Accessibility links

ოპოზიცია რეპრესიების ახალ ტალღაზე ლაპარაკობს


ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა დიპლომატებთან

ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა დიპლომატებთან

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა 4 სექტემბრს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრისას, განაცხადეს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან გამართულმა დიალოგმა, რომელიც მიზნად ისახავდა პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის მხარდამჭერების გათავისუფლებას, შედეგი ვერ გამოიღო. ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებამ დიალოგი რეპრესიებისთვის გამოიყენა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას პირველად 12 აგვისტოს, უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის შემდეგ, შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღით ოპოზიციის ლიდერთა ნაწილმა იდეა დაიწუნა, შეხვედრა, რომლის მიზანი, მრეწველთა პარტიის ლიდერის ზურაბ ტყემალაძის თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერთა საპატიმროებიდან გათავისუფლება იყო, მაინც შედგა:

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელისუფლებას გადავადგმევინოთ პოზიტიური ნაბიჯები. სულ რამდენიმე შემთხვევაც რომ იქნეს გამოძიებული, რამდენიმე უდანაშაულო ადამიანის გამოშვება თუ მოხერხდა, ეს ხომ უკვე დადებითი შედეგი იქნება, არა?“

დადებითი შედეგის სახით შეიძლება აღინიშნოს არასაპარლამენტო ოპოზიციის ოთხი აქტივისტის პატიმრობიდან გათავისუფლება, - განაცხადა 4 სექტემბერს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრისას, არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ. მისი თქმით, საქართველოში, რეპრესიების თვალსაზრისით, მძიმე პოლიტიკური ფონია შექმნილი.

„პოლიტიკურმა რეპრესიებმა მწვავე ხასიათი მიიღო შეურიგებელი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ის, რაც ჩემი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდა, ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური დევნაა. ოჯახის წევრების მძევლად აყვანა სცილდება ყველა დასაშვებ ზღვარს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკა ბესელიამ, რომლის გარდა, უცხოელ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაში აკაკი ასათიანი, კახა კუკავა, თინათინ ხიდაშელი და ნინო ბურჯანაძე მონაწილეობდნენ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საელჩოების წარმომადგენლებს პოლიტიკური ტერორის დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

ნინო ბურჯანაძე: „პოლიტიკურ პარტიებზე ფიზიკური, სამართლებრივი და ფინანსური ზეწოლით ხორციელდება ტერორი. ხელისუფლება საკუთარი “PR”-ისთვის იყენებს ოპოზიციასთან დიალოგს და, სინამდვილეში, ცდილობს დაასუსტოს ოპოზიცია.“

ოპოზიციის ლიდერებმა უცხოელ დიპლომატებს იმ სასამართლო პროცესების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებშიც განსასჯელებად ოპოზიციის აქტივისტები არიან წარმოდგენილნი. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის, თქმით, სულ მალე მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება საქართველოს სასამართლოებში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება სათანადო ყურადღება დაუთმოს ოპოზიციის ბრალდებებს, გამოიძიოს ისინი და შესაბამისი დასკვნებიც გააკეთოს. საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანიც მიიჩნევს, რომ შეხვედრა, რომელიც თითქმის ორი საათი გაგრძელდა, უშედეგოდ არ ჩაივლის.

უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში. დეპუტატი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ საქართველოში არც პოლიტპატიმრები არიან და, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, არც პოლიტიკურ ლიდერებს დევნიან რაიმე სხვა ფორმით.

„ქალბატონ ბურჯანაძესთან მიმართებაში შემიძლია ვთქვა, რომ რეპრესიები მის მიმართ არ ხორციელდება. რაც შეეხება ეკა ბესელიას ძმის დაპატიმრებას, მიმდინარეობს გამოძიება; შვილი გაათავისუფლეს გირაოს გადახდის შემდეგ... ორივე შემთხვევაში მიმდინარეობს გამოძიება. საბოლოო განაჩენს, ცხადია, სასამართლო გამოიტანს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საფუძვლიანი მსჯელობა“, - უთხრა ეკა ხერხეულიძემ რადიო თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG