Accessibility links

logo-print

ებრძოდა თუ არა მალულად მარგარეტ თეტჩერი გერმანიის გაერთიანებას


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ თეტჩერი ბერლინის კედლის დაცემამდე გერმანიის გაერთიანებას ეწინააღმდეგებოდა. ეს ცნობილი იყო, მაგრამ ახლა გამოქვეყნებული მასალა იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ თეტჩერი აქტიურად ცდილობდა ამ პროცესის შეჩერებას. “ტაიმსში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, რომელიც ამ თემაზე წერს, თავის მსჯელობაში კრემლიდან 90-იანი წლების დასაწყისში უჩუმრად გატანილ დოკუმენტებს ეყრდნობა.

მსოფლიო ლიდერების პირადი საუბრების ჩანაწერების გამომზეურება იშვიათად ხდება ხოლმე, მაგრამ, როგორც ამჯერად, ათწლეულების შემდეგ მაინც გაჟონავს ხოლმე საიდუმლო ინფორმაცია. ლონდონში გამომავალი ყოველდღიური “ტაიმსი” ფარდას ხდის ბერლინის კედლის დაცემამდე მიმდინარე მოლაპარაკებებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ თეტჩერი შეშფოთებას გამოთქვამდა გერმანიის გაერთიანების - და არამხოლოდ ამის - გამო. “ტაიმსი”-ს წყარო რუსი მკვლევრის პაველ სტროილოვის მიერ კრემლიდან გამოტანილი მასალაა - საბჭოთა კავშირის მთავრობის, ასევე დასავლელ ლიდერებთან საუბრების გაშიფრული ტექსტი, სტენოგრამა. სტროილოვმა ათასამდე დოკუმენტის ასლი გადაიღო. ისინი ინახებოდა სახელმწიფო არქივში, რომელიც საბჭოთა კავშირის ადრინდელი ლიდერის, მიხაილ გორბაჩოვის, ფონდს გადაეცა გორბაჩოვის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. სტროილოვი ამ არქივში მუშაობდა. ყველა ეს დოკუმენტი დალუქული და, შესაბამისად, ერთადერთი წყარო იყო ამ საუბრებისა. ჩანაწერებში, როგორც “ტაიმსი” იუწყება, 1989 წელს, მოსკოვში შეხვედრისას, მარგარეტ თეტჩერი გორბაჩოვს ეუბნება, რომ არც ბრიტანეთს და არც დასავლეთ ევროპას არ სურს გერმანიის გაერთიანება და მან, საბჭოთა ლიდერმა, უნდა გააკეთოს ყველაფერი ამ პროცესის შესაჩერებლად. თეტჩერი ამბობს აგრეთვე, დასავლეთის ინტერესებში არ შედის ვარშავის ხელშეკრულების დაშლაო და აცხადებს, რომ დასავლეთი არ აპირებს დააჩქაროს აღმოსავლეთ ევროპის დეკომუნიზაცია. ანუ თეტჩერს კომუნისტური სახელმწიფოების კომუნისტური მმართველებისგან განთავისუფლების დაჩქარება არ სურდა.

გაზეთ “ტაიმსს” მოჰყავს თეტჩერის სიტყვები ზუსტად: “ჩვენ არ გვსურს გაერთიანებული გერმანია. ეს გამოიწვევს ომის შემდგომი საზღვრების შეცვლას და არ შეგვიძლია დავუშვათ ეს, რადგან მოვლენათა ასეთი განვითარება ძირს გამოუთხრის სტაბილურობას მთელ მსოფლოში და საფრთხეს შეუქმნის უშიშროებას.”

თეტჩერი განაგრძობს გორბაჩოვთან საუბარს: “მე თქვენი პოზიცია ასე მესმის: მიესალმებით თითოეული ქვეყნის საკუთარი გზით განვითარებას იმ პირობით, რომ ვარშავის ხელშეკრულება შენარჩუნებული იყოს. თქვენი პოზიცია შესანიშნავად მესმის.”

