Accessibility links

რუსეთი მსოფლიოში ნავთობის უდიდესი ექსპორტიორი გახდა


”როსნეფტის” ნავთობტერმინალი

”როსნეფტის” ნავთობტერმინალი

რუსეთი მსოფლიოში ნავთობის უდიდესი ექსპორტიორი გახდა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთს გადაუსწრო და ისევ დაიბრუნა ლიდერის პოზიცია, რომელიც რამდენიმეჯერ ეკავა 2002 წლის შემდეგ.

ოპეკ-ის, ანუ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, რუსეთის ნავთობკომპანიებმა 9 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი მოიპოვეს ივნისში მას შემდეგ, რაც სახელმწიფო კომპანია “როსნეფტი” ციმბირში ახალი საბადოს ექსპლუატაციას შეუდგა.

საქმე ეხება პროდუქციის მკვეთრ მატებას და ის ხელს უწყობს ეკონიმიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ქვეყანაში, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ დააზარალა გლობალურმა საფინანსო კრიზისმა. პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ მთავრობას შესაძლოა საბიუჯეტო მაჩვენებლების გადასინჯვა მოუწიოს.

“ეკონომიკის თანდათანობით აღდეგნა, წარმოების ვარდნის შეჩერება შესაძლებელს გახდის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების გადასინჯვასაც. მაგალითად, შესაძლებელი იქნება მოველოდეთ უფრო დიდ შემოსავლებს, ვიდრე ადრე ვგეგმავდით”, განაცხადა პუტინმა.

ნავთობზე მოდის რუსეთიდან მთელი ექსპორტის მესამედი და სახელმწიფო შემოსავლების ნახევარზე მეტი. იმავდროულად, რუსეთია მთელს მსოფლიოში გაზის უდიდესი ექსპორტიორი. მაგრამ ნავთობს დავუბრუნდეთ.

მისი ექსპორტიორი ქვეყნები, როგორც ცნობილია, ზემოხსენებულ კარტელში, ოპეკ-ში არიან გაწევრიანებული, თუმცა ეს ყველა ექსპორტიორს არ ეხება - მაგალითად, რუსეთს. http://www.opec.org/library/faqs/aboutopec/q3.htm გასული წლის დეკემბერში ის ოპეკ-ს დაჰპირდა, რომ პროდუქციას შეამცირებად, ოპეკ-ის მიერ წარმოების მკვეთრად შემცირების გათვალისწინებით. კარტელს ამ ნაბიჯით გამიზნული ჰქონდა ნავთობის გაძვირების ხელშეწყობა ფასების დაცემის შემდეგ - მას შემდეგ, რაც ბარელი ნავთობი, შარშან ივლისში 100 დოლარი რომ ღირდა, იანვარში 30 დოლარამდე გაიაფდა...

მოსკოვს კი, არა თუ არ შეუკვეცია ნავთობის პროდუქცია, პირიქით, გაზარდა, რათა მოგება ენახა ოპეკ-ის ძალისხმევით გაზრდილი (70 დოლარამდე ასული) ფასის მეშვეობით. ოპეკ-ის წევრები, ბუნებრივია უკმაყოფილო არიან მისი ნაბიჯით.

მოსკოვის ოპონენტების შეფასებით, ნავთობის წარმოების დარგში მოსკოვის პოლიტიკა აჩვენებს, რომ რუსეთი კვლავაც დამოკიდებულია ენერგეტიკაზე. ანალიტიკოსების განმარტებით, თუ რუსეთის კომპანიები მასქიმალურად იყენებენ საბადოებს, საუდის არაბეთი მეტ ზომიერებას ავლენს და შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, გაზარდოს ნავთობის პროდუქცია.

მოსკოველ ექსპერტ ვალერი ნესტეროვს მაინც მნიშვნელოვან სიახლედ მიაჩნია რუსეთის გასვლა ლიდერის პოზიციაზე ნავთობის ექსპორტიორებს შორის. “დრო და დრო ვიღებთ ხოლმე ცნობებს, რომ რუსეთი უსწრებს საუდის არაბეთს ნედლი ნავთობის წარმოების მოცულობით. ჩვენ ამას, გარკვეულწილ მივეჩვიეთ”, აღნიშნავს ნესტეროვი და დასძენს, რომ პროდუქციის ტენდენცია რუსეთში მეტ-ნაკლებად სტაბილური და პოზიტიურიც კი რჩება, კრიზისის მიუხედავად.
XS
SM
MD
LG