Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგებული რეზოლუცია უგო ჩავესის პროგნოზირებადი სიურპრიზის ფონზე


გასული პოლიტიკური კვირა საქართველოში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტით დაიწყო. ვიზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი, მაგრამ, თბილისსა და სოხუმს შორის არსებული საზღვაო კრიზისის ფონზე, მან მაინც განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა.

საქმე ისაა, რომ 31 აგვისტოს სასამართლომ 24 წლიანი პატიმრობა შეუფარდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემის კაპიტანს, თურქეთის მოქალაქე მეჰმედ ჯოშკუნ ოზთურქს, რომელსაც კონტრაბანდული საქმიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაში დასდეს ბრალი. შესაბამისად, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის საქართველოს დედაქალაქში გამართული შეხვედრები თურქეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის რიგითი სამუშაო ფორმატით არ შემოფარგლულა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალურ პირებთან, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტთან საქართველოს, კერძოდ, აფხაზეთის წყლებში დაკავებული ტანკერის კაპიტნის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხიც დასვა. საკითხი დადებითად გადაწყდა. 8 სექტემბერს კაპიტანი საპროცესო გარიგების შედეგად გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დანაშაული აღიარა. შედეგად, თურქეთის მოქალაქეს მეჰმედ ჯოშკუნ ოზთურქს, 24 წლიანი პატიმრობის ნაცვლად, პირობითი სამწლიანი სასჯელი შეეფარდა და 30 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

თუმცა თურქი კაპიტნის გათავისუფლებით სოხუმის მუქარანარევი რიტორიკა თბილისის მისამართით არ შემცირებულა. ქართული გემების ჩაძირვით სეპარატისტების მუქარის გამო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია და, ახალი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, 17 სექტემბერს ჟენევის დისკუსიაზე საკითხს ფართოდ დააყენებს. ჟენევამდე კი 8 სექტემბერს გალში, ინციდენტების პრევენციის ფარგლებში, მორიგი ხუთმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, აზრთა გაცვლა-გამოცვლით ამოიწურა და უშედეგოდ დამთავრდა.

“ჩვენ დავაყენეთ მოსახლეობის გადაადგილების საკითხი. გარდა ამისა, უკანასკნელ დროს გახშირდა რუსული ვერტმფრენების ფრენა ჩვენი პოსტების თავზე. თავის მხრივ, სხვა მხარეებმა დააყენეს გემების დაკავების საკითხი. მიმდინარეობს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე შედეგზე ლაპარაკი ნაადრევია“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გალში ქართული მხარის წარმომადგენელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეთა ერთი ნაწილი, კერძოდ, ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეები, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები იოჰან ვერბეკე და პიერ მორელი კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მორიგი, 17 სექტემბრისთვის დანიშნული, რაუნდის დღის წესრიგის შესათანხმებლად სოხუმსაც ეწვივნენ.

ქართულ-რუსული ურთიერთობები და აგვისტოს ომის შედეგები კი გასულ კვირაში ფართოდ განიხილებოდა ორ ისეთ მაღალ საერთაშორისო ტრიბუნაზე, როგორიცაა ევროსაბჭო და გაერო. ორივეგან ეს საკითხი პრიორიტეტული განხილვის საგნად იქცა და საქართველოსთვის მისაღები შედეგებით დასრულდა. კერძოდ, 9 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას. რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის განსახორციელებლად შეუფერხებელი შესვლის საშუალება უნდა ჰქონდეთ. „ჩვენ მოვიგეთ 48-ით 19“, - განუცხადა საქართველოს ელჩმა გაეროში ალექსანდრე ლომაიამ რადიო თავისუფლებას. აქვე დავაზუსტებთ, რომ გაეროს რეზოლუციას 48 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 19 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 78-მა ქვეყანამ თავი შეიკავა:

„დინამიკაში თუ განვიხილავთ, ეს არის ძალიან სერიოზული წარმატება. ჩვენი დევნილებისთვის ეს ნიშნავს მათი უფლებების, დაბრუნებისა და ქონების უფლებების ძალიან მტკიცე დადასტურებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებითი დემოგრაფიული ცვლილებების დაუშვებლობას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დადასტურებას. დაბრუნების გრაფიკის შექმნა დაადასტურა დღეს ამ რეზოლუციამ და ყველაფერი ეს ერთად არის ის, რომ ჩვენმა საკითხმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მართლაც ძალიან მაღალ სიმაღლეზე აიწია.“

გაეროს გენერალური ასამბლეის ამ რეზოლუციის მიღებას ძალიან დიდი ბრძოლა უძღოდა წინ, - განაცხადა, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა 9 სექტემბერს.

