Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში შიდაპოლიტიკური დაძაბულობა მატულობს


ედუარდ კოკოითი (მარჯვნივ) და ალბერტ ჯუსოევი
ედუარდ კოკოითი (მარჯვნივ) და ალბერტ ჯუსოევი
როგორც ქართულ, ისე ზოგიერთ რუსულ მედიასაშუალებაში რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი 26 აგვისტოს კრემლში შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა სამთვიან შვებულებაში გაუშვა. კოკოითი რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ცხინვალში არ დასწრებია. იგი მოსკოვში იყო. დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში გამართულ ღონისძიებებს ახლახან დანიშნული პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში კოკოითი დუმილს არჩევდა. მან საპასუხო განცხადება რამდენიმე დღის წინ ცხინვალის ტელევიზიით გააკეთა და ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

დე ფაქტო რესპუბლიკის შიდაპოლიტიკური ვითარება რომ ყოველდღიურად იძაბება, ამის დასტურად ოპოზიციის ლიდერის ალბერტ ჯუსოევის ოსურ ინტერნეტგამოცემა „ირონთაიმსში“ გამოქვეყნებული ინტერვიუ გამოდგება. ჯუსოევი კოკოითისა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელების დაპირისპირებაზე საუბრობს, რაც დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ ძაუჯიყაუ–ცხინვალის გაზსადენის გახსნამდე კომპანიის კონტრაქტორი ფირმის, „სტროიპროგრესის“, სამშენებლო ტექნიკის დაკავებას უკავშირდება, გადასახადების დამალვის ბრალდებით. ამ ფირმის ხელმძღვანელი ალბერტ ჯუსოევია. იგი ზემოთ ნახსენებ ინტერვიუში აცხადებს, რომ „გაზპრომის“ მაღალჩინოსნები ცხინვალში ჩავიდნენ და მოკვლევა ჩაატარეს, მაგრამ დარღვევები ვერ აღმოაჩინეს, ამის შემდეგ კი კოკოითის დაკავებული ტექნიკის გათავისუფლება მოსთხოვეს. „გაზპრომის“ წარმომადგენელი ალექსეი ზავგოროდნევი კოკოითიმ უარით გაისტუმრა და იგი „სტროიპროგრესის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

26 აგვისტოს გაზსადენი კი გაიხსნა, მაგრამ ცხინვალს ბუნებრივი აირის მიწოდება მეორე დღესვე შეუწყდა. მიუხედავად იმისა, რომ „გაზპრომთან“ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ ხელშეკრულება ჯერ კიდევ 3 სექტემბერს გააფორმა, ამ დრომდე მილსადენში ბუნებრივი აირი არ არის. ჯუსოევი კოკოითის მეკობრეებს ადარებს და აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციამ, მისი კუთვნილი ტექნიკის ბანდიტური გატაცების გამო, სამხრეთ ოსეთში სპეცდანიშნულების რაზმი უნდა გაგზავნოს და კოკოითი და ის პირები, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო, ბორკილდადებული მოსკოვში ჩაიყვანოს.

მოსკოვში უკვე არსებობს ანტიკოკოითური კოალიცია, რომელიც ალბერტ ჯუსოევმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნა. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის აზრით, ჯუსოევის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია პრორუსული ძალაა და მათ კოკოითთან პირადი კონფლიქტი აქვთ. რადიო თავისუფლებასთან საუბარში სანაკოევმა აღნიშნა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერის მიმართ ოსურ საზოგადოებაშიც იზრდება უკმაყოფილება, რადგან იქ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ რეპრესიები მიმდინარეობს.

ჯუსოევს „გაზპრომში“ და, შესაბამისად, კრემლშიც მეგობრები მრავლად ჰყავს. დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ჯუსოევი მასობრივ გაყალბებაზე საუბრობდა, პირობა დადო, რომ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მალე მიაღწევდა. ჯუსოევი უკვე აქტიურ ქმედებებზე გადავიდა. მან რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს საქმის შესწავლის მოთხოვნით მიმართა. კოკოითიმ კი იგი, გადასახადების დამალვის ბრალდებით, ძებნილად გამოაცხადა. ცხინვალში ყველამ იცის, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მყოფ ჯუსოევს კოკოითის არავინ გადასცემს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ბრძოლაში ჯუსოევი „გაზპრომთან“ საკუთარ კავშირებს აქტიურად გამოიყენებს და მის მიერ აშენებულ მილსადენში თუ ბუნებრივი აირი აცივებამდე არ გამოჩნდა, მაშინ კოკოითი ცხინვალში უკვე სოციალურ აფეთქებას უნდა ელოდეს.
XS
SM
MD
LG