Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1999 წელს რუსეთში სახლების აფეთქების ფაქტები კვლავაც საიდუმლოებით მოცული რჩება


ათი წლის წინ რუსეთში რამდენიმე სახლის აფეთქებას 300-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი და ქვეყნის პოლიტიკური ატმოსფეროს შეცვლა მოჰყვა. მთავრობამ აფეთქებები ჩეჩენ მეამბოხეებს დააბრალა და ამ საბაბით ჩეჩნეთში მეორე ომი წამოიწყო. მაგრამ კრემლის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ აფეთქებები უშიშროების სამსახურების მიერ იყო მოწყობილი იმ მიზნით, რომ ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინი მოეყვანათ.

ზუსტად ათი წლის წინ სამხრეთ-აღმოსვლეთ მოსკოვში მდებარე სახლის თითქმის ყველა მცხოვრებს ეძინა, როცა მასშტაბურმა აფეთქებამ სახლის ფასადი გაანგრია. აფეთქებამ 94 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თითქმის 250 დაშავდა.

ხუთი დღით ადრე სამხრეთის ქალაქ ბუინაკსკში აფეთქდა სახლი, რასაც 64 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსკოვსა და ქალაქ ვოლგოდონსკში კიდევ ორი აფეთქება მოხდა, რასაც 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სულ, ოთხივე აფეთქების შედეგად, 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ქვეყანაში, სადაც ავადმყოფი პრეზიდენტის - ბორის ელცინის - შემცვლელის ძიება მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებით მიმდინარეობდა, შიშმა დაისადგურა. მთავრობამ აფეთქებები ჩეჩენ მეამბოხეებს დააბრალა. ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა - ელცინის მიერ ხელდასხმულმა მემკვიდრემ - განრისხებით განაცხადა, რომ ჩეჩენ ექსტრემისტებს ყველგან მისწვდებოდა და დახოცავდა:

”თუ აეროპორტში იქნებიან, აეროპორტში დავხოცავთ; თუ, უკაცრავად და, ტუალეტში მივაგნებთ, იქვე ჩავახრჩობთ.”
ფართო საზოგადოებამ მაშინ პირველად მოისმინა პუტინის, ამჟამად უკვე ცნობილი, ციხის სლენგთან შერწყმული ენა. ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკური კოლაფსის პირობებში მცხოვრებ საზოგადოებაში ასეთმა საუბარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. პუტინმა მალე ჩეჩნეთში მეორე ომი წამოიწყო და მისი რეიტინგი ძალიან ამაღლდა.

პოლიტიკის ანალიტიკოსის ვლადიმირ პრიბილოვსკის თქმით, სწორედ საცხოვრებელი სახლების აფეთქების შედეგად გახდა შესაძლებელი ფაქტობრივად უცნობი ბიუროკრატის რამდენიმე თვეში პრეზიდენტად ქცევა:

”ვითარება სწორედ ამით შეიცვალა იმ პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ, რომელსაც არავინ იცნობდა და საეჭვო, ბუნდოვანი ბიოგრაფია ჰქონდა. მე ასე ვიტყოდი: პუტინის გამარჯვება ორმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი სახლების აფეთქებები იყო, მეორე კი - მოხერხებულად ნათქვამი ფრაზა ტერორისტების ტუალეტში ჩახრჩობის შესახებ.”

დღეს, რვაწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ, პუტინი კვლავ პრემიერ-მინისტრია და კვლავაც მტკიცე ხელით მართავს ქვეყანას, რომელიც მან ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცია.

1999 წელს მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით სამხრეთ რუსეთის მცხოვრებ 6 მუსულმანს დასდეს ბრალი, მაგრამ საქმე კვლავ გამოუძიებელი რჩება. ამის მიზეზი, რამდენიმე კრიტიკოსის აზრით, ის არის, რომ აფეთქებები უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის - ეფესბეს - მოწყობილი იყო.

ამგვარი აზრების ქონა კი საკმაოდ სარისკო აღმოჩნდა. ორი ცნობილი ფიგურა, რომელიც ამ აზრს გამოთქვამდა, მოკლეს; კიდევ ერთი კი ციმბირის ციხეში გაუშვეს ბრალდებით, რომელსაც ის შეთითხნილს უწოდებს.

მიხეილ ტრეპაშკინი - ადვოკატი, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთი აფეთქებისას დაღუპული ქალის ორი ქალიშვილის ინტერესებს წარმოადგენდა - ამბობს, რომ მისი მანქანა პოლიციამ სასამართლო პროცესამდე ცოტა ხნით ადრე გააჩერა:

”მანქანა ორჯერ გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. და როცა უკვე ვკეტავდი მანქანას, უცებ პისტოლეტიანი ჩანთა შემომიგდეს. ვუთხარი - მოაშორეთ აქედან, ჩემი არ არის-მეთქი. მათ კი იყვირეს, პისტოლეტი ვიპოვეთო, და დაიწყო. დამაპატიმრეს და იქ საკმაოდ დიდი დრო დავყავი. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, 4 წელი, 1 თვე და 8 დღე დავყავი თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, განსაკუთრებით მკაცრ პირობებში. ჩემს წინააღმდეგ იყენებდნენ წამებას, მამცირებდნენ.”

ტრეპაშკინი, რომელიც ეფესბეს ყოფილი ოფიცერია, ამბობს, რომ ციხეში ჯდომის შედეგად საგრძნობლად დაუზიანდა ჯანმრთელობა. მისი თქმით, მას ყველა ბრალდების მოხსნას ჰპირდებოდნენ, თუკი ის აფეთქებების გამოძიებას შეწყვეტდა.

ტრეპაშკინის განცხადებით, მას სთხოვეს გაწევრიანებულიყო სიკვდილის ბრიგადაში, რომელიც მეორე მეამბოხეს - კაგებეს ყოფილ ოფიცერ ალექსანდრ ლიტვინენკოს - ეძებდა. სამი წლის წინ ლიტვინენკო სასიკვდილოდ მოწამლეს ლონდონში, სადაც ის ცხოვრობდა. თანამოაზრეების აზრით, ლიტვინენკო სწორედ იმიტომ მოკლეს, რომ ის აფეთქებებში ეფესბეს ადანაშაულებდა.

ისტორიკოსმა იური ფელშტინსკიმ, რომელიც თანაავტორია ლიტვინენკოზე დაწერილი წიგნისა, სახელწოდებით ”რუსეთის აფეთქება“, რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს უთხრა, რომ კვლავაც არ იცნობს არც ერთ ფაქტს, რომელიც მის თეორიას გააბათილებდა:

”ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების საკუთრივ ეფესბეს ვერსიაშიც კი არც ერთ ჩეჩენი არ ფიგურირებს.”

ფელშტინსკის აზრით, პუტინს, რომელიც ეფესბეს 1999 წლის აგვისტომდე ხელმძღვანელობდა, აფეთქებების გეგმა აუცილებლად ეცოდინებოდა.

კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ აფეთქებების კვალი - ნანგრევები და მტვერი - ძალიან მალე გაწმინდეს იმისათვის, რომ ჯეროვანი გამოძიება ჩატარებულიყო. ამასთან, ისინი მიანიშნებენ, რომ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არც ერთ ჩეჩნურ დაჯგუფებას არ უკისრია.

მაგრამ ამ ასპექტებზე კიდევ უფრო მრავლისმეტყველი ფაქტი, ზოგიერთის აზრით, მოსკოვის აფეთქებებიდან მალევე მოხდა. ყველაფერი სექტემბრის ერთ ღამეს დაიწყო, როდესაც ქალაქ რიაზანის ერთ-ერთი სახლის მცხოვრებლებმა თავიანთი სარდაფის კართან მდგარი საეჭვო მანქანა შეამჩნიეს. მათ პოლიციაში დარეკეს. პოლიციამ თეთრი ფხვნილით სავსე დიდი პარკები აღმოაჩინა, რომლებიც დეტონატორთან იყო შეერთებული. დეტონატორის ტაიმერი დილის საათებზე იყო დაყენებული.

პოლიციის განცხადებით, დადგინდა, რომ თეთრი ფხვნილი ჰექსოგენი იყო - მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც მოსკოვის აფეთქებების დროს იყო გამოყენებული. ადგილობრივმა მთავრობამ მაშინვე განაცხადა, რომ რიაზანი აფეთქებას გადაურჩა.

მაგრამ ორი დღის შემდეგ, როცა პოლიცია ამ საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებებს იწყებდა, სახელმწიფო ტელევიზიით ეფესბეს ხელმძღვანელი ნიკოლაი პატრუშევი გამოვიდა და განაცხადა, რომ პარკებში, სინამდვილეში, მხოლოდ შაქარი ეყარა. პატრუშევის თქმით, ეს პარკები მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისთვის გამიზნული საწვრთნელი ოპერაციის ნაწილი იყო. ეფესბემ სახლის სარდაფი სწრაფად გაწმინდა ყველანაირი მტკიცებულებისგან.

ტრეპაშკინსა და სხვებს მიაჩნიათ, რომ დაბნეულობა და სხვადასხვა ვერსია, რომელიც თან ახლდა ამ ინციდენტს, ამტკიცებს, რომ ოპერაცია მართლაც ეფესბეს ორგანიზებული იყო, მაგრამ არა როგორც კონტრტერორისტული წვრთნა, არამედ სახლის აფეთქებისთვის დაგეგმილი ნაბიჯი.

როცა ოფიციალურმა უწყებებმა აფეთქებების გამოძიებაზე უარი განაცხადეს, ლიბერალი კანონმდებლების მცირე ჯგუფმა დამოუკიდებელი საგამოძიებო კომიტეტი შექმნა. ამ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი იუშენკოვი 2003 წელს საკუთარი სახლის წინ მოკლეს. სიკვდილამდე კრემლის ამ ცნობილმა კრიტიკოსმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კომიტეტის დასკვნები აფეთქებებში უშიშროების სამსახურების მონაწილეობაზე მიუთითებდა:

”ამ სპეცსამსახურებს, რომლებიც გიგანტურ შესაძლებლობებს და საიდუმლოებს ფლობენ, შეუძლიათ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება და ათასნაირი უკანონო მეთოდის გამოყენება იმისათვის, რომ მოვლენები მათთვის სახარბიელო მიმართულებით განვითარდეს.”

დღესდღეობით ცოტა ვინმეს თუ სჯერა, რომ 1999 წლის აფეთქებებს როდისმე გამოიძიებენ. გასულ წელს ტატიანა და ალიონა მოროზოვებმა - ორმა დამ, რომლებმაც ადვოკატი მიხეილ ტრეპაშკინი დაიქირავეს ათი წლის წინ მათი ბინის აფეთქების გამოსაძიებლად - პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს ღია წერილით მიმართეს. ”ჩვენ ახლა გვჯერა, რომ ჩვენი დედა და მეზობლები პოლიტიკურ მიზნებს შეეწირნენ მსხვერპლად”, - წერენ ისინი და დასძენენ: ”ამ თვალსაზრისს მხოლოდ ობიექტური გამოძიების ჩატარება თუ შეგვაცვლევინებსო.”
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG