Accessibility links

logo-print

კადაფი ხელისუფლებაში მოსვლის მეორმოცე წლისთავს ზეიმობს


ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი მიმდინარე კვირაში ”დიდი პირველი სექტემბრის” მეორმოცე წლისთავს ზეიმობს - დღის, რომელმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა. ტრიპოლიში ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაშია დაგეგმილი. იუბილე დაემთხვა პერიოდს, როდესაც ლიბიამ დასავლეთსა და ნავთობის საერთაშორისო კომპანიებს კვლავ კარი გაუხსნა და ისინიც ერთმანეთს ასწრებენ იქ ინვესტიციების ჩასადებად შესვლას, მიუხედავად იმისა, რომ კადაფის, როგორც მმართველს, არცთუ სახარბიელო რეპუტაცია აქვს.

არაბულ სამყაროს არაერთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი არაეფექტიან, სტატიკურ რეჟიმს დაუპირისპირდა და ხელისუფლებაში გადატრიალების გზით მოვიდა.

მაგრამ ხელისუფლებაში დარჩენა ცოტამ თუ შეძლო ისე დიდი ხნის განმავლობაში, როგორც მუამარ კადაფიმ.

ეგვიპტეში გამალ აბდელ ნასერი ქვეყანას 14 წლის განმავლობაში მართავდა და, ბოლოს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ერაყის ლიდერი სადამ ჰუსეინი 27 წლის განმავლობაში იყო პრეზიდენტი - ის, ბოლოს, ხელისუფლებიდან ჩამოაგდეს და ჩამოახრჩვეს.

სირიელი ჰაფეზ ალ-ასადი თავის ქვეყანას 29 წლის განმავლობაში მართავდა, სანამ ისიც გულმა არ იმსხვერპლა.

მუამარ კადაფი კი ოთხი ათწლეულის განმავლობაში არის ხელისუფლების სათავეში, რაც მას მისი თაობის ყველაზე სტაჟიან ლიდერად აქცევს.

ეს უმნიშვნელო მიღწევა არ არის, თუკი გავითვალისწინებთ, რომ არაბული პოლიტიკის მშფოთვარე სამყაროში ძალიან რთულია ხელისუფლების ასე დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნება.

რობერტ ლოუ, ლონდონში მცხოვრები ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი, ამბობს, რომ კადაფის პოზიციები ამ ხნის განმავლობაში არ დასუსტებულა:

”იმის მიუხედავად, რომ მისი გარკვეული ექსცენტრიული მახასიათებლები - ჩაცმულობა, ბედუინის კარავი, მხოლოდ ქალებისგან შემდგარი პირადი დაცვა - თვალშისაცემად და ცოტა გიჟურად გამოიყურება, როგორც ჩანს, ის მაინც ძალიან გონიერი, ფრთხილი პოლიტიკოსია. მან 27 წლის ასაკში გადატრიალება მოახდინა, შემდეგ კი სრულიად ახალი პოლიტიკური სისტემა შექმნა, რომლითაც მტკიცე ხელით მართავს ლიბიას უკვე 40 წელია - ეს ყველაფერი სწორედ მის ოსტატობაზე მიუთითებს. როგორც ჩანს, მისი ძალაუფლება დღეს ისევე მტკიცეა, როგორც ყოველთვის იყო. ლიბიაში პოლიტიკური სივრცე არ შემსუბუქებულა - ნებისმიერი, თუნდაც ძალიან რბილი, კრიტიკის გამოთქმა კვლავაც შეუძლებლად რჩება, რომ აღარაფერი ვთქვათ ოპოზიციურ პოლიტიკურ შეხედულებებზე.”

კადაფი თავის მიღწევებს მთელი მიმდინარე კვირის განმავლობაში ზეიმობს. ღონისძიებები 1 სექტემბერს დაიწყო - იმ დღეს, როდესაც 40 წლის წინ მან თავისი ”დიდი რევოლუცია” დაიწყო.

