Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამხედრო ძალების უდრეკი კარჩაკეტილობა


გასულ კვირაში საქართველო-თურქეთის საზღვრის ერთ-ერთ საგუშაგოზე მომხდარი მასობრივი მკვლელობა სამხედრო ძალების არსებობის ისტორიაში უპრეცედენტოა. 2 სექტემბერს ადიგენის სასაზღვრო პუნქტზე ერთმა სამხედრო მოსამსახურემ სამი თანამებრძოლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. საგუშაგოზე მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოების წინაშე ბევრი საჭირბოროტო კითხვა წამოჭრა - სამხედრო დისციპლინასთან, იარაღიანი ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და პირადი შემადგენლობის კონტროლთან დაკავშირებით.

თუმცა მოქალაქეების მიერ დაფინანსებული სამხედრო სტრუქტურები ჯერჯერობით არ არიან მზად საზოგადოებასთან ერთად იმსჯელონ და იზრუნონ მწვავე პრობლემების მოგვარებაზე. საქართველოში იერარქიული დაწესებულების კარი მოქალაქეებისათვის მხოლოდ ზეიმისა და პიარ-აქციების დროს და ისიც ძალიან მცირე ხნით იღება ხოლმე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალი და თავისუფლება” სამხედრო მოსამსახურეთა უფლებებს 10 წელიწადზე მეტია იცავს საქართველოში. ორგანიზაციის კვლევებში დაფიქსირებულია არასაწესდებო ურთიერთობები, უბედური შემთხვევები, ჯარისკაცთა არაერთი თვითმკვლელობა და მკვლელობა, თუმცა ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვერ იხსენებს შემთხვევას, რომ სამხედრო ნაწილში ერთბაშად სამი ჯარისკაცი მოეკლათ:

“არა, ასეთი მასშტაბური, რომ ერთს სამი მოეკლა, მე ნამდვილად არ მახსენდება. ადრე ერთ მსგავს ინციდენტს ჰქონდა ადგილი აზერბაიჯანის საზღვარზე, აზერბაიჯანელ და ქართველ მესაზღვრეებს შორის. მაგრამ ასეთი რამ, რომ ერთს სამივე მოეკლას – მე არ მახსენდება.”


მკვლელობა, რომელიც განზოგადებას საჭიროებს

შემთხვევა, რომელზეც ირაკლი სესიაშვილი საუბრობს, ადიგენის რაიონში 2 სექტემბერს მოხდა. გამთენიისას სასაზღვრო პოლიციის ახალციხის პოსტზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს სასაზღვრო პოლიციის სამი თანამშრომელი. მკვლელობაში ეჭვმიტანილია მათივე თანამებრძოლი.

“2 სექტემბერს, გამთენიისას, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, ადიგენის გამშვები პუნქტის, “ირმისჭალის”, პირველ საგუშაგოზე სამი ჯარისკაცის ცხედარი იქნა აღმოჩენილი. ხვიჩა ბარამიძე, არსენ შაინიძე და შოთა ასანიძე ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოკლული. სამივე მათგანი უკნიდან ნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. ეჭვმიტანილია ასევე სასაზღვრო ნაწილის ჯარისკაცი ლევან გაბაშვილი”, - იუწყებოდა ამ მკვლელობის შესახებ მაია იველაშვილი, რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, ახალციხიდან.

ამ მკვლელობის შესახებ ოფიციალური არხებით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გამოძიება, ძირითადად, განიხილავს ვერსიას - “მკვლელობა, შურისძიების მოტივით.”

მაგრამ რა ისეთი შური და ბოღმა უნდა ჰქონდეთ თანამებრძოლებს, რომ ერთმანეთი სასიკვდილოდ გაიმეტონ? თანაც, ასეთ შურისძიებამდე ადამიანი მიჰყავს გარკვეულ ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ კონტექსტს, რომელსაც სამხედრო სტრუქტურის შიგნით ყოველთვის ჰყავს ხოლმე მოწმე და თვითმხილველი. იცოდა თუ არა საგუშაგოს ხელმძღვანელობამ რაზმის წევრებს შორის არსებული დაძაბულობის შესახებ და რა ზომები გაატარა დანაშაულის პროფილაქტიკისათვის? ამ შეკითხვების ირგვლივ სასაზღვრო პოლიცია აწარმოებს შიდა მოკვლევას და პრობლემის საკუთარი კედლებიდან გატანას არ აპირებს. ასეთი კარჩაკეტილობა სამხედო იერარქიული სტრუქტურების ნაცნობი ხელწერაა. თუმცა ჯარისკაცთა უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ სასაზღვრო საგუშაგოზე მომხდარი საზარელი მკვლელობა დამაფიქრებელია და ერთობლივი მსჯელობის საგნად უნდა იქცეს - მით უფრო მაშინ, როცა შარშანდელი აგვისტოს ომი მტკივნეულად შეეხო ბევრ სამხედრო პირს, რომელთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისათვის სახელმწიფო მზად არ აღმოჩნდა, - ამბობს ორგანიზაცია “სამართალი და თავისუფლების” ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი.

