Accessibility links

logo-print
გასული წლის აგვისტოს ომის შედეგად, ყველაზე მეტად სოფელი ერგნეთი დაზარალდა - სახლების 95 პროცენტი დამწვარია. გაძარცული და დამწვარი ბინების მეპატრონეებს სახელმწიფომ 15–15 ათასი დოლარი დაურიგა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეზოებში პატარა კოტეჯები ჩაუდგეს. გადარჩენილი სახლების მეპატრონეები კი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. გია ჩლაიძის ბინას კარ–ფანჯარა დამტვრეული აქვს. გორსა და სხვა სოფლებში დაზიანებული სახლების მეპატრონეებს მთავრობამ ფანჯრებიც ჩაუსვა და კარებებიც გამოუცვალა, ჩლაიძეების ოჯახს კი, მიუხედავად არაერთი თხოვნისა, ამ დახმარებით არ უსარგებლია.

ამჟამად ერგნეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფელში არ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალიდან სროლა იშვიათად ისმის,ერგნეთელები სოფელში ბავშვების ჩაყვანას მაინც ერიდებიან. გარდა ამისა, სოფლის ინფრასტრუქტურა მთლიანად აღსადგენია - კოტეჯებში დენი არა აქვთ, სასმელი წყალი 3 დღეში ერთხელ მოდის.

გორის მუნიციპალიტეტის აპარატის უფროსი კახა ტოლიაშვილი აცხადებს, რომ მალე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყება და უყურადღებოდ არავინ დარჩება. მისი თქმით, დახმარებას ჩლაიძეების ოჯახიც მიიღებს.

14 სექტემბერს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება. ერგნეთის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, მაგრამ ერგნეთელების უმრავლესობას ვერ გადაუწყვეტია ბავშვები სოფლის სკოლაში მიიყვანოს თუ, უსაფრთხოების გარანტიების უქონლობის გამო, ისევ ქალაქში დატოვოს.
XS
SM
MD
LG