Accessibility links

logo-print

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობის ახალ სტრატეგიას შეიმუშავებს


ორშაბათს გაიმართება ევროკავშირის შეხვედრა ბრიუსელში, სადაც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სამხრეთ კავკასიაში ახალ სტრატეგიაზე მოილაპარაკებენ. ცნობილია, რომ კავშირს აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამაში ამ რეგიონის ქვეყნებიც ჰყავს ჩართული, მაგრამ ახალი სტრატეგიის შემუშავების მცდელობა იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ევროკავშირმა ამ რეგიონში მიმართულება დაკარგა. ამავე დროს, ისიც ახალია, რომ ევროკავშირის თვალში საქართველომ ამ რეგიონში ლიდერის სტატუსი დათმო.

ევროკავშირის ახალი სტრატეგიის განხილვიდან არ ჩანს, თუ რამდენად მიაჩნია ამ ორგანიზაციას, რომ თავისი სამეზობლო პოლიტიკითა და აღმოსავლეთთან ურთიერთობის პროგრამით ვერ უზრუნველყო მეზობლებთან საურთიერთოდ ცხადი და მტკიცე საფუძველი შეექმნა. ევროკავშირის მოხელეები, რომლებიც ჩართული არიან ორშაბათის შეხვედრის მომზადებაში, აცხადებენ, რომ თავმჯდომარე ქვეყანამ, შვეციამ, ითხოვა შემუშავებულიყო სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც აზერბაიჯანთან, საქართველოსა და სომხეთთან თანამშრომლობის მიზნებს ნათლად აღწერდა.

უკვე არსებული პოლიტიკის რადიკალურ შეცვლას ახალი სტრატეგია არ გულისხმობს. ევროკავშირის მიზანი დარჩება, დაუახლოოს ეს სამი ქვეყანა, რამდენადაც შესაძლებელია, თავის სამართლებრივ და პოლიტიკურ პრინციპებს. ევროკავშირი აღიარებს, რომ სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა, რეგიონში სტაბილურობის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის მხრივ, იზრდება. სამივე ქვეყანას ექნება შეთანხმებები ევროკავშირთან, რაც თავისუფალი ვაჭრობისა და სავიზო რეჟიმის გამარტივებისკენ წაიყვანს მათ. აღნიშნავენ იმას, რომ ევროკავშირის წევრობას, როგორც ეს ადრეც იყო, მათ არ სთავაზობენ. ევროკავშირის მოხელეები იმ სამ პრინციპზე ლაპარაკობენ, რომლებიც ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის ურთიერთობის საფუძველი უნდა გახდეს. ესენია: ღიაობა, დიფერენციაცია, პირობითობა. ანუ ყველა ქვეყანას, რომელსაც აქვს ევროკავშირთან თანამშრომლობის ინტერესი, უნდა მიეცეს შანსი, არავინ იქნება უგულებელყოფილი და წინსვლას განსაზღვრავს შედეგი. სიახლე ევროკავშირის აზროვნებაში რეგიონალური მიმართულების შემოტანაა. ჩვენი კორესპონდენტი ბრიუსელში, აჰტო ლობიაკასი, ორ ახალ ასპექტს გამოყოფს:

“ერთი ისაა, რომ ევროპის კავშირი აშკარად საჭიროებს თავისი უკვე არსებული სტრატეგია სამხრეთ კავკასიის რეგიონს მოარგოს. მეორე სიახლე ისაა, რომ საქართველო ახლა სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების დონეზე განიხილება და ის აშკარა ლიდერი აღარ არის.”

ანუ საქართველო, რომელსაც ადრე ევროკავშირი უკრაინასთან წყვილში განიხილავდა პარტნიორად, იმავე ჯგუფშია, რომელშიც აზერბაიჯანი და სომხეთი, მიუხედავად იმისა, რომ ერევანსა და ბაქოს არავითარი პრეტენზია არა აქვთ, სულ მცირე, ახლო მომავალში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდნენ. ევროკავშირს ეს ორი ქვეყანა, პირველ რიგში, რუსეთის გამაწონასწორებელ ფაქტორად მიიჩნევს - რუსეთისა, რომლის ინტერესებს კავკასიაში ორივე აღიარებს.
აჰტო ლობიაკასი, რომელიც ამბობს, ბრიუსელი საქართველოს თავის მომავალ წევრად ისედაც არ განიხილავდაო, საქართველოს ჩამოქვეითების ორ მიზეზს ასახელებს:

“რაც მოხდა, ისაა, რომ საქართველომ ევროკავშირს იმედი გაუცრუა ორი მოვლენის შედეგად. პირველი ესაა ომი რუსეთთან, მეორე კი ოპოზიციის მიმართ რეპრესიები.”

ამ ორმა ფაქტორმა, ჩვენი კორესპონდენტის ინფორმაციით, ევროკავშირში საქართველოს პრეზიდენტის ავტორიტეტი შეარყია. ის იმოწმებს დიპლომატებს, რომლებიც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირის შიგნით თვით მეგობარი ქვეყნების დედაქალაქებშიც აღარ ეპატიჟებიან.

აჰტო ლობიაკასი საქართველოსთვის კიდევ ერთი მტკივნეული ცვლილების შესახებ იუწყება. მას მოჰყავს ორშაბათის შეხვედრის წინ ევროკომისიის მიერ გაკეთებული განცხადება,რომლის თანახმადაც, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა ევროკავშირთან დაახლოებას უნდა მიაღწიონ იმით, რომ გამოავლინონ საკმარისი პოლიტიკური ნება. ევროკომისიის აზრით, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის დასაჩუქრება სწრაფი, შრომის გარეშე მოპოვებული დაწინაურებით აღმოსავლეთში პარტნიორობის მონაწილე სხვა ქვეყნების მიღწევების გაუფასურებას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG