Accessibility links

თბილისი გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას დიდ წარმატებად აფასებს


გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 9 სექტემბერს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს. რეზოლუციის მიღებას საგანგებოდ გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, ”ეს არ არის უბრალო რეზოლუცია, რადგანაც ამ რეზოლუციას წინ უძღოდა ძალიან დიდი ბრძოლა.” ”ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა იხმარა შანტაჟის, ზეწოლისა და მოქრთამვის ყველანაირი ფორმა... ზოგიერთ ქვეყნებს ჰპირდებოდნენ ფულს, ზოგიერთს კი აშინებდნენ... დააშინეს ზოგიერთი თანამდებობის პირი”, - აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ხოლო ის ფაქტი, რომ რეზოლუცია, რუსეთის აქტიური მცდელობის მიუხედავად, მაინც იქნა მიღებული, პრეზიდენტის თქმით, ”მიუთითებს, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს.” 9 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებას ”ერთ-ერთი ყველაზე დიდი შედეგი” უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ამ შედეგს წინ უსწრებდა 8-თვიანი ინტენსიური მუშაობა. საგარეო საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ, თუკი საქართველო წელს გამოვლენილ ”პოზიტიურ ტენდენციას” შეინარჩუნებს, ”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელს არაფერი შეუშლის.”
XS
SM
MD
LG