Accessibility links

logo-print

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ დიცში სასწავლო წელი დაიწყო


დიცის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დროულად დაიწყო

დიცის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დროულად დაიწყო

გერონტი მძინარაშვილმა დღეს ყველაზე ადრე გაიღვიძა და სკოლისკენ გაემართა. სხვა 13 პირველკლასელის მსგავსად, მას მერხზე პრეზიდენტის საჩუქრები დახვდა. გასული წლისგან განსხვავებით, დიცის საჯარო სკოლაში წელს სასწავლო პროცესი დროულად განახლდა. სოფელი ოსური და რუსული შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ერედვს ესაზღვრება, სკოლიდან დაახლოებით 500 მეტრში კი რუს ჯარისკაცებს სასაზღვრო საგუშაგო აქვთ მოწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ დიცში ქართველი პოლიციელები პატრულირებენ, მოსწავლეების მშობლები მიიჩნევენ, რომ სკოლაში ბავშვების გაშვება არცთუ უსაფრთხოა.

შარშან დიცის სკოლაში სასწავლო პროცესი მხოლოდ ოქტომბერში განახლდა, ომის შემდეგ დაბრუნებულ პედაგოგებს და მოსწავლეებს სკოლა დარბეული და გაძარცული დახვდათ. სკოლის მასწავლებლის ეკატერინე საურის განცხადებით, რუს ჯარისკაცებს ოკუპირებული სოფლის სკოლაში ჰოსპიტალი ჰქონდათ მოწყობილი და იქ დაჭრილები გადაჰყავდათ.

დიცის საჯარო სკოლამ არაერთ სტუმარს უმასპინძლა
ომის შემდეგ დიცის სკოლას პირველი დახმარება უნგრეთის საელჩომ აღმოუჩინა. ერთი წლის წინ უნგრელებმა სკოლაში 20 კომპიუტერი ჩაიტანეს. უნგრეთის ელჩი გაბორ შაგი დიცში დღესაც ჩავიდა და იქ სასკოლო ავტობუსი ჩაიყვანა. ელჩმა კონფლიქტის ზონაში დღეს არსებული მდგომარეობა იმ დროს შეადარა, როცა ბერლინის კედლით ევროპა შუაზე იყო გაყოფილი.

დიცის საჯარო სკოლის დირექტორმა ელიზავეტა ხაბაზიშვილმა აღნიშნა, რომ სკოლაში სამი მეზობელი სოფლის ბავშვებიც დადიან. ამიტომ მათთვის ავტობუსის ჩუქება დროული იყო.

გორის რაიონის სოფლების უმრავლესობაში წელს სასწავლო პროცესი დროულად განახლდა. რუსული ავიაციის მიერ დაბომბილ გორის მე-7 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრისთვის დასრულდება. ქვემო ნიქოზის დანგრეული სკოლის მოსწავლეები კი კიდევ ერთ წელს მეზობელი სოფლის სკოლაში ივლიან.
XS
SM
MD
LG