ზეიმი სამსაათიანი შოუთი გაიხსნა, რომელიც, მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ჰგავდა. შოუში მონაწილეობა მიიღეს სამხედრო გუნდებმა, თვითმფრინავებმა, იყო ზათქი, 400 მოცეკვავე ლიბიის ისტორიულ სცენებს განასახიერებდა, მომღერლები რევოლუციურ სიმღერებს მღეროდნენ.

ამ ღონისძიებებს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს - ორი ძირითადი მიზეზის გამო.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ექსცენტრულობითა და სპონტანურობით ცნობილი კადაფის ქმედებების მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდი იყო.

27 წლის ასაკში, მეფე იდრის პირველის ხელისუფლებიდან ჩამოგდების შემდეგ, კადაფი მსოფლიოს წინაშე მრავალფეროვანი სახით წარდგა.

მან ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალე გაიხადა სამხედრო ფორმა და ასპარეზზე ჩალისფერ, ”საფარის” სტილის ტანსაცმელში გამოწყობილი, შავი სათვალით გამოჩნდა. მაშინ ბევრი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ, რეგიონის სხვა ბევრი მეფის მსგავსად, კადაფიც ერთგვარ ნარცის ლიდერად ჩამოყალიბდებოდა.

მაგრამ კადაფიმ სულ სხვანაირი იმიჯი შეიქმნა - მან ჩე-გევარასეული სულისკვეთება განავითარა და ანტიდასავლელ რევოლუციონერად იქცა. კაპიტნის რანგიდან მან თავი მხოლოდ პოლკოვნიკობამდე დაიწინაურა, იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის არმიას რეალურად ის ხელმძღვანელობს.

ამასთან, კადაფიმ სამტომიანი ”მწვანე წიგნი” დაწერა, რომელშიც ლიბიის საკონსტიტუციო წყობა გადააკეთა - რესპუბლიკიდან ქვეყანა იქცა წყობად, რომლის აღნიშვნასაც ახალი სიტყვის მოგონება - ”ჯამაჰირია” - დასჭირდა. ამ სიტყვის ზუსტი თარგმანი ”მასების სახელმწიფოა”, ანუ ”მთავრობა, რომელსაც მასები მართავენ.”

მთავარი თეორია, რომელსაც „ჯამაჰირია“ ეფუძნება, შემდეგია: ძალაუფლება ხალხს გადაეცემა მოქალაქეთა თვითმმართველობის კომიტეტების შექმნის გზით. ლოუს თქმით, აშკარაა, რომ კადაფიმ ამ თეორიაზე მართლაც ბევრი იმუშავა და ის მას შთამბეჭდავად იყენებს, მაგრამ რეალურად ძალაუფლება მაინც სახელმწიფოს მეთაურის ხელში რჩება კონცენტრირებული:

”ეს თეორია ძალიან საინტერესოა და კადაფის „მწვანე წიგნიც“ გონივრული,საინტერესო და, გარკვეულწილად, დამაინტრიგებელი ტექსტია. აშკარაა, რომ კადაფი თავს იმდენადვე მიიჩნევს ინტელექტუალად, პოლიტიკურ მოაზროვნედ, რამდენადაც ლიდერად. რასაკვირველია, რეალურად ეს სისტემა არც განვითარებულა და არც ეფექტიანად ამუშავებულა. ეს სახალხო კომიტეტები მართლა სახალხო კომიტეტები არ არის, ყველაფერი ცენტრალიზებული და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული რჩება. მაგრამ კადაფი ნამდვილად აცხადებს, რომ ლიბიას ხალხი მართავს და არა ის. მას მოსწონს, როცა თავს ისე წარმოაჩენს ხოლმე, თითქოს გადაწყვეტილების მიღებაში არ იღებდეს მონაწილეობას. რამდენჯერმე მართლაც იყო ისეთი შემთხვევა, როცა მან თითქმის უარი თქვა ძალაუფლებაზე - ან შეიძლება მხოლოდ თავი მოაჩვენა ასე. ის ამბობს, რომ არა აქვს ოფიციალური როლი, ოფიციალური ტიტული - უბრალოდ, ერის ლიდერია.

ეს ყველაფერი საინტერესო, მაგრამ მხოლოდ თეატრალური მახასიათებლები იქნებოდა, რომ არა მეორე ფაქტორი, რატომაც აინტერესებს კადაფი მსოფლიოს.

ეს მეორე ფაქტორი კი ლიბიის ნავთობია.

კადაფიმ ნავთობის სექტორი 1970 წელს მთავრობის მფლობელობაში მოაქცია. სხვა ნავთობის მწარმოებელი არაბული ქვეყნების მსგავსად, ამან საერთაშორისო კომპანიებს მნიშვნელოვანი წინაღობა შეუქმნა. მაგრამ კადაფი ამას არ დასჯერდა - მან ლიბია პრაქტიკულად აქცია თავშესაფრად ნებისმიერი რევოლუციური ჯგუფისათვის, რომელიც გამოაცხადებდა, რომ იმპერიალიზმს ებრძვის. მათ შორის ბევრს კადაფი ფინანსურადაც ეხმარებოდა.

კადაფი სწორედ ამან აქცია მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფიგურად. ამასთან, ბუნებრივია, ამ ნაბიჯმა ის დასავლეთთან დააპირისპირა - 1970-იან და 80-იან წლებში ტრიპოლის არაერთ ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობა დაბრალდა.

შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა, კადაფის ”ახლო აღმოსავლეთის ცოფიანი ძაღლი” უწოდა, და 1986 წელს ტრიპოლისა და ლიბიის მთავარ პორტ ბენღაზიზე საჰაერო იერიშის მიტანის ბრძანება გასცა. დაბომბვის შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ლიბიამ საპასუხო შეტევა განახორციელა და იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზას ორი რაკეტა ესროლა, რომლებიც ზღვაში ჩავარდა.

კავშირები დაძაბული დარჩა - 1988 წელს დასავლეთის მთავრობებმა ლიბია დაადანაშაულეს შოტლანდიაში, ლოკერბის დასახლების თავზე, თვითმფრინავის აფეთქებაში, რასაც 270 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ლიბიის როლზე საუბრობდნენ ასევე ნიგერიის თავზე 1989 წელს საფრანგეთის თვითმფრინავის აფეთქებაში,რამაც 174 ადამიანი იმსხვერპლა. 1990-იან წლებში დასავლეთში გამოთქვამდნენ შიშს, რომ ლიბია ატომურ იარაღზე მუშაობდა.

მაგრამ, მაშინ როდესაც შეერთებული შტატებისა და გაეროს სანქციების ქვეშ მყოფი ლიბია დასავლეთის თვალში ცალსახად მტრულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, კადაფიმ კიდევ ერთხელ გადაჭრით შეცვალა კურსი.

1999 წელს მან ბრიტანეთს ლოკერბის აფეთქებაში ეჭვმიტანილი ორი ლიბანელი გადასცა და შემდეგ თვალს ადევნებდა, როგორ ჩასვეს ციხეში ამ ორიდან ერთი, აბდელბასეტ ალი მოჰმედ ალ მეგრაჰი. ამასთან, ის დათანხმდა კომპენსაცია გადაეხადა ამერიკისა და საფრანგეთის თვითმფრინავების აფეთქებისას დახოცილი ხალხის ოჯახებისთვის.

2003 წელს მან უარი თქვა ბირთვულ პროგრამაზე და საერთაშორისო ინსპექტორებს უფლება მისცა თავად დარწმუნებულიყვნენ, რომ პროგრამა შეჩერდა.

ამ ნაბიჯებმა ლიბიას სრულიად სხვა მიმართულებით წასვლის შესაძლებლობა მისცა - დასავლეთიდან ინვესტიციები წამოვიდა, აღდგა დიპლომატიური კავშირები შეერთებულ შტატებთან. კადაფის კი შესაძლოა ამის გამო ძალაუფლებაში ყოფნის ვადა კიდევ უფრო გაუხანგრძლივდეს, მიუხედავად არცთუ დადებითი რეპუტაციისა შიდაპოლიტიკურ ასპარეზზე.

კადაფის მმართველობის ქვეშ ლიბიის ეკონომიკას დიდი ზარალი მიადგა სანქციების შედეგად - ისევე როგორც სოციალიზმის კადაფისეული, ცვალებადი ვერსიით, რომელიც კერძო ბიზნესის პერიოდულ აკრძალვას და ნავთობის ექსპორტის შეზღუდვას ითვალისწინებდა. ძალაუფლება - და, ბევრი ლიბიელის აზრით, ქვეყნის მთელი სიმდიდრე - რეჟიმის ხელში იყო კონცენტრირებული.

ლოუს აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ კადაფის შიდაპოლიტიკურ სფეროში არაფერი ემუქრებოდა, რთული დასადგენია, მაინც რამ გადააწყვეტინა მას დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება:

”რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება - ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ამაზე ზუსტი პასუხი არ გვაქვს. 90-იან წლებში ლიბიაზე გარკვეულ გავლენას ახდენდა სანქციები და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კადაფი და სხვა ლიბიელები ამით უკმაყოფილო იყვნენ. ეს მათ ეკონომიკურ პრობლემებს უქმნიდა და ისინი მიხვდნენ, რომ დასავლეთთან თანამშრომლობა უფრო მომგებიანი იქნებოდა. ასევე დასაშვებია, რომ კადაფიმ, უბრალოდ, გადაიფიქრა რასაც ის ხშირად სპონტანურად და, დიდწილად, უმიზეზოდ აკეთებს. მაგრამ, დასავლეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, ეს კარგად მუშაობს.

ხელისუფლებაში ყოფნის მეორმოცე წლისთავის აღნიშვნის მიზნით, კადაფიმ მსოფლიოს ბევრი ლიდერი დაპატიჟა - მათ შორის, დასავლეთის იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ, მათი ქვეყნების ნავთობის კომპანიები მალე დაბრუნდნენ ლიბიაში.

მაგრამ ღონისძიებებზე დასწრებას მხოლოდ რამდენიმე ლიდერი დასთანხმდა - ძირითადად, ისინი, ვისთანაც დასავლეთს კარგი ურთიერთობა არა აქვს - ვენესუელის, ზიმბაბვეს და სუდანის ლიდერები, მაგალითად. სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა იქ მხოლოდ თავიანთი წარმომადგენლები მიავლინეს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ, ურთიერთობის დათბობის მიუხედავად, კადაფი კვლავ, დიდწილად, კონფრონტაციულ დამოკიდებულებას ინარჩუნებს დასავლეთის მიმართ.

ტრიპოლიში მიმდინარე ზეიმის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შოტლანდიამ ლოკერბის აფეთქებაში ბრალდებული აბდელ ბასეტ ალ-მეგრაჰი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ალ-მეგრაჰი კიბოთი სასიკვდილოდაა ავად და მისი გათავისუფლება თანაგრძნობის მოტივით მოხდა. ლიბიის მთავრობა სამშობლოში დაბრუნებულ ალ-მეგრაჰის დიდი ზარ-ზეიმით დახვდა, რასაც დასავლეთში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. ალ-მეგრაჰის ხომ იქ ბევრი მკვლელად აღიქვამს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რობერტ გიბსმა, ალ-მეგრაჰის დახვედრის ცერემონიაზე ვაშინგტონის რეაქცია ასე გამოხატა:

”ლიბიაში გადაღებული კადრები აღმაშფოთებელი და შემაძრწუნებელია. ჩვენ კვლავ თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახებს, რომლებმაც ამ ტერორისტული მკვლელობის შედეგად წევრი დაკარგეს.”

ამდენად, კადაფის მიერ მოწყობილ ექსტრავაგანტურ საზეიმო ღონისძიებებს დასავლელი ლიდერები არ დაესწრებიან. მაგრამ ერთი რამ ცხადია: ზეიმის და წვეულების დამთავრების შემდეგ, ლიბიის მიმართ დასავლეთის ინტერესი მხოლოდ გაიზრდება.

ლიბიის ნავთობი და კადაფის სურვილი ითანამშრომლოს ყველაზე დიდი ინვესტიციების ჩამდებებთან ამ ინტერესს გარდაუვალს ხდის.
XS
SM
MD
LG