„დღეს დილით რუსეთმა დააყენა 19 შესწორება. დააყენა ჯერ პროცედურული საკითხი, რომ საერთოდ არ ყოფილიყო განხილვა და საერთოდ არ ყოფილიყო განხილვა და 64-მა სახელმწიფომ მისცა ამას წინააღმდეგი. ეს არის უპრეცედენტოდ დიდი კვორუმი რუსეთის საკითხების წინააღმდეგ. და რეზოლუცია მიღებულ იქნა 48 ხმით - სამნახევარჯერ მეტი ხმით, ვიდრე შარშან - და, რაც მთავარია, ამჯერად მთელი შემადგენლობით, მთლიანად, ევროპის კავშირის ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი დევნილების დაბრუნების უპირობო უფლებას და დაგმო ძალისმიერი მეთოდებით დემოგრაფიული ცვლილებების განხორციელება საქართველოს ტერიტორიებზე და, რა თქმა უნდა, მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.“

რუსეთი უმცირესობაში აღმოჩნდა პარიზშიც, სადაც ასევე 9 სექტემბერს ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე განიხილებოდა ანგარიში რუსეთისა და საქართველოს მიერ აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების შესრულების მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის თანახმად, საქართველომ შეასრულა თითქმის ყველა ვალდებულება, რუსეთმა კი - არც ერთი. შესაბამისად, მონიტორინგის კომიტეტმა რუსეთს დამატებითი ვალდებულება დააკისრა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2010 წლის 25 იანვრამდე რუსეთმა უნდა შეასრულოს ევროსაბჭოს წინა რეზოლუციებით გათვალისწინებული მთელი რიგი მოთხოვნები.

„ეს არის სრულიად მინიმუმი იმ ვალდებულებებისა, რომელიც რუსეთმა იანვრამდე უნდა შეასრულოს. კერძოდ, აქ ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირის მონიტორების შეშვებაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენი საზოგადოებისთვის, ალბათ, მნიშვნელოვანია ის პუნქტი, რომელიც ეხება ქართველი მოსახლეობის დაუბრკოლებლად გადაადგილებას ეგრეთ წოდებულ საზღვარზე ოკუპირებული ტერიტორიებისა, რომელიც დღეს რუსეთის ეფესბეს წარმომადგენლების მიერ კონტროლდება“, - განმარტავს დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი.

რუსეთმა კი, თავის მხრივ, საქართველოში გასული წლის აგვისტოში განხორციელებულ საომარ აგრესიას და სეპარატისტული რეგიონების ფაქტობრივ ოკუპაციას ლეგიტიმაცია მისცა იმ კანონპროექტის დუმაში განხილვის დაწყებით, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს არმიის საზღვარგარეთ გამოყენების უფლებას მისცემს. ეს იყო 9 სექტემბერს. 10 სექტემბერს კი ისევ მოსკოვში გაცხადდა, რომ სამამდე გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას ცნობენ. რუსეთისა და ნიკარაგიუს შემდეგ, ეს ქვეყანა ვენესუელაა. ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტთან, დმიტრი მედვედევთან, შეხვედრის დაწყებამდე გამოაცხადა.

„სამართლებრივად მნიშვნელობა არა აქვს, ეს ვენესუელა იქნება, შეერთებული შტატები თუ კოსტარიკა. მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ აღიარა. ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ ეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა, ცხადია, მის მაგალითს ბევრი მიჰბაძავდა, მაგრამ ვენესუელას მაგალითი ქვეყნების უმრავლესობისთვის არაფერს ნიშნავს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ექსპერტმა არჩილ გეგეშიძემ.

ექსპერტებისა და საზოგადოების განსჯის საგანი გასულ სამუშაო კვირაში კიდევ ერთი საკითხი გახდა - კერძოდ, საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად მარტივია ბიზნესის წარმოება საქართველოში. მსოფლიო ბანკის მიერ 183 ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ცვლილებების ყოველწლიური ანალიზის შედეგებით, საქართველომ მაჩვენებელი გააუმჯობესა და მეთხუთმეტედან მეთერთმეტე ადგილზე გადაინაცვლა.

„წელს ახალ რეიტინგში რაც ჩაითვალა საქართველოს მიერ განხორციელებულ ახალ რეფორმად, ეს იყო მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურის გამარტივება და ვაჭრობის წესების გამარტივება. ამ ორმა რეფორმამ განაპირობა ის, რომ საქართველომ შარშანდელი მეთხუთმეტე ადგილიდან გადაინაცვლა მეთერთმეტეზე“, - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა.

მსოფლიო ბანკის რეიტინგში პოზიციების გაუმჯობესების კვალდაკვალ, საქართველოს მთავრობაში იმედი აქვთ, რომ საქართველოთი სულ უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდება. გასულ კვირაში ამ მიმართულებით გადადგმული ცალკეული ნაბიჯების გარდა, მთავრობამ თავისი საქმიანობის საჯარო პრეზენტაცია თბილისის შემდეგ რუსთავსა და თელავში მოაწყო, გასვლითი სხდომა კი ამბროლაურში ჩაატარა, 8 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრისაგან დაზარალებულთა ადგილზე მონახულებისა და მათი საჭიროებების გაცნობის მიზნით. მიწისძვრამ, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია, 1000-ზე მეტი სახლი დააზიანა. სულ ცოტა, 400 ოჯახი დარჩა საცხოვრებლის გარეშე. მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისათვის საჭირო დოკუმენტი, სავარაუდოდ, უახლოეს ერთ კვირაში გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG