Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ჟურნალისტი აღშფოთებულია პუტინზე მისი სტატიის აკრძალვით


სკოტ ანდერსონი
სკოტ ანდერსონი
ამერიკელი ჟურნალისტი, ბუნებრივია, უნდა აღშფოთდეს, როცა მისი სტატია, რაზეც უნდა იყოს ის, არ გამოქვეყნდება, ცენზურის მსხვერპლი გახდება.

სკოტ ანდერსონი თავისუფალი ჟურნალისტია. ის სტატიებს აქვეყნებს აშშ-ის მედიაში - “ჰარპერ მეგეზინში”, „ნიუ-იორკ თაიმს მეგეზინსა” და “ვენიტი ფეარში”. ანდერსონს ბევრი უწერია ომზეც. მისი სტატია, რომელიც ცენზურის მსხვერპლი გახდა, 1999 წელს რუსეთში განხორციელებულ თავდასხმებს შეეხებოდა. მაშინ დაახლოებით 300 კაცი დაიღუპა 4 აფეთქების შედეგად. ამ აქტებმა რუსეთის მთავრობას საბაბი მისცა ჩეჩნეთში მეორე ომი დაეწყო. ანდერსონმა მოახერხა დალაპარაკებოდა “კა-გე-ბეს” ყოფილ თანამშრომელს, მიხაილ ტრეპაშკინს, რომლისთვისაც ეს სარისკო საქმე იყო და რომელიც შემდგომ გაასამართლეს რუსეთში, იარაღის უკანონო შენახვისთვის. რაც შეეხება ანდერსონის სტატიას, ის მან ჟურნალ “ჯი ქიუს”-სათვის დაწერა. მისი იდეა იყო, 1999 წლის აფეთქებების ფართო ფონის შესახებ ემსჯელა. ანდერსონმა, სანამ წერილს მოამზადებდა, ასე ვთქვათ, საქმე გამოიძია:

“ჩეჩნეთის პირველი ომის დროს რუსეთში, ჩეჩნეთში, ვიყავი. 95 წელი იყო. მსოფლიოს ეს კუთხე ყოველთვის მიზიდავდა. ამ აფეთქებების დროს არც კი მახსოვს, რას ვაკეთებდი. მაშინ რუსეთში არ ვიმყოფებოდი, მაგრამ, მახსოვს, ეს მთელი ამბავი ძალიან უცნაურად მეჩვენებოდა. წლები გადიოდა და ათასი რამ მესმოდა მომხდარის შესახებ - ხალხის მოსაზრებები, ვინ შეიძლებოდა მდგარიყო აფეთქებების უკან. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ეს იყო მაგარი თემა, რომელსაც ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ რუსეთის თანამედროვე ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ამ ამბების მერე ხომ რუსეთში, სწორედ უშუალოდ მათი მიზეზით, ბევრი რამ შეიცვალა: ხელისუფლებაში პუტინი მოვიდა, ელცინი წავიდა, ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო და ასე მგონია, თუკი დღევანდელ რუსეთს შეხედავთ, ბევრი რამ შეიცვალა მაშინ. აფეთქებები კი წესიერად არავის გამოუძიებია.”

და, აი, ანდერსონმა გამოიძია. ვინ იყო მისი რესპონდენტი - რუსეთის მედია, რუსეთის სამართალდამცველები თუ ბრიტანეთის მედია? ის ყველაფერს კითხულობდა, რაც ამ თემაზე იწერებოდა, მაგრამ, ამბობს, ბევრი არაფერი იწერებოდაო. ანდერსონი იკვლევდა ვერსიებს, სამთავრობო-ოფიციალურსა და ხალხში გავრცელებულს, რომელთაგან ერთი მეორეს ეწინააღმდეგებოდა. მისი ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო - როგორც ამბობს, ხალხის ნაამბობის მიმართ მისი ეჭვების გამოც - “ეფ- ეს -ბეს” ყოფილი გამომძიებელი, რომელსაც მოსკოვში შეხვდა. პოლკოვნიკ მიხაილ ტრეპაშკინის ნაამბობში ანდერსონს ყველაფრისა არ სჯეროდა, მაგრამ ყველაფრის შემოწმებაც არ შეეძლო. მისი მიზანი, როგორც ამერიკელი ჟურნალისტი ამბობს, სულ არ იყო სხვა წყაროების მიკვლევა, ის უფრო მეტად იმას ცდილობდა, ორიგინალური ნაშრომი გამოსვლოდა. და რაც მისთვის მოულოდნელი იყო, ეს იყო ქცევა ხალხისა, რომელიც ადრე მასთან საუბარში ეჭვებს გამოთქვამდა, შემდეგ კი აღარც ელაპარაკებოდა, რადგან, მისი ვარაუდით, ფრთხილობდნენ, შეიძლება ეშინოდათ კიდეც. ადვილად დათანხმდა ანდერსონს “ეფ-ეს-ბეს” პოლკოვნიკი ტრეპაშკინი ინტერვიუზე?

“კი. ჩემი აზრით, ტრეპაშკინმა გადაწყვეტილება ადრევე მიიღო. არ ვიცი, ეს მისთვის ღირსების საკითხი იყო თუ სხვა რამ. იქნებ ისიც იყო, რომ თავის ვერსიას მნიშვნელოვნად მიიჩნევდა.”

ტრეპაშკინი არ იყო ერთადერთი წყარო, რომელიც აფეთქებების უკან მთავრობის დგომას შესაძლებლად მიიჩნევდა. ანდერსონი ესაუბრა ჟურნალისტსაც, რომლის სახელს ის თავის სტატიაში ასახელებს და რომელმაც ასევე ჩამოართვა ინტერვიუ ტრეპაშკინს, სანამ ამ უკანასკნელს დაიჭერდნენ. მან ინფორმაცია მიიღო უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალისგან“, სხვა უფლებადამცავებისგანაც, რომელთაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს. ანდერსონს კი მხოლოდ ის უნდოდა, რომ შეშფოთება ხალხს ღიად გამოეხატა.

მედიამ, ჟურნალმა “ჯი ქიუმ”, რომლისთვისაც დაწერა მან წერილი, სათაურით “ვლადიმირ პუტინი- ხელისუფლებაში ბნელით მოცული აღმასვლა”, არ დაუშვა მისი სტატია რუსეთში გამოქვეყნებულიყო. ამასთან, მედიაკომპანია “კონდეი-ნასტ-პაბლიკეიშენმა”, რომელსაც ეკუთვნის ჟურნალი, მისი რუსული ვერსია, ასევე რუსეთში გამომავალი “გლამური”, “ტატლერი” და “ვოგი”, თავისი იურისტის პირით გაავრცელა მემორანდუმი, სადაც წაიკითხავთ, რომ, კომპანიის გადაწყვეტილებით, სტატია ასევე არ უნდა გამოქვეყნდეს ჟურნალის ვებგვერდზე, არ უნდა გაიგზავნოს რუსეთში და რედაქტორები არ უნდა შეეცადონ მის გავრცელებას.

ანდერსონი ამბობს, რომ გადაწყვეტილება საკუთრივ ჟურნალს არ მიუღია - ის მაღალ, მისი მფლობელი კორპორაციის, დონეზე იქნა მიღებული. პირადად ანდერსონს თუ აუხსნეს, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება? - “არ აუხსნიათ. მათ მაგივრად არ მინდა ლაპარაკი. მე მგონია, აქ ორმა მომენტმა ითამაშა როლი: რუსეთის მთავრობის შესაძლებელმა სამართლებრივმა რეაქციამ და, ჩემი პირადი გრძნობა ასეთია, შეიძლება ეკონომიკურმა ფაქტორმაც. კორპორაცია შიშობდა, რომ ეს იმოქმედებდა რუსეთში მისი ჟურნალების ბედზე.”

ანდერსონის ამ სტატიისთვის აკრძალვათა დაწესების შემდეგ აშშ-ში, ისევე როგორც რუსეთში, ლაპარაკი დაიწყეს ცენზურაზე. არის თუ არა ცენზურა ის, რაც მის წერილს შეემთხვა?

“კი. ცენზურა, რა თქმა უნდა, სხვადასხვაგვარი არსებობს. ერთია, როცა სტატიიდან ამოიღებ ადგილებს იმისთვის, რომ შეარბილო ის, რისი თქმაც ავტორს უნდა. ჩემი შემთხვევა, როგორც უკვე ვთქვი, სხვაგვარია. არის ფორმა ცენზურისა, როცა სტატიას არ გამოაქვეყნებ, როცა არავინ იხილავს მას, რასაც იგივე ეფექტი აქვს.”

აშშ-ის მედიაში ასეთი შემთხვევა იშვიათია. ანდერსონი არ ფიქრობს, რომ მისი სტატიის ამბავი განსაკუთრებულია. მსგავსი რამ ისტორიაში მომხდარა, ამბობს ის, მაგრამ აღნიშნავს, რომ მედიაკორპორაცია “კონდეი-ნასტ-პაბლიკეიშენის” მემორანდუმმა აღაშფოთა ხალხი. ამდენად, ჩემი ამბავი უფრო უჩვეულოა, ვიდრე განსაკუთრებულიო.

რას აპირებს სკოტ ანდერსონი, ფიქრობს თუ არა, სამართლებრივი ნაბიჯები გადადგას? არა, ამბობს ის, არც კი ვიცი, რამის გაკეთება თუ შეიძლებაო. ის ხედავს, რომ ამ აკრძალვამ მეტი პოპულარობა მოუტანა სტატიას, თემას, მეტმა ადამიანმა წაიკითხა წერილი და ის მოხარულიც კია ამის გამო. სტატია ითარგმნა რუსულად, გავრცელდა ინტერნეტით და ამერიკელი ჟურნალისტი კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ კორპორაციის მცდელობამ არ იმუშავა. ის კვლავაც აპირებს ითანამშრომლოს თავის ჟურნალთან, “ჯი ქიუსთან“, რომლის რედაქტორებთან ის ყოველთვის კარგ ურთიერთობაში იყო და არის, მათგან არ ახსოვს ზეწოლა და ამ ამბის მერე ურთიერთობაც ძალიან მეგობრული აქვს.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG