Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაკოტრების ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა


"ლემან ბრაზერსის" ყოფილი შტაბბინა ნიუ იორკში
"ლემან ბრაზერსის" ყოფილი შტაბბინა ნიუ იორკში
15 სექტემბერს ერთი წელი სრულდება გლობალური საფინანსო კრიზისის საკვანძო მომენტიდან - შეერთებულ შტატებში საინტვესტიციო ბანკ “ლემან ბრაზერსის” გაკოტრებიდან. ამ მოვლენამ ბიძგი მისცა პროცესებს, რომლებმაც მსოფლიო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უდიდეს საფინანსო კრიზისამდე მიიყვანა...

14 სექტემბერი შარშან კვირა იყო, უქმე დღე. ნიუ-იორკში “ლემან ბრაზერსის” ოფისებთან კი მაინც უამრავი ხალხი ირეოდა. კარგი რომ არაფერი ხდებოდა, ბანკის თანამშრომლების პირქუში გამომეტყველებით მიხვდებოდი. ბევრ ბანკირს ხელში ყუთები ეჭირა, პირადი ნივთებით სავსე ყუთები, რომლებიც ოფისებიდან გამოჰქონდათ. აი, რას ამბობდა ერთ-ერთი მათგანი: “ეს ტრაგედიაა! 23 წელია აქ ვმუშაობ. წარმოდგენა არა მაქვს, ახლა რას გავაკეთებ. უბრალოდ, შოკში ვარ! ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საქმე აქამდე მივიდოდა”...

იმ უქმე დღეებში ბევრი მოლაპარაკება გაიმართა შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელების, უოლ სტრიტის ყველაზე გავლენიანი ბანკირების მონაწილეობით, მაგრამ ამაოდ. “ლემან ბრაზერს: ვერ უშველეს ვერც სამთავრობო პროგრამით, ვერც სხვა ბანკისთვის მიყიდვით.

15 სექტემბერს დილას უკვე ნათელი იყო: “ლემან ბრაზერსი”, კომპანია, რომლის არსებობის ისტორიაც 158 წელს ითვლიდა, გაკოტრდა. საქმე ეხება შეერთებული შტატების ისტორიაში უდიდეს ბანკროტს, რომელმაც მთელი ფინანსური სამყარო შეძრა.
კრიზისმა მოიცვა ე.წ. კომერციული ქაღალდების ბაზარი - საქმე ეხება მოკლევადიან ვალებს, რომელთაც კომპანიები იღებენ, მაგალითად, ხელფასების გადასახდელად.

და აი, უცებ გაირკვა, რომ “ლემან ბრაზერსი” ვალებს ვეღარ დააბრუნებდა. შედეგი მალევე იწვნია ფონდმა “რიზერვ პრაიმერიმ”, რომლის აქციებიც გაიაფდა, რადგან “ლემან ბრაზერს” მისი 785 მილიონი დოლარი მართებდა. ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორ ლუიჯი სინგალესის განმარტებით, “ეს, მთლიან სურათს თუ გავითვალისწინებთ, კატასტროფა არ ყოფილა, რადგან ხალხი, ვისაც ფული “რიზერვ პრიამერის” ფონდში ჰქონდა, ერთი დოლარის მაგივრად 97,5 ცენტს მიიღებდა, რაც დიდ პრობლემად არ მიმაჩნია. მაგრამ შიშმა, რომ სხვა ფონდებშიც შეიძლებოდა იგივე მომხდარიყო, გამოიწვია ის, რომ ბანკები მიაწყდნენ ფონდებს საფინანსო ბაზარზე, რამაც მთავრობა აიძულა მოეხდინა ინტერვენცია ამ ბაზარზე და კომპანიებისთვის გაეძნელებინა ფინანსების მოპოვება კომერციული ქაღალდების გამოშვებით”.

საფინანსო კრიზისი, როგორც ექსპერტები ამბობენ, თავბრუდამხვევი სისწრაფით იკრებდა ძალას.
სექტემბერშივე, ოღონდ “ლემან ბრაზერსის” გაკოტრებამდე ერთი კვირით ადრე, შეერთებულ შტატებში იპოთეკური სესხების გამცემი ორი უზარმაზარი კომპანიის, “ფრედი მეკის” და “ფანი მეის” ფაქტობრივი ნაციონალიზაცია განხორციელდა. იმ დღეს კი, როცა “ლემან ბრაზერსი” გაკოტრდა, საფინანსო ბირჟებზე მკვეთრი დაღმასვლა აღირიცხა; კრიზისით მოცული კიდევ ერთი საინვესტიციო ბანკი, “მერილ ლინჩი” – “ბანკ ოფ ემერიკამ” შეიერთა.

სექტემბერი გასული არ იყო, როცა შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი ჰენკ პოლსონი პოლიტიკოსებს სთხოვდა, მხარი დაეჭირათ 700 მილიარდი დოლარის გამოყოფისთვის საფინანსო სისტემის სტაბილიზაციის მისაღწევად.

“ძალიან შეგვეშინდა! უბრალოდ შეუძლებელი იყო, არ გაგჩენოდა შეკითხვა - რა ჭირს ამ სისტემასო? თითქოს, ჩვენს თვალწინ ინგრეოდა ყველაფერი”, იხსენებს ბროკერი ტედ უაისბერგი.

შარშანდელი სექტემბრის პანიკის მიზეზად ბევრს მიაჩნია ის გარემოება, რომ დაბნეულობა გამოიწვია მთავრობის გადაწყვეტილებამ, დაეშვა “ლემან ბრაზერსის” გაკოტრება - სხვა საფინანსო ინსტიტუტებისაგან განსხვავებით.

ბარაკ ობამა სიტყვას წარმოთქვამს ნიუ იორკში, 2009 წლის 14 სექტემბერს
მას შემდეგ ერთი წელი გავიდა. აი რა თქვა ორშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნიუ-იორკში მოხსენებით გამოსვლისას: "ერთი წლის წინ ჩვენ აშკარად დავინახეთ, როგორ შეიძლება ბაზრები კონტროლს დაუსხლტეს, როგორ შეიძლება საღ აზრზე დაფუძნებული კანონების ნაკლებობამ უფლებებისა და შესაძლებლობების ბოროტად გამოყენებამდე მიგვიყვანოს, რამდენად შეიძლება მივუახლოვდეთ უფსკრულს. ერთი წლის შემდეგ ჩვენი ვალია, განვახორციელოთ რეფორმები, რომელიც მომავალში თავიდან აგვაცილებს ამგვარ კრიზისებს და რომელშიც აისახება მწარე, მაგრამ მნიშვნელოვანი გაკვეთილები, რომელთა სწავლა მოგვიხდა."

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორშაბათის მოხსენებაში, რომლითაც “ლემან ბრაზერსის” გაკოტრების წლისთავზე გამოვიდა, განაცხადა აგრეთვე, რომ უკვე სახეზეა საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ნიშნები.
XS
SM
MD
LG