Accessibility links

logo-print

ვაშინგტონს თეირანთან მოლაპარაკების იმედი აქვს


აშშ იმედს გამოთქვამს, რომ ის და მისი საერთაშორისო პარტნიორები ახლო მომავალში შეძლებენ ირანთან მოლაპარაკების გამართვას, რათა განისაზღვროს, მართლაც სურს თუ არა ისლამურ რესპუბლიკას, სერიოზულად იმსჯელოს ირანის ბირთვულ პროგრამასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ფილიპ კრაულის განცხადებით, მართალია, ირანის შეთავაზება საერთაშორისო მოლაპარაკების გამართვის თაობაზე „გამაწბილებელი“ იყო, რადგან არ შეიცავდა ბირთვული საკითხის განხილვის კონკრეტულ წინადადებას, მაგრამ ის მაინც იძლევა შანსს, თეირანთან უშუალო დიალოგი დაიწყოს. თუმცა, კრაულიმ დასძინა, რომ თუ ირანი უარს განაცხადებს, სერიოზულად იმსჯელოს ბირთვული პროგრამის საკითხზე, აშშ და მისი პარტნიორები (გაეროს უშიშროების საბჭოს დანარჩენი ოთხი მუდმივი წევრი: რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, აგრეთვე, გერმანია) შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ.
XS
SM
MD
LG