Accessibility links

logo-print

თბილისი და სოხუმი ჟენევის მორიგი შეხვედრისთვის ემზადებიან


ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში გალში გამართული უკანასკნელი შეხვედრა უშედეგედოდ, მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლით დასრულდა. მოგვიანებით ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეები, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები იოჰან ვერბეკე და პიერ მორელი კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მორიგი, 17 სექტემბრისთვის დანიშნული, რაუნდის დღის წესრიგის შესათანხმებლად სოხუმსაც ეწვივნენ.

ოფიციალურმა თბილისმა ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში 8 სექტემბერს გამართულ ხუთმხრივ შეხვედრაზე ოკუპირებული ზონის საზღვართან ბოლო დროს გახშირებული თავდასხმებისა და გალის რაიონში ქართული ენის სწავლების შეზღუდვის ფაქტები გააპროტესტა. გალში ქართულ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი წარმოადგენდა:

„იყო სხვა მიმდინარე საკითხებიც. დავაყენეთ მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილების საკითხი. გარდა ამისა, ბოლო დროს გახშირდა რუსული ვერტმფრენების ფრენა ჩვენი პოსტების თავზე. სხვა მხარემ დააყენა გემების დაკავების საკითხი... მიმდინარეობს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე შედეგზე ლაპარაკი ნაადრევია.“
შეხვედრის შედეგით გამოწვეული უკმაყოფილება არც სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებს დაუმალავთ. გალის ადმინისტრაციის უფროსმა რუსლან ქიშმარიამ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მხარეები ვერც ერთ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ:

„როგორ შევთანხმდებოდით, როცა ქართული მხარე ამბობს, რომ აქვს მეკობრეობის სრული უფლება. მართალია, გემების დაკავებას ისინი მეკობრეობას არ უწოდებენ, მაგრამ ამბობენ, რომ ჩვენი შიდა კანონებით ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა, მათ შორის, ნეიტრალურ წყლებში ვაკავებთ გემებსო. ასეთი მარაზმი და სისულელე ცხოვრებაში პირველად მოვისმინე.“

გალში გამართულ შეხვედრაში ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეც მონაწილეობდა. რუსული საინფორმაციო სააგენტო „როსბალტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იოჰან ვერბეკეს უთქვამს, გემებმა, რომლებიც აფხაზეთის პორტებისკენ მიემართებიან, კონტროლი უნდა გაიარონო. რადიო თავისუფლებამ რუსლან ქიშმარიას გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი სპეცწარმომადგენლის ამ განცხადების კომენტირებაც სთხოვა.

„ვერბეკემ რაც უნდა თქვას... ვერბეკე ქართველებთან ერთ ენაზე ლაპარაკობს - რაც თქვენ გინდათ, იმას ამბობს. გაურკვეველია, ვინ და რის საფუძველზე უნდა შეამოწმოს გემები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რუსლან ქიშმარიამ.

იოჰან ვერბეკე, ვის შესახებაც რუსლან ქიშმარია ლაპარაკობდა, და პიერ მორელი, ჟენევის შეხვედრების კიდევ ერთი თანათავმჯდომარე, მოგვიანებით, 9 სექტემბერს, სოხუმში თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდნენ. სერგეი შამბამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მომდევნო, 17 სექტემბრისთვის დანიშნული, რაუნდის დღის წესრიგი განიხილა. შამბას თქმით, აფხაზური მხარე დაჟინებით მოითხოვს დღის წესრიგში ქართველი მესაზღვრეების მიერ აფხაზეთისკენ მიმავალი გემების დაკავების საკითხის შეტანას:
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ საჭიროა სერიოზული რეაგირება, რადგანაც იზრდება ახალი კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე, ამჯერად უკვე ზღვაზე. საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტი უკვე არაერთხელ გამოიწვია ხმელეთზე, ახლა ამის გაკეთებას ზღვაზე ცდილობს. აუცილებელია სერიოზული პრევენციული ღონისძიებების გატარება, რადგანაც ყველაფერი ეს ნეიტრალურ წყლებში ხდება.“

სერგეი შამბას თქმით, თვითაღიარებული რესპუბლიკის დელეგაცია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას ჟენევის რიგით მეშვიდე შეხვედრაში, რომელიც 17 სექტემბრისთვისაა დანიშნული. ჟენევაში გამგზავრებას აპირებენ ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებიც. პოლიტიკის ექსპერტის კახა გოგოლაშვილის თქმით, დაპირისპირებულ მხარეთა ამგვარი ერთსულოვნება იმაზე მეტყველებს, რომ ჟენევის პროცესი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლებისთვის, თუმცა, კახა გოგოლაშვილის თქმით, მხარეთა მიზნები განსხვავებულია, კერძოდ:

„ჩვენთვის ეს არის ერთადერთი არხი, დარჩენილი მშვიდობიანი მოლაპარაკებების საწარმოებლად და, მიუხედავად იმისა,რომ სუსტი და არაეფექტიანი შესაძლებლობაა, მას ვიყენებთ და მასზე უარს ვერ ვიტყვით. რაც შეეხება აფხაზებს, მათ აწყობთ დაფიქსირება საკუთარი თავის ამ საერთაშორისო მოლაპარაკებებში როგორც სუბიექტისა, რომელსაც ელაპარაკებიან... აფხაზეთი, რა თქმა უნდა, არაა წარმოდგენილი როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, მაგრამ გარკვეული განწყობილება ამ შეხვედრებიდან იქმნება, რომ აფხაზეთი არის მხარე, რომელთანაც მოლაპარაკებები წარმოებს.“
XS
SM
MD
LG