Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასაპარლამენტო ოპოზიცია პრაიმერის გზით კონსოლიდირებას ცდილობს


ზვიად ძიძიგური (ცენტრში)
ზვიად ძიძიგური (ცენტრში)
შემოდგომის დადგომასთან ერთად სულ უფრო ხშირად გაისმის ვარაუდი საპროტესტო აქციების განახლების შესახებ, მაგრამ არასაპარლამენტო ოპოზიცია ჯერაც არ შეთანხმებულა სამოქმედო სტრატეგიის თაობაზე. ოპოზიციური ძალების შეთანხმება და კოორდინირებული მოქმედება საქართველოს კონსერვატიულ პარტიას შესაძლებლად მიაჩნია შიდა არჩევნების, პრაიმერის ჩატარების შემდეგ.

საზაფხულო არდადეგების დასრულებისთანავე არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკური სუბიექტი, კონსერვატიული პარტია, ახალი ინიციატივით გამოვიდა. კონსერვატორები ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად უკომპრომისო პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური, ახალ ინიციატივას განმარტავს:

„ჩვენი ერთობა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ შეგვეცვალა სააკაშვილის რეჟიმი და მიგვეღწია ვადამდელი არჩევნებისთვის. ამიტომ მთელ პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს კონსერვატიული პარტია სთავაზობს შიდა არჩევნებს, ე.წ. პრაიმერს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრაიმერის შედეგად შესაძლებელია ოპოზიციაში გამოიკვეთოს ერთიანი ლიდერი. ეს მოგვცემს შესაძლებლობას გაცილებით ეფექტურად ვაწარმოოთ ჩვენი ბრძოლა.“

ზვიად ძიძიგურის აზრით, პრაიმერი ოპოზიციას საპროტესტო აქციების უკეთ ორგანიზებაში, არჩევნების ბოიკოტირებაში თუ, პირიქით, არჩევნებში გამარჯვების საქმეში წაადგება. კონსერვატორებს არ დაუსახელებიათ, თუ რომელ პოლიტიკურ ძალებს შეუთანხმეს ეს იდეა. ერთი კი დასძინეს, რომ პრაიმერის შესახებ კონსულტაციას ყველა შეურიგებელ ძალასთან გამართავენ. ასეთ ძალებში კი ისინი იგულისხმებიან, რომლებიც არასაპარლამენტო პარტიის სტატუსს ინარჩუნებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოკო გამსახურდიას პოლიტიკურ გაერთიანებას საპარლამენტო მანდატების დაბრუნება სურს. საქართველოს პარლამენტმა კი პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც, კოკო გამსახურდიას მსგავსად, სხვა პოლიტიკოსებსაც დეპუტატის მანდატის აღდგენის საშუალებას აძლევს.

მაგრამ ისინიც კი, ვისაც ჯერჯერობით პარლამენტში დაბრუნების სურვილი არ გამოუთქვამთ, კონსერვატორების ინიციატივას მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებენ. მათ შორისაა „ახალი მემარჯვენეების“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე:

„თუკი პრაიმერის იდეა დანახული იქნება ამა თუ იმ კონკრეტული არჩევნების ჭრილში, ეს იქნება კარგი და დადებითი. თუმცა ვფიქრობ, რომ ლიდერის გამოსაკვეთად პრაიმერის ჩატარება არ არის აპრობირებული მეთოდი.“

ოპოზიციურ სპექტრში საარჩევნოდ პრაიმერის გამართვის იდეას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც იწონებს. მისი აზრით, საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგ ოპოზიციური ძალები კრიზისიდან გამოსვლის რეცეპტს ეძებენ:

„თუკი შეთანხმდებიან ოპოზიციური პარტიები საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნებზე წარმოადგინონ საერთო ლიდერი, მაშინ ასეთ პრაიმერს აქვს მნიშვნელობა. ახლა რომ გაკეთდეს პრაიმერი, გაუგებარია რისთვის უნდა გაკეთდეს.“

პრაიმერის იდეის ავტორთა აზრით, შიდაოპოზიციური არჩევნები ერთიანი ლიდერის გამოსავლენად და ერთობლივი სტრატეგიის შესამუშავებლადაა საჭირო, მაგრამ ჯერჯერობით ამ ინიციატივამ თავად არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
XS
SM
MD
LG