Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლება მიესალმა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას


9 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიამ ხმათა დიდი უმრავლესობით ( 48 მხარდამჭერი, 19 წინააღმდეგი; 78-მა თავი შეიკავა) მიიღო რეზოლუცია ”აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან
(საქართველო) ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების მდგომარეობის შესახებ”. გაეროში რუსეთის დიდმა მცდელობამ რეზოლუციის მიღება ვერ ჩაშალა. რეზოლუცია გმობს საქართველოს ტერიტორიაზე ძალადობრივ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ხაზგასმით აღნიშნავს იმის აუცილებლობას, რომ შემუშავდეს დევნილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გრაფიკი. საქართველოს ხელისუფლება მიესალმა გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებას.

რეზოლიცია გამოკვეთილად ჰუმანიტარული ხასიათისაა, - მასში აღნიშნულია ადგილნაცვალი პირებისა და მათი შთამომავლობის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და მათი საკუთრების უფლების დაცვის აუცილებლობა, - მაგრამ, ჰუმანიტარული ხასიათის მიუხედავად, რეზოლუციის მიღებას ჰქონდა სერიოზული პოლიტიკური მნიშვნელობა.

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილების ირგვლივ საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 10 სექტემბერს კიდევ ერთხელ ახსნა, თუ რატომ იჩენს რუსეთი ამხელა ძალისხმევას იმისათვის, რომ გაეროს დოკუმენტებში აღარ დაფიქსირდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, არ აღინიშნოს „აფხაზეთი ( საქართველო), ცხინვალის რეგიონი (საქართველო)“: ”რუსეთის მთავარი ამოცანაა შეარყიოს ოკუპირებული ტერიტორიების იურიდიული სტატუსი, რასაც, პირობას გაძლევთ, არ დავუშვებთ. რუსეთს ესმის, რომ იურიდიული სტატუსის შერყევას მოჰყვება საქართველოსთვის ძალიან ცუდი შედეგები.”

სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების იურიდიული სტატუსის შერყევის მიზნით დაადო რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტო რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთში გაეროს მისიისთვის მანდატის ტექნიკურ რეჟიმში 2 კვირით გაგრძელებას ითვალისწინებდა. მაგრამ თავისი ამ ქმედებით რუსეთმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მთელი სიმძიმე გაეროში იქ გადაიტანა, სადაც მისი ვეტო არ ჭრის, თუმცა ბრძოლა გენერალური ასამბლეის 63-ე სესიაზეც გააგრძელა..

” რუსეთმა მოიხმარა დაწოლის, შანტაჟის ყველა ფორმა...ზოგიერთ ქვეყანას ჰპირდებოდნენ ფულს, ზოგიერთს აშინებდნენ. დააშინეს ზოგიერთი თანამდებობის პირი, ვისაც უნდა წაეყვანა სხდომა...”

ეს განცხადება ახლახან საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. მანამდე გაეროში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ლომაია რადიო თავისუფლებას პრეზიდენტის მიერ ნახსენები ფაქტის შესახებ ესაუბრა:

”აიძულეს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი 4 სექტემბერს, როცა პირველად უნდა ჩატარებულიყო ეს სხდომა, უარი ეთქვა სხდომის წაყვანზე. არ ვიცით რა საუბარი იყო, მაგრამ ადამიანმა, ვიცე-პრეზიდენტმა, მიმართა სამდივნოს და უთხრა, რომ არ შეუძლია სხდომის წაყვანა. ამიტომ 4-ში სხდომა აღარ შედგა.”

რეზოლუციის პროექტი საქართველოს მხარემ გაეროში საქართველოს პარტნიორებთან ერთად მოამზადა. რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა უშუალოდ კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის წინ, მოითხოვა გენერალურ ასამბლეაზე 18 შესწორების შეტანა საქართველოს მიერ ინიცირებულ პროექტში. ალექსანდრე ლომაიამ აღნიშნა, რომ ასეთი რამ გენერალურ ასამბლეაზე არ ხდება , რომ ასეთი რამ გენერალური ასამბლეისადმი მხარის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

რუსეთის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. მიღებულია რეზოლუცია, რომელიც სათაურშივე ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთი საქართველოა და ცხინვალის რეგიონი საქართველოა. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ესაა რეზოლუცია, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში ადგილნაცვალი პირები უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელს და მათი ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისთვის უნდა იქნეს შემუშავებული დაბრუნების გრაფიკი. მსგავსი ხასიათის რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ შარშან მაისშიც მიიღო. შარშანდელ რეზოლუციაში აფხაზეთიდან დევნილები აღიარებულ იქნენ ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილებად. ხაზი გაესვა მათი საკუთრების დაცვის მნიშვნელობას. მაშინაც იქნა მითითებული დაბრუნების გრაფიკის შემუშავების აუცილებლობა, მაგრამ შარშანდელი რეზოლუცია მხოლოდ აფხაზეთიდან დევნილებს ეხებოდა. ამჯერად გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოითხოვა დაბრუნების გრაფიკის შემუშავება როგორც აფხაზეთიდან დევნილების, ისე ცხინვალის რეგიონიდან დევნილებისათვის.

რუსეთი უკმაყოფილო დარჩა. მისმა წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა თქვა, რომ გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია არ შეუწყობს ხელს ნდობის აღდგენის საქმეს ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის, რაც აუცილებელია დევნილთა პრობლემის გადასაჭრელად. ჩურკინმა აქცენტი 3 მხარეზე გააკეთა, თითქოს რუსეთს ამ კონფლიქტთან კავშირი არ ჰქონდეს; თითქოს ცხინვალის რეგიონში განადგურებულ ქართულ სოფლებში მოსკოვის მერიას არ აეშენებინოს კოტეჯები ქართველთა ნამოსახლარზე უცხო ხალხის ჩასახლების მიზნით. მაგრამ რუსეთის ინტერესი დამალული არ არის. რეზოლუციის პროექტის განხილვამდე ვიტალი ჩურკინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ტექსტი არ მიესადაგებოდა აგვისტოს ომის შემდგომ რეალობას, რითაც მოითხოვა გაეთვალისწინებინათ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების ის სტატუსი, რომელიც აღიარა რუსეთმა.

დასასრულ, ვიტყვი, რომ გენერალური ასამბლეის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა, მისი შესრულება მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ რეზოლუცია ავალებს გაეროს გენერალურ მდივანს გენერალური ასამბლეის შემდგომ, 64-ე, სესიაზე ანგარიში წარმოადგინოს რეზოლუციის შესრულების თაობაზე.
XS
SM
MD
LG