“ფაქტობრივად, აღმზრდელობითი სამუშაოები არ მიმდინარეობს. ფსიქოლოგთა შტატები გაუქმებულია და ფსიქოლოგები აღარ მუშაობენ. ჯამში, აქ მთელი რიგი სამუშაოებია გასატარებელი, მით უმეტეს, თუკი ამ ფსიქოლოგებს ასევე იმ კუთხით გამოვიყენებთ, რომ ჯარმა ომში მარცხი განიცადა და, ცხადია, ეს ქვეცნობიერი აგრესიაც თავს იჩენს.”


აქვს თუ არა მედალს მეორე მხარე?

საქართველოს სამხედრო ძალების ხელმძღვანელებად ერთმანეთს სამოქალაქო პირები ენაცვლებიან. ზოგიერთ მათგანს - მაგალითად, ყოფილ თავდაცვის მინისტრებს გელა ბეჟუაშვილს, გიორგი ბარამიძეს და დავით სიხარულიძეს - პარლამენტარობის გამოცდილებაც ჰქონდა, არასამთავრობო სექტორშიც უმუშავია და დიპლომატიურ სამსახურშიც, მაგრამ სამხედრო უწყებაში სამოქალაქო ცნობიერების შეტანა ვერ მოხერხდა. ვერ მოხერხდა ქართველი სამხედრო მოსამსახურის ჩამოყალიბება, როგორც სემუელ ჰანტინგტონი წერდა, “მოქალაქედ სამხედრო ფორმაში”. და ეს მეტ-ნაკლებად ეხება სამხედრო ძალების ყველა სტრუქტურას. თუმცა ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ამ იერარქიულ უწყებებს შორის ყველაზე კარჩაკეტილ და გაუმჭვირვალე სტრუქტურად რჩება თავდაცვის სამინისტრო, რომლის რეფორმირებისთვის დასავლეთის სახელმწიფოებმა არაერთი მილიონი დოლარი დახარჯეს. თანაც, როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” კვლევამ აჩვენა, თავდაცვის სამინისტრო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ვერც ერთ პროცედურას ვერ აკმაყოფილებს, სამხედრო უწყებაში მისულ მოქალაქეებს კი სულ მცირე უზუსტობის გამო უარს ეუბნებიან განცხადების მიღებაზეც კი:

“განცხადებაზე ძალიან ფორმალურ პასუხს იძლევიან, კანონის რომელიღაც მუხლის რომელიღაც პუნქტებს იშველიებენ და, უზუსტობის გამო, განცხადების მიღებაზე უარს ამბობენ, ნაცვლად იმისა, რომ დაეხმარონ მოქალაქეს აღმოფხვრას ხარვეზები, როგორც ამას ფინანსთა და განათლების სამინისტროს სარეგისტრაციო განყოფილებებში აკეთებენ.”

თუკი ასეთი კარჩაკეტილი იყო სამხედრო უწყება დავით სიხარულიძის დროს, რა გარანტიაა, რომ იგი უფრო უარესი არ გახდება ბაჩო ახალაიას დროს, რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისეთი ამოცანების გადაჭრა დააკისრა, რომ, წესით, მთელი უწყება ყაზარმულ მდგომარეობაზე უნდა გადაიყვანოს?

სალომე მახარაძე, თავდაცვის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ახალი უფროსი, ამბობს, რომ ერთი თვის ვადაში უნდა შეიქმნას გეგმა, რომელიც სამხედრო უწყებიდან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გააიოლებს არა მხოლოდ ჟურნალისტებისათვის, არამედ უბრალო მოქალაქეებისთვისაც:

“ერთი თვის შემდეგ ჩვენ გვექნება პრეტენზია ყოველი დღის ბოლოს, რომ ჩვენ მაქსიმალურად კარგად ვმუშაობთ.”

ეს ერთი თვე მალე გავა. ისევე როგორც ძალიან სწრაფად გაირბინა ერთმა წელიწადმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული დემოკრატიის მეორე ტალღიდან, რომელსაც, თუკი “ფრიდომ ჰაუსის” ბოლო გამოკვლევას გავიხსენებთ, არაფრით გაუუმჯობესებია ქვეყანაში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG