Accessibility links

logo-print
სულ ახლახან გამომცემლობა „სიესტამ“ 2 000 ტირაჟით გამოსცა იოსებ გრიშაშვილის რარიტეტად ქცეული მონოგრაფია „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“. თბილისის შესახებ დაწერილმა ამ მნიშვნელოვანმა ლიტერატურულ-ისტორიულმა გამოკვლევამ პირველად დღის სინათლე ოთხმოცი წლის წინ იხილა. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ სახელგამის მიერ 1927 წელს გამოცემული 5 ათასი ეგზემპლარიდან დღემდე თითო-ოროლა თუღა შემორჩა. დანაკლისის შესავსებად „სიესტამ“, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ორიგინალის ზუსტი ასლის გამოცემა გადაწყვიტა. რატომ არ მოხვდა ახალი გამოცემა სავაჭრო ქსელში და რა კვალი დაამჩნია ქართულ კულტურას „ძველი ტფილისის ლიტერატურულმა ბოჰემამ“?

იოსებ გრიშაშვილი
იოსებ გრიშაშვილი საკუთარ ლექსებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინტონაციით კითხულობდა: ბოლო მარცვალს აგრძელებდა და წამღერებით წარმოთქვამდა. პოეტმა „ძველი ტფილისის ლიტერტარულ ბოჰემას“ ერთგვარი ესთეტიური მოგზაურობა უწოდა. „მინდა თვალწინ გადაგიშალოთ უცნობი კუთხე და დავიწყებული სათავე იმ თვალჭრელი ნაკადულისა, რომელსაც „ქალაქური ხალხური პოეზია“ დავარქვით და რომელიც შეუმჩნევლად იფარება აკადემიური მწერლობის მღელვალე ტალღებში“, წერდა პოეტი, რომლის მცდელობა მოგზაურობისა, თუ მწერალ ზურაბ ქარუმიძეს დავესესხებით, იშვიათი წარმატებით დასრულდა:

„ძველ თბილისთან დაკავშირებული ტექსტები რომ ავიღოთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტია. მსგავსი მნიშვნელობის არც კი მეგულება.“

შესაბამისად, „ძველი თბილისის ლიტერატურულ ბოჰემას“ მკითხველი და დამფასებელი არც არასოდეს მოჰკლებია, თუმცა ცნობილი ბიბლიოფილი, პროფესორი ზურაბ კიკნაძე ამბობს, რომ რარიტეტად იქცა პირველი, 1927 წლის, გამოცემა, რომელსაც, მისი თქმით, სულ სხვა ხიბლი ჰქონდა:

„ეს წიგნი გამოვიდა გრიშაშვილის მრავალტომეულშიც, მაგრამ სრულიად უსახური იყო, მე იმას ხელი ვერ მოვკიდე...“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ კიკნაძემ. „ეს კი არის ისეთი, როგორიც მის სიცოცხლეში, 1927 წელს, გამოიცა. პოლიგრაფიულად, ყოველმხრივ შესანიშნავია. ესაა დიდი პატივისცემა ავტორისადმი და მერე საზოგადოებისათვის ეს ახალი აღმოჩენაა. მგონი, ყველას უნდა ჰქონდეს ეს წიგნი.“

ძველ თბილისთან დაკავშირებული ტექსტები რომ ავიღოთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტია.
ზურაბ კიკნაძის სურვილი, ყველას ჰქონდეს „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემის“ ტომი საკუთარ ბიბლოთეკაში, როგორც ჩანს, ჯერ ვერ ასრულდება. „სიესტას“ დამფუძნებელი ქეთი კიღურაძე ამბობს, რომ ასლის ტირაჟი შეზღუდულია, ორი ათას ეგზემპლარს არ აღემატება და თან არცაა გამოტანილი გასაყიდად:

„ძალიან ბევრს აქვს წიგნის შეძენის სურვილი, ბევრი მიკავშირდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არის გაყიდვაში. იყო სურვილი, რომ გაყიდულიყო ისეთი ტირაჟით, რომელიც დააკმაყოფილებდა მოთხოვნას. ჯერჯერობით ეს საკითხი შეჩერებულია, მაგრამ სექტემბრიდან ვაპირებთ კულტურის სამინისტროსთან მოლაპარაკების განახლებას.“

ზურაბ კიკნაძე
ქეთი კიღურაძის თქმით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ თითქმის მთელი ახალი გამოცემა ბიბლიოთეკებსა და საჯარო სკოლებში დაარიგა. მინისტრი ნიკა რურუა ამბობს, რომ „ძველი ტფილისის ლიტერეტურულ ბოჰემასთან“ დაკავშირებით განათლებისა და კულტურის სამინისტროების ინტერესი მხოლოდ ბიბლიოთეკების შევსებით არ შემოიფარგლება:

„ ეს წიგნი გახდება პროგრამის ნაწილი ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის სკოლებში, იქნება კლასგარეშე აუცილებელი საკითხავი, საიდანაც ჩვენი შვილები შეიტყობენ, როგორი იყო დედაქალაქი, როგორი იყო მისი ნამდვილი სახე, როგორი იყო მისი ადათ-წესები. წიგნი გამოცემულია ორიგინალური სახით, ეს არის რეპრინტი, ზუსტად ისეთი, როგორიც იყო“, - განაცხადა ნიკა რურუამ გამოცემის პრეზენტაციაზე.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წიგნის გამოსაცემად საავტორო უფლება იოსებ გრიშაშვილის დისშვილისა და ბიბლოთეკა-მუზეუმის დირექტორის, ნოდარ გრიგორაშვილისგან შეიძინა. ბატონ ნოდარს რადიო თავისუფლება ძველი თბილისის კოლორიტულ უბანში, ხარფუხში, ესტუმრა. მისი თქმით, ბიბლიოთეკა-მუზეუმში 45 ათასამდე წიგნი, 20 ათასამდე გაზეთი და თბილისის ისტორიასთან დაკავშირებული 30 ათასზე მეტი სხვა ნივთი ინახება. უნიკალურ წიგნებთან ერთად მუზეუმში გამოფენილია მუსიკალურ საკრავთა მდიდარი კოლექცია: დუდუკი, ზურნა, ჭიანური, თარი, საზი, დაირა, დიპლიპიტო და სხვა, რომელთა ჰანგებით გაჯერებული იყო მე-19 საუკუნის ბოჰემური ცხოვრება.

„ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“ ოთხი ნაწილისგან შედგება. პირველ, ძირითად, ნაწილში ასახულია „ქალაქური პოეზიის“ მაშინდელი ვარსკვლავების - გივიშვილის, სკანდარნოვას, იეთიმ-გურჯის, ბეჩარასა და ჰაზირას - შემოქმედება,
მე-19 საუკუნის კულტურული გარემო, დღეობები, ყარაგიოზას თეატრი. ნოდარ გრიგორაშვილის თქმით, „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“ იოსებ გრიშაშვილის ორი დიდი ვნება - პოეზია და თბილისი - გადაიკვეთა:
„თავი მოუყარა ისტორიულ მასალას, ბევრ ისეთ დოკუმენტს მიაკვლია, რომელიც არსად არ იყო ასახული. გამოიკვლია თბილისის წარსული და გამოსცა ასეთი უნიკალური ნაშრომი - „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“, რომელიც მკვლევრებისათვის, ძველი თბილისის მოყვარულთათვის არის სამაგიდო წიგნი.“

ნოდარ გროგორაშვილი
თუმცა სამაგიდო წიგნად „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემას“ მხოლოდ ისტორიკოსები როდი მიიჩნევენ. იოსებ გრიშაშვილის ამ მონოგრაფიით ძველი თბილისი ჯერ კიდევ საბჭოთა ნაციონალიზმის პერიოდში იქცა ნოსტალგიის საგნად. მწერალ ზურაბ ქარუმიძის თქმით, დაიწყო ძველი ქალაქის როგორც არქიტექტურული, ასევე თეატრალური, ფერწერული, საესტრადო, ქორეოგრაფიული და ლიტერატურული რეკონსტრუქცია.

ზურაბ ქარუმიძე: „ეგზოტიკა, ლექსიკა, ცეკვა, მუსიკა... - ყველაფერი ეს მაგ წიგნის გავლენით არის ჩამოყალიბებული. რაც შეეხება თანამედროვე ავტორებს, აკა მორჩილაძეს რომ წაიკითხავთ, იგივე პირველ მადათოვს, იქ პირდაპირ ჩანს „ლიტერატურული ბოჰემიდან“ აღებული პოეტები: გივიშვილი, სკანდარნოვა და მთელი ძველი თბილისი, წარმოდგენილი გრიშაშვილის წიგნის გავლენით; ჩემს „ღვინომუქ ზღვაშიც“ ძველი თბილისი ინტენსიურად არის წარმოდგენილი და მეც ბევრი რამ გავიგე და ავიღე გრიშაშვილის წიგნიდან.“

რაც შეეხება იოსებ გრიშაშვილს, როგორც პოეტს,ზურაბ ქარუმიძე მიიჩნევს, რომ გამორჩეულად კარგია პოეტის 20-იანი წლების შემოქმედება:

„მე მგონი, მშვენიერი პოეზია აქვს. არ ვლაპარაკობ იმაზე, რას უძღვნიდა სტალინსა და ბერიას. ეს, რასაკვირველია, აბსოლუტურად კონიუნქტურული პოეზიაა, მგარამ 20-იანი წლების პოეზია და, საერთოდ, ლირიკა, რომელიც ძალიან საინტერესოა და რომელშიც დასავლური (ფრანგი და რუსი სიმბოლისტების) გავლენაც იგრძნობა და აღმოსავლური ესთეტიკაც, ეს კაცი აერთიანებდა ორივეს თავის თავში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ქარუმიძემ.
XS
SM
MD
LG