Accessibility links

logo-print

შეშის დამზადების პრობლემა შიდა ქართლში


შეშის განაწილების პროცესი

შეშის განაწილების პროცესი

შემოდგომის დადგომასთან ერთად სოფლების მოსახლეობამ შეშის მომარაგებაზე დაიწყო ზრუნვა, მაგრამ ტყეში შეშის დამზადება არცთუ უსაფრთხოა. გორის ჩრდილოეთით მდებარე სოფლების მოსახლეობა შეშას მიმდებარე ტყეში ამზადებდა ხოლმე, მაგრამ ეს ტერიტორია ამჟამად ოსური და რუსული შეიარაღებული ძალების მიერ არის ოკუპირებული. გასული წლის სექტემბრიდან დღემდე არაერთი შემთხვევა მოხდა, როცა ტყეში წასული ქართველები ოსური ფორმირებების წარმომადგენლებმა გაიტაცეს და მათ ბრალი საზღვრის უკანონო დარღვევაში დასდეს. ბოლო შემთხვევა ახალგორის რაიონში მოხდა, როცა ოსური შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებმა 6 ქართველი ხე-ტყის კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. მათი გათავისუფლების თაობაზე მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს. გორის რაიონის სოფლების უმრავლესობა სწორედ ჩრდილოეთით მდებარე ტყით სარგებლობდა. სოფლების: ბერშუეთის, ზერტის, კირბალის, მეჯვრისხევის, ჯარიაშენის, ქვეშის, ფლავისმანის და მერეთის მოსახლეობა ტყეში შიშის გამო ვეღარ გადის.

შარშანდელი ოკუპაციის შემდეგ, მთავრობამ დაზარალებულ სოფლებში შეშა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის თვითონ შეიტანა, მაგრამ წელს ეს პროგრამა აღარ მუშაობს. ადგილობრივი ხელისუფლება კი მოსახლეობას გორის სამხრეთით მდებარე ატენის ტყით სარგებლობას ურჩევს. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსის კახა ტოლიაშვილის განცხადებით, შესაბამისი ბარათის აღების შემდეგ ატენის ტყეში შეშის დამზადება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.

ატენის ტყე ჩრდილოეთით მდებარე სოფლებიდან 60–70 კილომეტრით არის დაშორებული, ამიტომ შეშის დამზადება მოსახლეობას საკმაოდ ძვირი დაუჯდება. გარდა ამისა, გორის რაიონის სოფლების ნახევარზე მეტი გაზიფიცირებული არ არის და თუ 50 ათასზე მეტი ადამიანი ატენის ტყით ისარგებლებს, ეს ხეობა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. საქართველოს პრეზიდენტის დაპირების მიხედვით, სოფლების გაზიფიცირების პროგრამა 2010 წლისთვის უნდა დასრულდეს, მაგრამ გორის რაიონში სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამიტომ ჯერ მხოლოდ ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებშია ბუნებრივი აირი შეყვანილი.
XS
SM
MD
LG