Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი შეშფოთებულია საქართველოს გემების მიმართ სეპარატისტების მუქარით


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი შეშფოთებულია იმით, რომ აფხაზი სეპარატისტები საქართველოს გემების ჩაძირვით იმუქრებიან.

ფილიპ გორდონის განცხადებას წინ უძღოდა საქართველოს საზღვაო სასაზღვრო ძალების მიერ აფხაზეთის მიმართულებით მცურავი სატვირთო გემის დაკავება, რასაც აფხაზი სეპარატისტების მუქარა მოჰყვა. გორდონი შექმნილ ვითარებაში ახალი კონფლიქტის საფრთხეს ხედავს.

ვაშინგტონის შეშფოთების შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს განუცხადა. მისი თქმით, შავი ზღვის საქართველოს მონაკვეთზე შექმნილი ვითარება კონფლიქტის საფრთხის შემცველია. გორდონმა განაცხადა:

“ეს ფაქტი ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ეს დაძაბულობის სწორედ ის ეტაპია, რომლის თავიდან აცილებას ვცდილობთ.”

სახელმწფიო მდივნის მოადგილის თქმით, ურთიერთგაგების არარსებობამ და კომუნიკაციის უკმარისობამ შესაძლოა წარმოშვას ახალი კონფლიქტი, რომელიც, თავის მხრივ, გაცილებით მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზრდება.

„ჟენევის დისკუსიებზე ამ თემას აუცილებლად წამოვწევთ და მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ ხმამაღალი რიტორიკისა და არასაჭირო ქმედებებისგან, რადგან შეცდომები პრობლემებს მოგვიტანს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

რიტორიკა რომ მართლაც ხმამაღალია, ეს ჩანს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებიდანაც, რომელიც მან რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ ქართული მხარე გემებს ნეიტრალურ წყლებში აკავებს, რაც, სეპარატისტული სოხუმის წარმომადგენლის აზრით, საერთაშორისო სამართლის დარღვევა და მეკობრეობაა:

„ჩვენს წყლებში, კი ბატონო, შემოდით. ჩვენ ვიცით, აქ რასაც გიზამთ. უკვე გაცემულია ბრძანება აფხაზეთის პრეზიდენტის მიერ. ეს კარგადაა ცნობილი. მათ ჩავძირავთ აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში ან დავაკავებთ. ყველა საჭირო ზომა მიღებული იქნება ჩვენი საზღვაო საზღვრების დასაცავად, ამაში ეჭვი არავის ეპარება.“

აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის ასეთი განცხადებები მას შემდეგ გაისმა, რაც საქართველოს საზღვაო სასაზღვრო ძალებმა დააკავეს აფხაზეთის მიმართულებით მცურავი გემი, რომელსაც სოხუმში თურქეთიდან ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა. დაკავებული გემის ეკიპაჟი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასამართლეს. ოფიციალური თბილისი კვლავაც აცხადებს, რომ არ დაუშვებს აფხაზეთის მიმართულებით საზღვაო მიმოსვლას საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე.

უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის აზრით, საქართველოს ქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ ეწინააღმდეგება, რუსეთს კი განზრახული აქვს აფხაზი სეპარატისტების მეშვეობით შავ ზღვაზე დაძაბულობა შექმნას და ამით საქართველოს პორტების იმიჯი შეარყიოს:

„მე არ ველოდები, რომ რაიმე სერიოზული კონფლიქტი წარმოიქმნას შავ ზღვაზე. შეიძლება ადგილი ჰქონდეს გარკვეულ პროვოკაციას ან ინციდენტს, რაც უარყოფითად იმოქმედებს ალტერნატიულ მაგისტრალზე, რაც რუსეთის ინტერესებშია. ვფიქრობ, რომ აშშ, ევროკავშირი, თურქეთი და საქართველო აქტიურად შეეცდებიან პრობლემის მოგვარებას.“

საქართველოს საზღვაო აკვატორიაში შექმნილი ვითარების მოწესრიგებას მხარეები 17 სექტემბერს კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შეეცდებიან.
XS
SM
MD
LG