Accessibility links

logo-print

საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო


პირველკლასელი ნიცა

პირველკლასელი ნიცა

300 გარემონტებული სკოლა, 40 000 პირველკლასელი და 100-ლარიანი დახმარება სოციალურად დაუცველი და დევნილთა ოჯახების ბავშვებისათვის - ასე შეხვდა საქართველო ახალ სასწავლო წელს.

“აი იას” ნიცა თავის ”დედაენაში” დამარცვლით კითხულობს. ის უკვე პირველკლასელია. საქართველოს საჯარო სკოლებში 14 სექტემბერს მისთვის და მისი 40 000 თანატოლისათვის ახალი სასწავლო წელიც დაიწყო და ახალი ცხოვრებაც. ამბობს, რომ მასწავლებელი ყველაზე მეტად მოეწონა, იმიტომ რომ სულ გვაქებდაო, და პირობას დებს, რომ ათიანებზე ისწავლის, რადგან ეს ყველაზე კარგი ნიშანია.

49 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს ახალი მერხები და ახალი მასწავლებელი დახვდათ; ახალი წიგნებიც - საჩუქრად: დედაენა, მათემატიკა, ბუნება და ხელოვნება. დაწყებითი კლასის დამრიგებელი, მარიკა ჯიქია, ბავშვებზე მეტად ღელავდა: ” ჩემთვის ეს განსაკუთრებული დღე იყო - ახალი სკოლა, ახალი ბავშვები...მათაც არ გაუჭირდათ მშობლებთან განშორება და კლასში მარტო დარჩენა. დიდი გეგმები და იმედები გვაქვს…”

ზარი სკოლებში დილის ცხრაზე დაირეკა. შუადღისათვის კი თბილისის ქუჩები მოსწავლეებით იყო სავსე. პირველი დღე ყოველთვის ხალისიანი და ნაკლებად დამღლელია, მათი განწყობაც - შესაბამისი. მეთერთმეტეკლასელი გორო ვართანიანი მხოლოდ სწავლის მეთორმეტე წელს აპროტესტებს: ”სწავლის დაწყებას ველოდი, მაგრამ მეთორმეტე წელი აღარ მინდა. რა საჭიროა.ვინც სწავლობს, 11 წელშიც ისწავლის და ეს ბოლო წელი მაინც ვერაფერს შემატებს.”

წელს კვლავ გრძელდება პრეზიდენტის პროგრამა,რომლის მიხედვითაც პირველკლასელებს სახელმძღვანელოები და ჩანთები უფასოდ გადაეცემათ. განათლების სისტემაში იქნება სიახლეც: განათლების მინისტრის ნიკა გვარამიას თქმით, სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისა და მათთან გათანაბრებული 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებული ოჯახების პირველკლასელებს 100-100 ლარიანი დახმარება გადაეცემათ. უფრო ინტენსიური გახდება სასკოლო ოლიმპიადების პროგრამა. კვლავ ძალაში რჩება წამახალისებელი ოქროს და ვერცხლის მედლების პროგრამა მეთორმეტეკლასელებისათვის, თუმცა ის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისას რაიმე პრიორიტეტს არ იძლევა. გრძელდება პროგრამა ”ჩემი პირველი კომპიუტერიც: ”დაახლოებით 3500 მოსწავლე მიიღებს პერსონალურ კომპიუტერს. ეს უკვე მეცხრეკლასელებზეა გათვლილი, ვინც თავს გამოიჩენს და საუკეთესო შედეგს აჩვენებს.”

ახალი სასწავლო წლის დაწყებას აქციით გამოეხმაურნენ ლეიბორისტული პარტიის წევრები, რომლებმაც სახელმძღვანელოების ყველა კლასის მოსწავლეებისათვის უფასოდ გადაცემა მოითხოვეს. პარტიის ერთ-ერთი წევრი, პაატა ჯიბლაძე, ფიქრობს, რომ ბიუჯეტს აქვს შესაბამისი თანხები:

”საქართველოში მილიონამდე ოჯახია შეჭირვებულთა აღრიცხვაზე და, აქედან გამომდინარე, სასწავლო წიგნებით დახმარება იქნებოდა მათთვის უზარმაზარი შვება, რადგან ერთი ბავშვის აღჭურვა ყველა სასკოლო ნივთით ჯდება 130-140 ლარი.”

რადიო თავისუფლებამ განათლების მინისტრს ჰკითხა, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ყველა კლასმა სახელმძღვანელოების სრული პაკეტი უფასოდ მიიღოს, რაზეც ნიკა გვარამიამ გვიპასუხა, რომ ეს არის 40 მილიონიანი ხარჯი, რისი გაწევის საჭიროებაც არ არსებობს. თუმცა მომავალი წლიდან შესაძლოა განხორციელდეს პროგრამა მხოლოდ სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისათვის.

განათლების სამინისტროს მონაცემებით, ახალ სასწავლო წელს ახალი რემონტით დაახლოებით 300 სკოლა შეხვდა. სწავლა ერთი კვირის დაგვიანებით, 21 სექტემბერს, განახლდება მხოლოდ ონის რაიონში, სადაც 8 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრის გამო სკოლის დაზიანებული შენობების შემოწმება და დიაგნოსტიკა მიმდინარეობს. 14 სექტემბერი მოსწავლეებსა და პედაგოგებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიულოცა - ის ჯერ სოფელ ვახტანგისს ესტუმრა, შემდეგ კი წეროვანში, დევნილების ჩასახლების რაიონში, ახალი საჯარო სკოლის გახსნას დაესწრო.
XS
SM
MD
LG