Accessibility links

logo-print
„სახალხო დამცველი თანამდებობას ტოვებს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არა აქვს, რომელ სფეროში გააგრძელებს მოღვაწეობას“, - წაიკითხავთ გაზეთ „რეზონანსში“, რომლის თანახმადაც, სოზარ სუბართან კონსულტაციებს რამდენიმე პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია აწარმოებს. სოზარ სუბარს „რეზონანსი“ მისი მოღვაწეობის შესაფასებლად შეხვდა. კითხვაზე, რისი გაკეთება შეძლო და რისი ვერა, სახალხო დამცველი პასუხობს: „ ჩემი ყოველი მოხსენება ერთდროულად იყო საბრალდებო დასკვნა ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ, ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირისა თუ რიგითი შემსრულებლის მიმართ. ეს იყო საბრალდებო დასკვნა მთლიანად რეჟიმის მიმართ. ეს არის საქართველოს ისტორია, თუ რა პირობებში ვცხოვრობდით; ისტორია, რომელსაც ვერავინ გაექცევა და ვერავინ აუვლის გვერდს; ისტორია, რომელშიც ნათლად გამოჩნდება, რა არ უნდა აკეთოს ხელისუფლებამ“, - უთხრა „რეზონანსს“ სოზარ სუბარმა. დღესვე საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ პრობლემებზე „რეზონანსი“ აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს რესპუბლიკური პარტიის წევრ პაატა ზაქარეიშვილთან. კითხვაზე, რას მიაწერდით ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციაში განხორციელებულ ცვლილებებს, კერძოდ, ვალოდია გაბარაევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეობიდან მოხსნას და პაკო ბარათაშვილის დანიშვნასო, პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს: „ ვალოდია გაბარაევი დროებით იყო დანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადგილის დატოვება ისედაც მოუწევდა. გარდა ამისა, ის გახლავთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრი და ახალგორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას ვერ შეითავსებდა. რაც შეეხება პაკო ბარათაშვილს, რამდენადაც ვიცი, მეგობრობდა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელთან. შესაძლებელია, ოსებს უნდათ ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენა და ამიტომაც დანიშნეს ქართველი, რაც კარგი და მისასალმებელია.“

„რევოლუცია ჯერ ტვინებშია საჭირო“ - ამ სათაურით დღეს გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს ინტერვიუს ფულის გამოძალვის ბრალდებით პატიმრობამოხდილ ჟურნალისტთან, შალვა რამიშვილთან. მასთან დასმული ერთ-ერთი შეკითხვა ტელეკომპანია „202“-ის საკითხს უკავშირდება. „202“-ის დაბრუნება, სანამ სააკაშვილი იქნება, შეუძლებელია, თუმცა სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა სასამართლოში, არსებობს სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, სასამართლო დაადასტურებს, რომ პროვოკაცია, რომელიც ამათ მოაწყვეს, მიზნად ისახავდა დამოუკიდებელი არხის, „202“-ის, გაჩერებას“, - შენიშნავს გაზეთ „ვერსიასთან“ საუბარში შალვა რამიშვილი, რომლის აზრითაც, ევროპის სასამართლოს მიერ „202“-ის სასარგებლოდ გამოტანილი განაჩენი სასიკეთოდ წაადგებოდა არა მარტო უშუალოდ ამ ტელევიზიის, არამედ ზოგადად ქართულ მედიაში არსებული ვითარების რადიკალურად გაუმჯობესების საქმეს.

„სააკაშვილი რევოლუციას სამეგრელოდან მიიღებს“- ინტერვიუს ამ სათაურით დღეს კონსერვატორ კახა კუკავასთან გაზეთი „ახალი თაობა“ აქვეყნებს. კახა კუკავას შეფასებით, დღეისათვის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა რიცხვით საქართველოს რეგიონებიდან სამეგრელო ლიდერობს.
XS
SM
MD
LG