Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ჰაერით სუნთქავენ თბილისელები?


ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი
მაშინ როდესაც მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების პრობლემას ელექტრონული და მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომანქანების საშუალებით ებრძვიან, საქართველოში ჰაერის დაბინძურების კონტროლი თითქმის არ არსებობს.

2002 წელს ინგლისელი და ქართველი ექსპერტების მიერ თბილისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის დაახლოებით 17 პროცენტი მოყოლილია არასახარბიელო ატმოსფერული ჰაერის არეალში, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.

მთებით გარშემორტყმულ დედაქალაქს ბუნებრივი ვენტილაციის სისტემა თითქმის არ გააჩნია. ჰაერის დაბინძურებას ასევე მოძველებული ავტოპარკი განაპირობებს, სადაც მრავლადაა ჰოლანდიასა და გერმანიაში ჯანმრთელობისთვის საზიანოდ მიჩნეული და გადასამუშავებლად გამწესებული ავტოტრანსპორტი.

გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ჯანრი ქარჩავა ამბობს, რომ ჰაერი საწვავში შემავალი აზოტისა და გოგირდის ოქსიდებით, ჭვარტლითა და ნახშირორჟანგით ბინძურდება. კრიტიკულია მდგომარეობა მარჯანიშვილის მოედნის, სადგურისა და დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიებზე, ავჭალისკენ მიმავალ გზასა და კოსტავას ქუჩაზე, სადაც საათში დაახლოებით 3600-მდე მანქანა მოძრაობს.

”ეს ადგილები იმდენადაა გადატვირთული, რომ მოსახლეობის დაახლოებით 160 ათასი ადამიანის ჯანმრთელობა არის არაკომფორტულ პირობებში, რადგან მათი ჯანმრთელობა არის მუდმივად ისეთი ჰაერის გარემოში, სადაც დასაშვები კონცენტრაციები ნორმას 1.6-2 ჯერ სჭარბობს”, - ამბობს ქარჩავა.

ქარჩავას თქმით, პრობლემა ასევე ბენზინის დაბალი ხარისხია, რაც ავტომანქანებს აზიანებს:

“განვითარებული ქვეყნები, საერთოდ, ხმარობენ ისეთ ბენზინს, რომელშიც ტყვია არ არის. ჩვენთან ამ მიმართებით შეზღუდვა არსებობს. კანონმდებლობით, ბენზინში დასაშვებია 13 მილიგრამი ტყვია ლიტრ ბენზინზე. მართალია, ეს ოპტიმალური ვარიანტი არ არის, მაგრამ საკითხი ისევ და ისევ სოციალურ პრობლემას უკავშირდება.”

დაბინძურებული ჰაერი დედაქალაქის მოსახლეობისთვისაც შემაწუხებელია. მოსახლეობა ამის მიზეზად გადატვირთულ მოძრაობას და მანქანების მოზღვავებას ასახელებს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში 31 წლის თამუნა გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ ”კატასტროფული მდგომარეობაა, ანუ ეკოლოგიურად ჰაერი ძალიან დაბინძურებულია.” 40 წლის ზაზა ბერძენიშვილის აზრით კი, “ჯობია, რომ მანქანები აიკრძალოს ქალაქში, ცენტრალურ უბნებში მაინც, იმიტომ რომ დიდუბეში და პლეხანოვზე ვერ გაივლი, საერთოდ.”

შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი რუსუდან ჯავახაძე ამბობს, რომ 1999-2000 წლებში ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა მოსახლეობის ჯანმრთელობის შესამოწმებლად მანქანებით გადატვირთულ ადგილებში. კვლევის შედეგად, გამოვლინდა, რომGგამოკვლეულთა 44 პროცენტს აღენიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა და ნერვიული სისტემის დაავადებები, ხოლო 15 პროცენტს - სასუნთქი სისტემის პრობლემები. 93.7 პროცენტმა ანკეტური გამოკითხვებით დაადასტურა, რომ შეიგრძნობდა გამონაბოლქვის სუნს. თუმცა, ჯავახაძის თქმით, მას შემდეგ კვლევები არ ჩატარებულა დაფინანსების არარსებობის გამო.

დღეს საქართველოში ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორი ქვეყნები აზერბაიჯანი, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, იტალია და რუსეთია. საქართველოში დაბალხარისხიანი, ტყვიისშემცველი ბენზინის შემოტანას კატეგორიულად უარყოფს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვარელაშვილი და პრობლემას მანქანების ტექნიკურ გაუმართაობაში ხედავს:

“ტყვია ნამდვილად არ არის საწვავში. ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ ეს არის ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი, მაგრამ ის სტანდარტები, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, იმ სტანდარტებს აკმაყოფილებს. Aამ სატრანსპორტო პარკში რა დონის საწვავიც არ უნდა ჩაისხას, ჩვენ უარყოფითი ეფექტი მაინც გვექნება.”

საქართველოს კანონმდებლობით, დღეს ევრო 2 სტანდარტის შესაფერისი ბენზინის შემოტანაა გათვალისწინებული. თუმცა მთვარელაშვილი აღნიშნავს, რომ კონტროლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს. ხარისხის გარანტორები არიან თავად ბენზინის იმპორტიორი კომპანიები. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, თბილისის მასშტაბით უნდა არსებობდეს 11-მდე კვლევითი ცენტრი, სადაც კოორდინირებულად ითანამშრომლებენ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები. Mმაგრამ, დაფინანსებისა და სათანადო კადრების სიმცირის გამო, ასეთი ცენტრი თბილისში მხოლოდ ერთია. არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის გარემოს დაცვის ქსელის პროექტის“ კოორდინატორიNნინო შავგულიძე აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის მუშაობა საერთაშორისო სტანდარტებს მაინც არ შეესაბამება:

“ჩვენ ჩვენი მხრიდან გარკვეული რეკომენდაციებიც მივეცით მათ, რომ მოხდეს აღჭურვილობის გაუმჯობესება და თანამშრომლების ტრენინგი, რათა მომავალში გაზომვა მაინც მოხდეს ნორმალურად ჰაერის მდგომარეობის”, - ამბობს ნინო შავგულიძე.
XS
SM
MD
LG