Accessibility links

logo-print
მამაკაცის ყველაზე მაღალი და ყველაზე იშვიათი ხმა, კონტრტენორი, სიმაღლის ან ტესიტურის მიხედვით, სწორედ ქალის კონტრალტოს, მეცო-სოპრანოს და სოპრანოს შეესაბამება (ტერმინი ტესიტურა მელოდიაში დიაპაზონთან მიმართებაში ბგერების მაღლივ მდებარეობას აღნიშნავს). კონტრტენორის დიაპაზონი მცირე ოქტავის დო-დან მეორე ოქტავის მი-მდე ვრცელდება. ჟღერადობით მასთან ახლომდებარე ტენორ-ალტინო, ფაქტობრივად, ტენორის მაღალ რეგისტრს მოიცავს, მაშინ როდესაც კონტრტენორი მამაკაცის ალტს შეესატყვისება. დღემდე კონტრტენორებს, ფალცეტისტებს და კასტრატებს ერთმანეთში ურევენ ხოლმე. სინამდვილეში კი, ეს სრულიად განსხვავებული ხმებია: ფალცეტით სიმღერის დროს ხმის აპარატი ხელოვნურ რეჟიმში ფუნქციონირებს და დიდ დატვირთვას ვერ უძლებს - მომღერალი მალე იღლება. ფალცეტისტების ხმა, როგორც წესი, ხისტად და არაბუნებრივად ჟღერს. რაც შეეხება კონტრტენორებს, კასტრატებისგან განსხვავებით, ისინი, ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, სრულფასოვანი მამაკაცები არიან. მუსიკა, რომელსაც კონტრტენორები ასრულებენ, ძირითადად, ბაროკოს ეპოქაშია შექმნილი - ეს არის საეკლესიო ნაწარმოებები და კასტრატებისთვის დაწერილი საოპერო პარტიები. მას შემდეგ, რაც შეწყდა სასიმღერო კარიერის მიზნით ბიჭების მასობრივი კასტრაცია, ეს რეპერტუარი კონტრტენორებთან გადავიდა. სხვათა შორის, კასტრატის ზოგიერთი პარტია (მაგალითად, ჰენდელის ოპერებიდან) სხვა ხმებს - მეცო-სოპრანოებს და ბარიტონებს - გადაეცა. მეოცე საუკუნეში ინგლისელმა კონტრტენორმა ალფრედ დელერმა ააღორძინა ბაროკოს ეპოქის ხელოვნება. ამჟამად ამ დიაპაზონის ხმის მქონე გამოჩენილი მომღერლების სია სამ ათეულამდე გვარს მოიცავს, თუმცა დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელი ფრანგმა ფილიპ ჟარუსკიმ მოიხვეჭა. თავის საშემსრულებლო ხელოვნებაში ჟარუსკი უპირატესობას მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეების მუსიკას ანიჭებს. მისი საყვარელი კომპოზიტორები მონტევერდი, პერგოლეზი, ვივალდი და ჰენდელი არიან.

ფილიპ ჟარუსკი საფრანგეთის ქალაქ მეზონ ლაფიტში დაიბადა 1978 წლის 13 თებერვალს. ბავშვობაში ჯერ ვიოლინოზე, შემდეგ კი ფორტეპიანოზე დაკვრას ეუფლებოდა. პარიზის კონსერვატორიაში ის სწავლობდა ძველებური მუსიკის განყოფილებაზე, რომელიც, მევიოლინის დიპლომით, წარჩინებით დაამთავრა. თითქმის იმავე დროს პირველი ადგილი აიღო ვერსალის მევიოლინეთა კონკურსზე. თვრამეტი წლის ასაკში ფილიპი სოპრანო ნიკოლ ფალიენთან ვოკალში მეცადინეობას შეუდგა. უკვე სამი წლის შემდეგ ორ ფესტივალზე, ერთმანეთის მიყოლებით, ახალგაზრდა კონტრტენორის დებიუტი შედგა სკარლატის ორატორიაში ”სედეკია, იერუსალიმის მეფე”. მოგვიანებით ჟარუსკიმ მონაწილეობა მიიღო კომპაქტ დისკზე კლაუდიო მონტევერდის საოპერო ტრილოგიის ჩაწერაში - ტრილოგიისა, რომელსაც ჟან-კლოდ მალგუარმა უდირიჟორა. გარდა ამისა, მომღერალმა იმღერა პარტიები ვივალდისა და ჰენდელის ოპერებში, პერგოლეზისა და ბასანის ორატორიებსა და მოტეტებში.

ფილიპ ჟარუსკის პირველმა სოლო დისკმა, რომელიც ბენედეტო ფერარის მიეძღვნა, მრავალი ჯილდო დაიმსახურა - ჩამონათვალში შედის პრესტიჟული პრემიები: ”აღმოჩენების დიაპაზონი”, ”რეპერტუარი”, ”საერთაშორისო ოპერის პლატინის ხმა”, შარლ კროს აკადემიის პრემია. მეორე დისკზე მომღერალმა ვივალდის საალტო კანტატები იმღერა - ამ გამოცემამ მუსიკის მოყვარულთა და კრიტიკოსთა აღტაცება გამოიწვია. დღესდღეობით ჟარუსკი კონცერტებს მართავს ევროპის ცნობილ საოპერო და საკონცერტო დარბაზებში. 2003 წელს მან შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი ჰენდელის ოპერა ”აგრიპინას” ეკრანიზაციაში.

შესანიშნავი გარეგნობა და ფანტასტიური მომხიბვლელობა ხელს უწყობს მომღერლის პოპულარობას მუსიკალურ სამყაროში. შარშანწინ მან საფრანგეთის პრესტიჟულ კონკურსზე ”წლის მომღერალი” პირველი პრემია მოიპოვა. დაბოლოს, რარიგ პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს, ძველებური მუსიკის ცნობილი შემსრულებლის საყვარელი კომპოზიტორია შოსტაკოვიჩი, ხოლო საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოები - მილან კუნდერას რომანი ”ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე”.
XS
SM
MD
LG