Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარგი სიმღერა, ცოცხალი შესრულებით


გასულ კვირაში ბათუმის ახალი ბულვარი - უფრო სწორად, ათას ორასი მეტრით გაზრდილი ძველი ბულვარი - საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. გვითხრეს, რომ ზღვისპირა პარკი ახალ ბულვარზე ესპანელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს... და ყველაფერი ეს - პარკი, მინის ხიდები, ამფითეატრი - ბათუმის მერიას 26 მილიონი ლარი დაუჯდა. პრეზიდენტი ასეთი ბულვარის გახსნის შანსს არ გამოტოვებდა. ერთხელ ხომ გვითხრა, ბათუმი ბარსელონაზე ლამაზი ქალაქი გახდებაო... მაშინ არ დააკონკრეტა, რატომ მაინცდამაინც ”ბარსელონა” და არა, მაგალითად, თურქეთის რომელიმე შავიზღვისპირა ქალაქი - მათთვის დამახასიათებელი ბულვარებითა და საჩაიეებით. არადა, ბუნებრივი შედარება იქნებოდა, თუკი გავითვალისწინებთ, რაოდენ გაიზარდა აჭარაში სწორედაც რომ თურქეთის ინვესტიციების რიცხვი... მაგრამ არა - ესპანეთი, თავისი ბარსელონათი, საფრანგეთი, თავისი ნიცით, უფრო მომხიბვლელი ეგზოტიკაა, საოცნებო მხარე საქართველოსა და მისი პრეზიდენტისთვის... და იმისთვის, რომ ოცნება ოდნავ მაინც დაუახლოვდეს რეალობას, ბათუმის ახალი ბულვარის ასაშენებლად ესპანელი არქიტექტორები ჩამოჰყავთ (ვერ გეტყვით, რამდენად ავტორიტეტულია არქიტექტორთა ეს ჯგუფი მსოფლიოში... და, თუნდაც, ესპანეთში), ბულვარის გახსნაზე კი, საზეიმო კონცერტში მონაწილეობის მისაღებად, არა ესპანელი, მაგრამ პირველად, ფაქტობრივად, სწორედ ესპანეთში აღიარებული ქართველი დივა - ნინო სურგულაძე ჩამოჰყავთ.

შეიძლება ორი ნინოს - ნინო ქათამაძისა და ნინო სურგულაძის - კონცერტი ბათუმის ახალი ბულვარის სცენაზე, კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცა „რუსთავი 2-მა“, სულაც არ ჩაგვეთვალა მნიშვნელოვან მოვლენად ამ კვირის კულტურულ ცხოვრებაში: მასობრივ კონცერტებზე, რომელზეც დასწრება უფასოა, მუსიკოსები მაინცდამაინც ”არ იხარჯებიან” ხოლმე... არსებითად ასე იყო 31 აგვისტოსაც, ბათუმის ბულვარის გახსნაზე; დასაწყისში პუბლიკა თან უსმენდა, თან სეირნობდა; ბულვარს ათვალიერებდა, ატრაქციონებით თავს იქცევდა, ბავშვებს ეთამაშებოდა... არა ესტრადის რომელიღაც იაფფასიანი ვარსკვლავების, არამედ სერიოზული მუსიკოსების, კარგი მუსიკოსების - ნინო ქათამაძისა და ნინო სურგულაძის - სიმღერის ფონზე... პუბლიკა რევაზ ლაღიძის ”საჭიდაოს” დაკვრაზე რომ გამოცოცხლდებოდა (თბილისის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით), ეს ისედაც ცხადი იყო. მაგრამ - და სწორედ ესაა ორივე ნინოს, ქათამაძისა და სურგულაძის, ღირსება - მომღერლებმა მაინც შეძლეს ამ ხმაურიანი პუბლიკის ყურადღების მიპყრობა.

ბულვარის გახსნამდე, 21 აგვისტოს, ნინო ქათამაძემ სოლო-კონცერტი გამართა ბათუმში. იქ, კლუბ ”ტარაბუაში”, ძირითადად, მისმა თაყვანისმცემლებმა მოიყარეს თავი. ნინო ქათამაძე კლუბის მომღერალია - ვიწრო აუდიტორიაში სიმღერა ყოველთვის უკეთ გამოსდის... მაგრამ 31 აგვისტოს ახალი ბულვარის ღია სცენაზე შესრულებული რამდენიმე სიმღერის მოსმენით, ალბათ, დარწმუნდებოდით, რომ ქათამაძეს უფრო მოზრდილ აუდიტორიასთან ურთიერთობაც შეუძლია... უფრო მეტიც - მისი მანიპულაცია... იმღერებს თავის ჰიტს, რომლის შესრულება, შეიძლება მობეზრდა კიდეც... მაგრამ იმღერებს ისე, როგორც ამ წუთს, ამ სიტუაციას უხდება. ესაა ცოცხლად შესრულებული სიმღერის მომხიბვლელობა..და ამას ყოველთვის აფასებს პუბლიკა...როგორი მუსიკალურიც არ უნდა იყოს და როგორი პრეტენზიებიც არ უნდა ჰქონდეს.

მეორე ნინოს - სურგულაძეს, ავსტრიიდან ბათუმში, ამ კონცერტზე საგანგებოდ ჩამოსულ მეცო-სოპრანოს, წესით, კიდევ უფრო უნდა გასჭირვებოდა ახალ ბულვარზე დასასვენებლად და გასართობად შეგროვილი მსმენელის ყურადღების მიპყრობა. მაგრამ ნინო სურგულაძეს თავისი კოლეგების უმრავლესობისგან ხომ, ასე ვთქვათ, ”მოჭარბებული არტისტიზმი”, თუ გნებავთ, ”სიკეკლუცე” განასხვავებს. თავის დროზე, ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს, როცა ნელი ნენოვასა და გენო წულაიას ფილმში, „მეტიჩარაში“, ითამაშა, მერე კი, 1993 წელს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ, მთავარი როლი შეასრულა ლანა ღოღობერიძის სურათში ”ვალსი პეჩორაზე”, ნინო სურგულაძეს კინოვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ ნინომ მომღერლის გზა აირჩია: დაახლოებით ათი წლის წინ ჯერ ტულუზის ვოკალისტთა კონკურსის, შემდეგ ფრანსისკო ვინიასის კონკურსის ლაურეატი გახდა. სწორედ ესპანეთში, ვინიასის კონკურსზე გამოსვლის შემდეგ, გაამახვილეს ყურადღება ნინოს არტისტულობაზე, რაც, სხვათა შორის, არა მარტო თამაშით, არამედ ხმით გამოიხატება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბათუმში ნინო სურგულაძემ პოპულარული არიები შეასრულა. ნინო ისედაც ფრანგულ და იტალიურ რეპერტუარს ანიჭებს უპირატესობას, ამიტომ ”პოპარიის” შერჩევა პუბლიკის გასართობად მისთვის პრობლემა არ უნდა ყოფილიყო... აღმოჩნდა, რომ არც იმპროვიზაცია ყოფილა პრობლემა. ვფიქრობ, იმ ხალხმაც კი, ვინც საოპერო არია ცოცხალი შესრულებით პირველად მოისმინა, ძალიან დიდი სიამოვნება მიიღო.

ბათუმში ჩატარებული ამ კონცერტის წარმატება ერთი უბრალო მიზეზით აიხსნება: საქართველოში ცოცხალი სიმღერა მოენატრათ. სხვათა შორის, დასვენების სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება...არაა გამორიცხული, ბათუმში ნინო ქათამაძესა და ნინო სურგულაძეს სხვებმაც მიჰბაძონ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG