Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემფასებლები და გადამფასებლები


ფრანკ ბოლანდი (მარცხნივ) და ბაჩო ახალაია
ფრანკ ბოლანდი (მარცხნივ) და ბაჩო ახალაია
გასულ კვირაში საქართველოში უხმაუროდ ჩაიარა ნატოს დელეგაციის ე.წ. შემფასებელთა ჯგუფის სამუშაო ვიზიტმა. არადა, დელეგაციას ხელმძღვანელობდა ალიანსის ერთ-ერთი საკვანძო მოხელე, ფრენკ ბოლანდი, რომელიც 2003 წლიდან სათავეში უდგას ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და შეიარაღებული ძალების დაგეგმვისა და განვითარების დირექტორატს.

ასეთი თანამდებობა პრესასთან ზედმეტ გულახდილობას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, უცნობია, თუ როგორ შეაფასა ნატოს შემფასებელთა ჯგუფმა თავდაცვის სამინისტროში მომხდარი სკანდალური საკადრო ცვლილებები და რამდენად უწევს ანგარიშს ნატოს შემფასებელთა ანგარიშებს საქართველოს ხელისუფლება.


უალტერნატივო გზა და ნატოს ტვირთი

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ნატო- საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო. ალიანსმა საქართველოსთვის და ასევე უკრაინისათვის შემოიღო ურთიერთობის ახალი ფორმა ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP) სახით, რომლის შესრულების შემდეგ ქვეყანა გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის (MAP) ეტაპზე გადავა. ყოველწლიური პროგრამა მაისში თითქოს დამტკიცდა, თუმცა დოკუმენტი კლასიფიცირებულია. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ვალდებულებებს გულისხმობს ყოველწლიური ევროვნული პროგრამა და რა ვადებში უნდა მოხდეს მათი შესრულება.

სიტყვა “ყოველწლიური” თითქოს უნდა ნიშნავდეს, რომ საშინაო დავალება ერთ წელზეა გათვლილი. მაგრამ ჯერჯერობით საქართველოში რაც ყოველწლიურად იცვლება, ესაა თავდაცვის მინისტრები და მათი ხედვები. ყოველი ახალი ხედვა კი პრიორიტეტების ნაწილში წინამორბედს იმეორებს და, შესაბამისად, ნატოში ინტეგრაცია კვლავ მთავარ ამოცანად რჩება.

“ნატო ეს არის ჩვენ გზა და ეს არის უალტერნატივო გზა, რომლის მიმართაც ჩვენ აღებული კურსის გაგრძელებას ვაპირებთ მნიშვნელოვანწილად. ჩვენ გვინდა ნატოსთან დაახლოება და გვინდა სწორედ ისეთი შეიარაღებული ძალების შეთავაზება, რომელიც არ იქნება ტვირთი ნატოსა და ალიანსისათვის, არამედ, პირიქით, ეს იქნება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ ალიანსისთვის.”

ჯერჯერობით საქართველოში რაც ყოველწლიურად იცვლება, ესაა თავდაცვის მინისტრები
ასე ჩამოაყალიბა ნატოში გაწევრიანების მიმართულებით თავდაცვის სამინისტროს გასაკეთებელი საქმე ახალმა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ. ძალიამ მოკლე და მკაფიო გზავნილია. არ არის მინიშნებაც კი გადაჭარბებულ მოლოდინებზე, რაც საქართველოს ხელისუფლებას ახასიათებდა 2008 წლის აპრილამდე, როცა თბილისი ლამის ყველას არწმუნებდა, რომ ქვეყანა აუცილებლად მიიღებდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, რომ ქართული არმია სამხრეთ კავკასიის რეგიონში უძლეველია და ასე შემდეგ. პირიქით, თუ კარგად დავაკვირდებით, ბაჩო ახალაიამ ან შეგნებულად თქვა, ან წამოსცდა, რომ დღევანდელი არმია, გარკვეულწილად, არის “ტვირთი ნატოსთვის”, ანუ არ უპასუხებს ალიანსის საბრძოლო და ოპერატიულ-ტაქტიკურ სტანდარტებს.

ეს სიმართლე ნატოში აქამდეც იცოდნენ. კერძოდ, იცოდა ბატონმა ფრენკ ბოლანდმა, ნატოს თავდაცვისა და შეიარაღებულ ძალთა დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორმა, რომელსაც 6 წელია უდევს ხელი საქართველოს შეიარაღებული ძალების პულსზე, ჩამოჰყავს შემფასებელთა დიდი ჯგუფი და ყველაფერს ძირისძირობამდე იკვლევს. სხვა საკითხია, რომ, როდესაც შემფასებლები თბილისს ტოვებდნენ, -როგორც სტუმრებს შეჰფერის, - ყოველთვის პროგრესზე საუბრობდნენ.

მაგრამ, შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ, შემფასებელთა მისია უხმაუროდ ჩამოდის და მიდის საქართველოდან. ნატოსთვის ავანსების გაცემის დრო დამთავრდა, ამბობს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, ნატოს საინფორმაციო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, თორნიკე შარაშენიძე:
ახლა ეს ჩამოსვლები, უბრალოდ, არის იმის გამო, რომ არ გაჩერდეს ინტეგრაცია და მუშაობა არ შეწყდეს.

“ზოგადი მომენტია. მაშინ იყო სერიოზული პროგრესი ნატოში ინტეგრაციის პროცესის, IPAP (ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა) ერთ-ორ წელიწადში, ID (ინტენსიური დიალოგი) და ასე შემდეგ. მაშინ მართლა ისეთი მომენტი იყო, რომ იქიდანაც (ბრიუსელიდან) მოტივაცია იყო სერიოზული. “ახლა ეს ჩამოსვლები, უბრალოდ, არის იმის გამო, რომ არ გაჩერდეს ინტეგრაცია და მუშაობა არ შეწყდეს. ამას ემსახურება ჩამოსვლები და ვიზიტები.”


ახალი რეცეპტი ნატოს გულის მოსაგებად

გარდა იმისა, რომ პროგრესი შეჩერდა, მდგომარეობა გაუარესებულია ყველა ძირითადი მიმართულებით, რაც დემოკრატიულ კლუბში ქვეყნის გაწევრიანებას განსაზღვრავს.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხარისხით საქართველო უკან-უკან მიდის, ქვეყანა ამოიღეს “არჩევითი დემოკრატიების სიიდან” და, შარშანდელი ომის შემდეგ, მძიმე ვითარებაშია შეიარაღებული ძალები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ყველაზე უფრო წარმატებულ “პროექტად” მიიჩნეოდა.

შესაბამისად, როგორც ექსპერტები ამბობდნენ, ნატოს შემფასებელთა ჯგუფისა და პირადად ფრენკ ბოლანდის სასწრაფო წესით მივლინება საქართველოში ერთ ძირითად მიზანს ემსახურებოდა – პირადად გაეცნო თავდაცვის ახალი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომლის დანიშვნით გამოწვეულმა ხმაურმა საქართველოდან ბრიუსელამდეც ჩააღწია.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო ურთიერთობათა ასოციაციის” დირექტორი ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ ნატოსთვის, რომელიც საქართველოს ჯერ კიდევ განიხილავს პოტენციურ წევრად, არ არის მეორეხარისხოვანი, თუ ვინ ხელმძღვანელობს ქვეყნის საკვანძო სტრუქტურებს.

“თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შეეძლოთ იმ ენაზე, იმ თემატიკაზე, იმ საკითხებზე საუბარი, რაც არის საერთო და რაც არის გასაგები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. და, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, თუ ვინ ხელმძღვანელობს ამა თუ იმ უწყებას. თუმცა მე ვფიქრობ, რომ მაინც საგარეო პოლიტიკის ვექტორი, ძირითადად, განისაზღვრება ქალაქის თუ ქვეყნის ცენტრში და ეს ვექტორი არ იცვლება, თუ რაიმემ ხელი არ შეუშალა.”

მაგრამ არის რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორი, რაც გავლენას ახდენს საგარეო პოლიტიკის დეკლარირებული პრიორიტეტების განხორციელებაზე. ესაა საქართველოს შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა, მოუგვარებელი კონფლიქტები, ხელისუფლების მისწრაფება ავტორიტარიზმისაკენ, მედიასაშუალებების მონოპოლიზება და ოპოზიციის გამოსვლების დარბევა. ნიშანდობლივია, რომ გასულ კვირაში, როდესაც საქართველოში ნატოს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფებოდა, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კახეთში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაშალეს და “კონსერვატიული პარტიის” თელავის ოფისი დაარბიეს.

კონტროლირებადმა ცენტრალურმა ტელეარხებმა საქართველოში დარბევის ფაქტი შეძლებისდაგვარად მიაფუჩეჩეს და ძირითადი დრო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ იმავე თელავში გამართული “მთავრობის ანგარიშის” პრეზენტაციას დაუთმეს. მაგრამ ფრენკ ბოლანდს და მის შემფასებელთა ჯგუფს, რომლებსაც ინფორმაციის უამრავი ალტერნატიული წყარო ჰყავთ საქართველოში, არ გაუჭირდებოდათ ამ ცნობის მიღება და ბრიუსელში ჩატანა.

არადა, ასეთი ფაქტები უკვალოდ არ იკარგება. ოპოზიციისა და თავისუფალი მედიის შევიწროების გამო “საქართველომ უკვე დაკარგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიდერის სტატუსი” და ქვეყანა ახლა იმავე ჯგუფშია, რომელშიც სომხეთი და აზერბაიჯანი, “რომლებსაც არავითარი პრეტენზია არა აქვთ, სულ მცირე, ახლო მომავალში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდნენ,” – ამბობს აჰტო ლობიაკასი, რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი ბრიუსელში.

ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება კვლავ ტრადიციულ პოლიტიკურ კურსს აგრძელებს. თბილისი ფიქრობს, რომ 750 ჯარისკაცის გაგზავნით ავღანეთში და ფართო სარეკლამო კამპანიით დასავლურ მედიაში საქართველო კვლავ დაიბრუნებს ნატოსა და ევროკავშირის ფორპოსტის როლს სამხრეთ კავკასიაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG