Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერდაუძლურებული ალ-ყაიდა


როგორც ქაბულის ერთ-ერთ პარკში გაკრულ დაფაზე წერია, ალ ყაიდის ლიდერებზე ძებნაა გამოცხადებული
როგორც ქაბულის ერთ-ერთ პარკში გაკრულ დაფაზე წერია, ალ ყაიდის ლიდერებზე ძებნაა გამოცხადებული
2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმიდან რვა წლის შემდეგ, ალ-ყაიდის მოქმედების ტაქტიკა, სტრატეგიულად მოქნილი იდეოლოგიის ფარგლებში, ევოლუციას განიცდის. ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ბევრი რამ კვლავ უცნობია და ვარაუდების საგნად რჩება - მათ შორის ისიც, ცოცხალია თუ არა ბინ ლადენი.

გავრცელებული აზრი ალ-ყაიდის თაობაზე ისაა, რომ ტერორისტული ქსელი, როგორც ორგანიზაცია, 2001 წლის შემდეგ იმდენად დასუსტდა, რომ მსოფლიოსთვის დიდ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. თუმცა ალ-ყაიდის ჯიჰადის იდეოლოგიის გავლენით შექმნილი პატარ-პატარა ტერორისტული ჯგუფები საფრთხის წყაროა, - ამბობს მაჰა აზამი (ქალი), “ჩატემ ჰაუსის” ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი.

“ალ-ყაიდა დღეს ის ალ-ყაიდა აღარ არის, როგორიც ჩვენ 2001 წლის სექტემბრის თავდასხმისას წარმოგვედგინა. არსებობს ცალკეული ჯგუფები, რომლებსაც სასტიკი ტერორისტული აქტების მოწყობა შეუძლიათ,მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი იმავე ლიდერებისა და იმავე ორგანიზაციული სტრუქტურების გავლენით მოქმედებდნენ. ჩვენ კვლავ საფრთხის წინაშე ვდგავართ. საფრთხე კი ისაა, რომ ცალკეული ინდივიდებისაგან შემდგარ პატარ-პატარა ჯგუფებს საშინელი ტერაქტების მოწყობა შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.”

თუმცა გავრცელებულია მოსაზრება, რომ ალ-ყაიდის დასუსტებული ჯგუფის ლიდერები პაკისტანიდან ხელმძღვანელობენ ტერორისტულ ჯგუფებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა დეკემბერში განაცხადა, რომ ტერორისტულ გეგმათა სამი მეოთხედი, რომელსაც ბრიტანეთის პოლიცია იძიებს, სწორედ პაკისტანში მყოფ ალ-ყაიდის ლიდერებს უკავშირდება. პაკისტანელი დიპლომატები უარყოფენ ასეთ ბრალდებას და აცხადებენ, რომ, პირველ ყოვლისა, ბრიტანეთმა უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც აიძულებს ბრიტანელ მუსლიმანებს დაადგნენ ექსტრემიზმის გზას. საუბარი ეხება იმ შემთხვევას, როდესაც სამი ბრიტანელი მუსლიმანი აპირებდა ტრანსატლანტური რეისის 7 თვითმფრინავის აფეთქებას, რასაც ბრიტანული სასამართლო დღემდე იძიებს.

ნაიჯელ ინსკტერი საერთაშორისო ურთიერთობათა სტრატეგიული შესწავლის ინსტიტუტში ტრანსატლანტური საფრთხეებისა და პოლიტიკური რისკების განყოფილებას ხელმძღვანელობს. მკვლევარი ამბობს, რომ, პაკისტანის უსაფრთხოების ძალებისა და ამერიკის სადაზვერვო სპეცდანიშნულების ნაწილების ერთობლივი მოქმედების შედეგად, ალ–ყაიდას ძალიან უჭირს პაკისტანიდან პირდაპირ უხელმძღვანელოს მასშტაბურ ოპერაციებს: “გაცილებით გონივრულია, ალ-ყაიდა განვიხილოთ როგორც არა იმდენად ტერორისტული ორგანიზაცია, რამდენადაც გარკვეული სახის მოძრაობა, რომელიც ერთგვარი იდეოლოგიური ქოლგის როლს ასრულებს სხვა მრავალი დაქსაქსული და დეცენტრალიზებული ჯგუფისათვის.”

სხვა ექსპერტების მსგავსად, ინკსტერიც ფიქრობს, რომ ბინ ლადენი, სავარაუდოდ, ცოცხალი უნდა იყოს და დაკავებული უნდა იყოს, ძირითადად, ალ-ყაიდის იდეოლოგიის გავრცელებით, ვიდეო და აუდიო გზავნილების გზით.

მაგრამ რაჰილ ბედი, “ჯეინს დიფენს უიკლის” სამხრეთ აზიის კორესპონდენტი, ამბობს, რომ მეორეხარისხოვანია ცოცხალია თუ არა ბინ ლადენი. ჟურნალისტის თქმით, ბინ ლადენით თუ მის გარეშე, ალ-ყაიდა არსებობს და შეცდომა იქნებოდა ამის სათანადოდ არდაფასება: “ალ-ყაიდა სწორედ რომ არსებობს. შესაძლოა, მოცემულ მომენტში შესუსტდა მისი შესაძლებლობა განახორციელოს ისეთი თავდასხმა, როგორიც განახორციელა 11 სექტემბერს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იგი ძლიერდება და ხელახლა ჯგუფდება. და მან, შესაძლოა, თვეებისა და წლების შემდეგ დიდი საფრთხე შექმნას. იგი გაფართოვდა და შეიერთა ავღანეთის თალიბანი, ისევე როგორც პაკისტანის თალიბანი და პაკისტანში არსებული სხვა ექსტრემისტული ჯგუფები.“

ბედის თქმით, ალ-ყაიდას ზოგიერთი წევრი შესაძლოა პაკისტანიდან ისეთ სუსტად კონტროლირებად ქვეყნებში გადავიდეს, როგორიცაა სომალი, სუდანი, ალჟირი და იემენი, მაგრამ ტერორისტული ჯგუფები დაფინანსებას კვლავ პაკისტანიდან და ავღანეთის იმ რეგიონებიდან ღებულობენ, რომლებიც პაკისტანს ესაზღვრებიან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG