელმოწერების რაოდენობა უკვე შეაგროვა, თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ევროპელი დეპუტატების უმრავლესობა ამ წინადადებას მხარს არ დაუჭერს.

„მისაღებია თუ არა სომხური ენის რეგიონალური სტატუსი“ - ამ თემაზე გაზეთ „რეზონანსში“ დაბეჭდილ სტატიაში აღნიშნულია, რომ ოფიციალური ერევანი საქართველოს ხელისუფლებას სომხური ენის რეგიონალურ ენად გამოცხადებას სთავაზობს. კერძოდ, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა პირველ სექტემბერს, ქვეყნის დიპლომატიურ კორპუსთან ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, განაცხადა, რომ საქართველოში სომხური ენის რეგიონალურად ცნობა, სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის რეგისტრაციის უზრუნველყოფა და საქართველოში სომხური ძეგლების დაცვა ქართულ-სომხური მეგობრობის გამყარებას და ურთიერთნდობის ატმოსფეროს გაღრმავებას შეუწყობს ხელს. რამდენად მიზანშეწონილია სომხეთის პრეზიდენტის ინიციატივის მიღება? ეს შეკითხვა „რეზონანსმა“ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს ვან ბაიბურთსაც დაუსვა. უშუალოდ ჯავახეთში სომხური ენის რეგიონალურ ენად გამოცხადების საკითხზე ვან ბაიბურთმა განაცხადა, ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის პრობლემა სომხური კი არა, ქართული ენის ცოდნააო. „ თუ მათ ქართულ სახელმწიფოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება სურთ, აუცილებელია სახელმწიფო ენის კარგად ფლობა. იმის გამო, რომ მოცემულ პერიოდში, რეგიონის მასშტაბით, სომხური მოსახლეობა ქართულ ენას ვერ ფლობს, მათი სახელმწიფო სტრუქტურებში თანამდებობებზე დანიშვნა ფერხდება“, - უთხრა ვან ბაიბურთმა გაზეთ „რეზონანსს.“

რა შეიძლება მოჰყვეს ბაღაფშის ბრძანებას? კომენტარში, რომელიც გაზეთ „ალიას“ სამხედრო ექსპერტმა გიორგი მელითაურმა მისცა, ნათქვამია, რომ სამრეწველო გემებს საფრთხე არ ემუქრებათ, მაგრამ, მოსალოდნელი რუსულ-აფხაზური პროვოკაციების გათვალისწინებით, კონტრაბანდისტთა დაკავებისას საზღვაო პატრული და კატარღები ფრთხილად უნდა იყვნენ: „ გემები, რომლებიც კონტრაბანდის გატანა-შემოტანას ახორციელებენ, რუსების მიერ კონტროლირებად სასაზღვრო ზოლში ბლომად არიან. თუ ჩვენები მოინდომებენ ასეთი გემის დაკავებას, შესაძლოა აფხაზური დროშის ქვეშ მცურავი გემი ჩაერიოს ამ ოპერაციაში. ეს გემი რეალურად იქნება რუსული სამხედრო გემი და მოხდება საზღვაო შეტაკება, ოღონდ დიდი მასშტაბის არა, რადგან ეს აფხაზებს არ აწყობთ.“ გიორგი მელითაური ფიქრობს, რომ ბაღაფშის ბრძანება ეგრეთ წოდებულ აფხაზურ წყლებში ქართული გემების განადგურების შესახებ „შიდა მოხმარებისთვისაა“ გათვლილი და რუსების გულის მოგებას ემსახურება.
XS
SM
MD
LG