Accessibility links

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


შემოდგომის მეორე კვირა იწურება და ქართულ პრესაში საგრძნობლად იმატა ოპოზიციის გეგმებზე საუბარმა.

” პოლიტიკა პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ. ბევრ ადამიანს ვცემ პატივს, მაგრამ პოლიტიკა პროფესიაა და შეთავსებას ვერ იტანს”, - უთხრა რესპუბლიკელების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა, გაზეთ “ვერსიას” ორშაბათის ინტერვიუში.
“არ მჯერა, რომ ადამიანი, რომელიც არც ერთი პარტიის წევრი არაა, პოლიტიკაში წარმატებას მიაღწევს. პრინციპულად უპარტიო “პოლიტიკოსებისა” ხომ საერთოდ არ მწამს. თუ ვინმეს უნდა რეიტინგი კიდევ უფრო დაიქციოს, შეუძლია ოროსნობაში კვლავ იმეცადინოს. „ალიანსი“ კი შეეცდება, მოამზადოს გარემო ყველანაირი ტიპის არჩევნებისთვის. თუ გვაქვს შანსი, ეს გამოვგლიჯოთ ხელისუფლებას, ამბობს ლევან ბერძენიშვილი ინტერვიუში და თბილისის მერის არჩევნებზე საუბრობს:
“რაკი ლიდერი ალასანიაა, არ არის გამორიცხული, მერობის კანდიდატი ის იყოს. „ალიანსის“ შექმნის საკმაოდ ხანგრძლივ პროცესში გავარკვიეთ ამა თუ იმ შემთხვევაში ვინ რა პოსტზე უნდა წარვადგინოთ. გათვლებს ახლა არ ვაკეთებთ. გარწმუნებთ, „ალიანსის“ კანდიდატების შესახებ გადაწყვეტილებებს „ალიანსშივე“ ვიღებთ. ამერიკა ასეთი წვრილმანი საკითხებით არ ინტერესდება. თუმცა ალასანია ამერიკაში ჩასვლისას რომ ტყეში არ დაიარება, ფაქტია. ირაკლი კი არა, სამედიცინო თვალსაზრისით ჩასული, მეც კი შევხვდი ხალხს... ამერიკელებს საღი განწყობა აქვთ. სააკაშვილი აღარ მოსწონთ, მაგრამ ბრძოლაა ორ ფრთას შორის - ერთი ამბობს, სააკაშვილთან ერთად საქართველოსაც გავუშვათ ხელიო, მეორენი კი გამოსავალს ეძებენ”, - უთხრა ლევან ბერძენიშვილმა „ვერსიას“.
და, აი, კიდევ ერთი ამონარიდი ამ ინტერვიუდან:
“გოგა ხაინდრავას მოსაზრება, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებით ოპოზიციაში განხეთქილების მოხდენას ცდილობს, შეცდომად მიმაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს, ჩემი მეგობრის ძმაა, არ მიმაჩნია გოგა ხაინდრავა პოლიტიკოსად. ეს თემა გოგას თავის ძმასთან სალაპარაკოდ დავუტოვოთ. ისე, ვერ გავიგე, სააკაშვილთან თანამშრომლობა შეიძლება და ლაპარაკი არა? ”

ოპოზიციის გეგმებზე ბევრს წერდა ამ კვირაში „რეზონანსი“. - პაატა დავითაია აკაკი ასათიანსა და კონსტანტინე გამსახურდიასთან ბლოკის შექმნას გეგმავს, კონსტანტინე გამსახურდია კი შესაძლოა პარლამენტში დაბრუნდესო, - წერდა გაზეთი ერთ პუბლიკაციაში. წერდა იმაზეც, რაზეც უკვე ბევრს საუბრობენ და რაც აქციების დასრულებისთანავე გახდა ცხადი: პოლიტიკურ ძალთა შორის გადაჯგუფებაა მოსალოდნელი. თუმცა ჯერჯერობით ყველაზე რადიკალურ გადაწყვეტილებად ისევ ცაგარეიშვილის თორთლაძისგან წამოსვლის ფაქტი რჩებაო. იქნება თუ არა იგი ალასანიას გუნდის წევრი, ეს ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის, - წერს გაზეთი და დასძენს: ”თუმცა მისი იქ გაწევრება მაინცდამაინც რადიკალურ ცვლილებად აღარ ჩაითვლება”. „რეზონანსის“ მიხედვით, არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც ჯერჯერობით არანაირ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ ახმაურებენ და ერთადერთ მყარ ალიანსად ისევ რესპუბლიკელების, „ახლებისა“ და ალასანიას გუნდის ალიანსი რჩება. ” რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, ცვლილებები ჯერჯერობით არც აქ არის. ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნას, რომელიც ალასანიას მხარდამჭერი ძალა იქნება, რითაც ალასანია, გარკვეულწილად, საპარლამენტო მხარდაჭერას მოიპოვებს”, - ვკითხულობთ „რეზონანსში“.

ამ კვირაში ექსპერტი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აანალიზებდა : “გაზაფხულის საპროტესტო აქციების ყველაზე ხელშესახები შედეგი ის არის, რომ ხელისუფლებას მხარდამჭერები შეუმცირდა. მაგალითად, თუ 2008 წლის დეკემბერში “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველთა ხვედრითი წილი თბილისში შეადგენდა 25%-ს, 2009 წლის მაისში მან 11%-მდე დაიწია. ეს ერთგვარად “ფარული” შედეგია, რომელიც ჯერჯერობით ინსტიტუციურად არ ჩანს, მაგრამ, რასაკვირველია, თავს იჩენს ნებისმიერ მომავალ არჩევნებში, თუკი იგი ობიექტურად გაიმართება... ყველაზე ირონიული კი ის არის, რომ სწორედ ხელისუფლებამ მოახდინა იმ ძალიან მნიშვნელოვანი წინადადებების ინიცირება, რაც ოპოზიციური სპექტრის მიერ უნდა ყოფილიყო წამოყენებული. ვგულისხმობ საკონსტიტუციო ცვლილებებს ძალაუფლების გადანაწილების თაობაზე, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას, თბილისის მერის არჩევნებს და ა.შ. ოპოზიციის ერთადერთი მოთხოვნა მთელი ამ სამი თვის განმავლობაში იყო პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა, ყველა სხვა ცვლილების მოთხოვნა ხელისუფლებასთან კოლაბორაციონიზმად და მარგინალურად მოინათლა. ჩემი აზრით, ეს იყო ოპოზიციის სერიოზული შეცდომა”, - უთხრა იაგო კაჭკაჭიშვილმა“რეზონანსს”.

შაბათს კი პრესა ოპოზიციის ერთ ახალ წამოწყებაზე წერდა. ”ერთიან ლიდერს ოპოზიცია პრაიმერის მეშვეობით აირჩევს” - ასეთი სათაური ჰქონდა „ახალი თაობის“ პუბლიკაციას, რომელშიც ამ წამოწყებაზე “კონსერვატორი” ზვიად ძიძიგური საუბრობდა:
“საქართველოს მოსახლეობას ოპოზიციამ, 2007 წლიდან მოყოლებული, აჩვენა ოპოზიციური ერთობის მაგალითები, მაგრამ ეს ერთობა არ აღმოჩნდა საკმარისი სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად და ვადამდელი არჩევნების მისაღწევად. პრაიმერის შედეგად შესაძლებელია ოპოზიციაში გამოიკვეთოს ერთიანი ლიდერი, ჩამოყალიბდეს ერთიანი სტრუქტურები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ეს მოგვცემს საშუალებას გაცილებით ეფექტური იყოს ჩვენი ბრძოლა ხელისუფლებასთან”, - უთხრა „ახალ თაობას“ ზვიად ძიძიგურმა.
შაბათსვე „რეზონანსი“ წერდა, რომ ” კონსერვატორების იდეა, რომელიც პრაიმერის გზით საერთო ლიდერის გამოკვეთას შეეხება, ოპოზიციურ სპექტრში უკვე გახდა აზრთა სხვადასხვაობის საფუძველი”.

“ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში კი გოგა ხაინდრავა ამბობს: „მართალი გითხრათ, ეს პრაიმერი არ არის კონსერვატორების იდეა. ეს იდეა ეკუთვნოდა კობა დავითაშვილს. ნოემბრიდან მოყოლებული, კობა სულ ამბობდა, რომ პრაიმერი უნდა გამართულიყო. მერე კუკავამ წამოსწია, ალბათ, ეს იდეა. მე დღესაც მგონია, რომ ეს გადაუწყვეტელი საკითხია, ეს მოდის ქართველის გაჩენიდან: ნებისმიერი ქართველი რომ გააჩეროთ ქუჩაში და ჰკითხოთ, პრეზიდენტი თუ იქნებოდიო, არც კი დაფიქრდება - მე, აბა ვინო?” - უთხრა „ალიას“ გოგა ხაინდრავამ.










XS
SM
MD
LG