მაიკლ ბინიონი “ტაიმსის” კორესპონდენტია დიპლომატიის სფეროში. ეს სტატია სწორედ მან დაწერა. ის ამბობს, გაშიფრული ტექსტები ადასტურებს, რომ თეტჩერი ბევრად უფრო ენერგიულად ეწინააღმდეგებოდა გერმანიის გაერთიანებას, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდითო:

“დავადგინეთ, რომ თეტჩერის მცდელობა, შეეჩერებინა გერმანიის გაერთიანება, ბევრად უფრო ენერგიული და ღრმა იყო, ვიდრე დღემდე ვიცოდით. ცნობილია, რომ ის ეწინააღმდეგებოდა გაერთიანებას და ყველაფერს აკეთებდა, რათა სხვებიც დაერწმუნებინა, არ დათანხმებულიყვნენ ამ პროცესს. მაგრამ რაც არ ვიცოდით დღემდე, ისაა, რომ თეტჩერმა პირდაპირ მიმართა რუსებს და განუცხადა: უნდა იზრუნოთ, რათა ეს პროცესი შეჩერდეს და ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რასაც ოფიციალურად ვაცხადებთ, არაფრად ჩააგდოთ, რასაც ნატოს კომუნიკეებში ვწერთ, ეს სახიფათოა ჩვენთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვსურს ევროპა გაყოფილი დარჩეს.ჩვენ ჩვენს მხარეს მივხედავთ და თქვენ თქვენსას მიხედეთო.”

ბინიონის თანახმად, ჩანაწერები ადასტურებს ასევე, რომ თეტჩერი მზად იყო თავის მოკავშირეებთან ეთვალთმაქცა, ოღონდ კი იმისთვის მიეღწია, რომ რუსეთს გერმანიის გაერთიანება არ დაეშვა: “მან იცოდა, რა მძაფრი რეაქციაც მოჰყვებოდა, თუკი გახმაურდებოდა, რომ ასეთ ნაბიჯებს დგამდა. ამიტომ ეუბნება ის გორბაჩოვს: სრულიად საიდუმლოდ მინდა რაღაც გითხრათ და ეს არ ჩაწეროთო. გორბაჩოვი დათანხმდა. თეტჩერის გასვლის შემდეგ კი რუსებმა აღადგინეს ნათქვამი და ჩაწერეს საკუთარი არქივისთვის.

თეტჩერი იმედოვნებდა, რომ მისი სიტყვები არც ჩაიწერებოდა და არც გახმაურდებოდა, რადგან ამით გაანაწყენებდა გერმანელებს, რომლებთანაც ისედაც რთული ურთიერთობა ჰქონდა. ამას გარდა, მისი მთავრობის წევრები, ასევე სხვა დასავლეთევროპელები ეტყოდნენ, ეს არ არის ჩვენი ოფიციალური პოლიტიკა, რასაც თქვენ მიმართავთო.”

თეტჩერის სიტყვებმა დღეს შეიძლება ბევრი გააკვირვოს, რადგან დასავლელი ლიდერები მაშინ, ორი ათეული წლის წინ, ხმამაღლა გამოდიოდნენ მოწოდებით საბჭოთა გავლენისგან განთავისუფლებულიყო აღმოსავლეთ ევროპა.

ჯონ ო’სალივანი, ავტორი წიგნისა “პრეზიდენტი, პაპი და პრემიერ-მინისტრი”, თავის დროზე მარგარეტ თეტჩერის რეფერენტი იყო. ო’სალივანი, რომელიც ახლა რადიო თავისუფლებაში მუშაობს, ცდილობს თეტჩერის ეს პოზიცია ახსნას და ამბობს, ბრიტანეთის ლიდერი შიშობდა, რომ გერმანიის სწრაფი გაერთიანება პრობლემებს შექმნიდაო: “მას თავიდან სურდა გერმანიის გაერთიანება არ მომხდარიყო. ის ფიქრობდა, რომ თუკი დასავლეთი გერმანია ერთბაშად შეიერთებდა აღმოსავლეთ გერმანიას, ამას არაერთი ცუდი შედეგი მოჰყვებოდა. მისი აზრით, პროცესი ნელი და გააზრებული უნდა ყოფილიყო. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ის ფიქრობდა, რომ ეს გამოიწვევდა ევროპის საზღვრების შეცვლას. თუკი გერმანია ერთ დღეში გაერთიანდებოდა, დაირღვეოდა არაერთი საერთაშორისო გარიგება, რასაც შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა ეკონომიკაზე. და ამის შიშს არ მალავდა არც ერთ თავის მოკავშირესთან, შეერთებული შტატების ჩათვლით. მის პოზიციას იზიარებდა ჯორჯ ბუში. ასე რომ, მის საქციელში არავითარი თვალთმაქცობა და ორპირობა არაა. უნდა ითქვას, რომ ყველა მონაწილე მოთამაშემ იცოდა მისი აზრი. თეტჩერი ახლო მომავალში გერმანიის გაერთიანების წინააღმდეგი იყო და ეჭვის თვალით უყურებდა ამ პროცესს შორეულ მომავალშიც.”

ო’სალივანი ასევე ცდილობს განმარტოს, რას გულისხმობდა თეტჩერი, როცა ამბობდა, აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური გავლენისგან განთავისუფლების დაჩქარება არ გვსურსო. ო’სალივანი ამბობს, რომ ეს თეტჩერის ზუსტი სიტყვები არ არის, კონტექსტიდან ამოგლეჯილია. უბრალოდ, თეტჩერს არ სურდა, მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპის ლიბერალიზაციას საბჭოთა კავშირში კრიზისი და გორბაჩოვის ჩამოგდება მოჰყოლოდა.

მაგრამ მარტო თეტჩერი არ იყო ის, ვინც ამ ჩვენთვის მოულოდნელ აზრებს მალავდა. 1989 წლის იმავე პერიოდში ბერლინში ასეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. კრემლის ჩანაწერებიდან ჩანს,რომ 3 ნოემბერს, სამი დღით ადრე, ვიდრე ბერლინის კედელი დაეცემოდა,პოლიტბიუროს სხდომა შედგა. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე ამბობს: უკეთესი იქნება ბერლინის კედელი ჩვენ თვითონ დავანგრიოთ. შემდეგ “კა-გე-ბეს” უფროსი კრიუჩკოვი ამბობს, ხვალ ნახევარი მილიონი ადამიანი გამოვა ბერლინისა და სხვა ქალაქების ქუჩებშიო. გორბაჩოვი კი უპაუხებს: ჩვენ ვერ ავუხსნით ამას ჩვენ ხალხს, თუკი “გე-დე-ერი” დავკარგეთ. სხვა შემთხვევაში გორბაჩოვს ნათქვამი აქვს, რომ დასავლეთ გერმანიისთვის “გე-დე-ერ”-ის შეუერთებლობა უარესი იქნება, რადგან ფინანსური თვალსაზრისით დასავლეთ გერმანიის გარეშე გაგვიჭირდებაო.

სხვა ქვეყნების - მათ შორის, საფრანგეთის - პოზიციაც არ იყო ბევრად განსხვავებული გერმანიის გაერთიანების მიმართ. მაშინდელი პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის მრჩეველი, ჟაკ ატალი, გორბაჩოვის მრჩეველთან, ვადიმ ზაგლადინთან, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ შეხვედრისას ამბობს, საფრანგეთის მთავრობა შეშფოთებულია იმით, რომ მოსკოვი არ ჩაერია აღმოსავლეთ გერმანიის საქმეებშიო. ატალი ღიად ამბობს, რომ პარიზს არ სურდა გერმანიის გაერთანება, თუმცა ესმოდა, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა.

სხვა გაზეთი, “ფაინენშელ ტაიმსი”, უკვე ბრიტანულ წყაროებს, საიდუმლო სტენოგრამებს აქვეყნებს თეტჩერისა და მიტერანის საუბრიდან, სადაც თეტჩერი ამბობს, გერმანიის გაერთიანება მის დომინირებას ნიშნავს პოლონეთზე, ჩეხოსლოვაკიაზე, უნგრეთზე, ჩვენ კი მხოლოდ რუმინეთი და ბულგარეთი დაგვრჩებაო.

გაზეთი მაშინდელი ლიდერების შეშფოთების უსაფუძვლობას უსვამს ხაზს და წერს, 2009 წლის გეოპოლიტიკური რუკა 1989 წლის ლიდერების წარმოდგენებისგან გვარიანად არის დაშორებულიო.
XS
SM
MD
LG