Accessibility links

logo-print
70 წელია, მეცნიერები ცდილობენ, დაადგინონ ადამიანებში მუტაციების ზუსტი სიხშირე. მაგრამ მხოლოდ ახლახან მოხერხდა ამ სფეროში სანდო შედეგების მოპოვება ე.წ. „შემდეგი თაობის“ გენეტიკური სეკვენირების ტექნოლოგიის მეშვეობით. გამოკვლევების შედეგებმა შესაძლოა, სერიოზულად გააღრმავოს ადამიანის ევოლუციის შესახებ ჩვენი ცოდნა და ხელი შეუწყოს ახალი სამკურნალო საშუალებების შექმნას.

თანამედროვე გენეტიკის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ჯონ ბერდონ სანდერსონ ჰოლდეინმა 1935 წელს შეისწავლა სისხლის ავადმყოფობით, ჰემოფილიით დაავადებული მამაკაცების ჯგუფი. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ყოველ ჩვენგანში, დაახლოებით 150 ახალი მუტაცია იქნებოდა.

მაგრამ მხოლოდ „შემდეგი თაობის“ სეკვენირების ტექნოლოგიით გახდა შესაძლებელი ბევრად უფრო ზუსტი და სანდო სურათის მოპოვება. მეცნიერებმა შეისწავლეს გენეტიკური კოდის ათასობით "ასო" ორი ჩინელი მამაკაცის Y ქრომოსომში. მათ იცოდნენ, რომ მამაკაცები შორეულ ნათესაურ კავშირში იყვნენ, მათი საერთო წინაპარი 1805 წელს იყო დაბადებული.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს ამ ორ მამაკაცს შორის გენეტიკური განსხვავებები და დადგინდა, რომ ყოველი ადამიანი 100-დან 200-მდე მუტაციას განიცდის. ანუ ჰოლდეინის ვარაუდი სწორი აღმოჩნდა. ფაქტობრივად, ყველა ადამიანი მუტანტია.

როგორც კემბრიჯშირის უელკომ ტრასტ სენგერის ინსტიტუტის თანამშრომელმა, იალი სუმ უთხრა BBC-ს, სულ რამდენიმე წლის წინათ შეუძლებელი იყო მონაცემთა იმ რაოდენობის წარმოდგენა, რომლის გენერირებაც შეძლეს მეცნიერებმა უახლესი გამოკვლევის დროს. მისი თქმით, „ამ მცირერიცხოვანი მუტაციების პოვნა ისევე რთულია, როგორც თივაში ნემსისა.“

ახალი მუტაციები შეიძლება მძიმე დაავადებების, მაგალითად, კიბოს გამომწვევი გახდეს. იმედოვნებენ, რომ ახალი გამოკვლევების შედეგად მოხერხდება მუტაციების რაოდენობის შემცირება და ადამიანის ევოლუციაში უფრო ღრმად ჩახედვა.
აი, რას ამბობს ჯოზეფ ნადო შეერთებული შტატების კეის უესტერნ რეზერვის უნივერსიტეტიდან, რომელიც ამ კვლევაში მონაწილეობდა: „ახალი მუტაციები მემკვიდრეობითი ვარიაციების წყაროა. მათგან ზოგმა შეიძლება დაავადება და დისფუნქცია გამოიწვიოს. ზოგი კი ევოლუციური ცვლილების ბუნებას და სისწრაფეს განსაზღვრავს. ჩვენ ერთობ ამაღელვებელ დროში გვიწევს მოღვაწეობა. ბოლოს და ბოლოს ვახერხებთ გენეტიკური თვისებების შესახებ კარგი, სანდო ვარაუდების მოპოვებას. ეს აუცილებელი იყო იმის გასაგებად, თუ ვინ ვართ გენეტიკური თვალსაზრისით,“ დასძენს ნადო.
XS
SM
MD
LG