Accessibility links

logo-print

ცხინვალის რეგიონში ინციდენტების პრევენცია ვერ ხერხდება


იმ დროს, როცა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობდა, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში მეზობელი ოსური სოფლიდან, არცევიდან, შეიარაღებული პირები შევიდნენ და ვანო დოლიაშვილის კუთვნილი ტრაქტორის გატაცება სცადეს. დოლიაშვილმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, თავდამსხმელებმა კი ავტომატიდან ცეცხლი გახსნეს. დაჭრილი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ზურგის არეში რამდენიმე გამჭოლი ჭრილობა აქვს.

როგორც ჯარიაშნელები ამბობენ, სოფელი დაუცველია, ამიტომ ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას სთხოვენ.

ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფის მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა ცხინვალის ტელევიზიით განცხადება გააკეთა და ქართულ მხარეს საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული ორი ოსი მოქალაქის უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდა, - წინააღმდეგ შემთხვევაში, ადეკვატური ზომების გატარებით დაიმუქრა.

თავის მხრივ, ქართული მხარე მოითხოვს გაათავისუფლონ ახალგორში დაკავებული 6 ქართველი, რომლებიც ოსურმა მხარემ ხე-ტყის კონტრაბანდის ბრალდებით დააკავა. გუშინდელი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ პრობლემატურ თემებზე დიალოგი გაგრძელდება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალგორში დაკავებულ 6 ქართველს დღეს ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანენ. ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა კი, სავარაუდოდ, სამ კვირაში გაიმართება. გუშინ ერგნეთშივე გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ დროის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით შესაძლოა მხარეებმა დაკავებულები გაცვალონ.
XS
SM
MD
LG