Accessibility links

საზოგადოების პასუხისმგებლობა იშვიათად ყოფილა იმდენად გადაჯაჭვული პოლიტიკურ პროცესთან, რამდენადაც – ახლა. გასულმა პოლიტიკურმა სეზონმა დაადასტურა, რომ საზოგადოების როლი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

საზოგადოება პოლიტიკური პროცესის ყველაზე უანგარო სეგმენტია. ერთადერთი ჯანსაღი ინტერესი, რაც მას შეიძლება ჰქონდეს, ქვეყნის სტაბილური განვითარებაა. თუმცა დგება მომენტი, როდესაც საზოგადოების ნაწილი იწყებს ფიქრს, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში ქვეყნის განვითარება შეუძლებელია. ამ დროს ოპოზიციური პარტიები საზოგადოების პროტესტულ ნაწილს უდგებიან სათავეში და იწყება მოძრაობა, როგორც წესი, გზასაცდენილი ქვეყნის სწორ კალაპოტში დაბრუნების ლოზუნგით. ეს ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში არაერთხელ მომხდარა.

9 აპრილს დაწყებულ საპროტესტო მოძრაობაშიც საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული და პოლიტიკურ ძალებს მაქსიმალურად უჭერდა მხარს, მაგრამ პროცესი უშედეგოდ დასრულდა – ქვეყნის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა: ხელისუფლებაში ძველი ძალები დარჩნენ, ოპოზიციას არც რამე შეჰმატებია, არც დაჰკლებია და საზოგადოებაც, წესით, უნდა დარწმუნებულიყო, რომ სტაბილურ გარემოს, გაზაფხულიდან მოყოლებული, ვერა და ვერ მივუახლოვდით.

ახლა ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს მსგავს ქვეყანაში სტაბილურობას იწვევს ან ძალთა ბალანსი, ან ერთი პოლიტიკური ძალის აბსოლუტური უპირატესობა დანარჩენების მიმართ. გაზაფხულის საპროტესტო მოძრაობამ დაადასტურა, რომ ასეთი გადამწყვეტი უპირატესობა ნაციონალურ მოძრაობას არ გააჩნია. ოპოზიციურ პარტიებს ათასობით მხარდამჭერი ჰყავთ და საზოგადოებაში პროტესტული მუხტი მაღალია. გამოდის, სტაბილურობის მისაღწევად ორი გზა რჩება: ოპოზიციამ ან გადამწყვეტი უპირატესობა უნდა მოიპოვოს ნაციონალურ მოძრაობაზე, ან ბალანსის დამყარება ცადოს.

ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ორივე მიმართულების პარტიები არიან – ისინიც, რომლებიც გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებისთვის იბრძვიან და ისინიც, რომლებიც ბალანსზე ფიქრობენ. 9 აპრილის საპროტესტო ტალღის დაწყების მომენტისთვის აშკარა ფსიქოლოგიურ უპირატესობას მებრძოლი ლიდერები ფლობდნენ, მაგრამ ხელისუფლებამ, თავის მხრივ, მკაფიოდ აჩვენა, რომ მისი ჩანაცვლებისთვის საჭირო რესურსი ოპოზიციას არ გააჩნია.

გამოდის, ვერც ხელისუფლებამ შეძლო ოპოზიციის პროტესტის ბოლომდე ჩახშობა და, მეორე მხრივ, ვერც ოპოზიციამ გამოიჩინა ხელისუფლების შეცვლისთვის საჭირო ძალა. რჩება ერთადერთი გამოსავალი, რომელიც უახლოეს წლებში მეტ-ნაკლებად სტაბილურ განვითარებას შეიძლება დაედოს საფუძვლად: ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ძალთა ბალანსის მიღწევა.

პირველ რიგში ის ვთქვათ, რომ თუ ბალანსზე ვსაუბრობთ და არა რევოლუციაზე, ესე იგი, არჩევნებს ალტერნატივა არ გააჩნია. და თუ გაზაფხულზე ოპოზიციის მებრძოლ ლიდერებს ჰქონდათ უპირატესობა, შემოდგომაზე მომლაპარაკებელი ლიდერები დაწინაურდებიან.

აუცილებლად გამოჩნდებიან (უკვე გამოჩნდნენ კიდეც) ძალები, რომლებიც იტყვიან, რომ არჩევნებზე წასვლა შეუძლებელია ამ კანონმდებლობით, ამ საარჩევნო კომისიებით და ამგვარი ტელევიზიებით. მაგრამ თუ არც არჩევნები გვინდა და არც რევოლუცია, მაშინ დარჩება ამჟამინდელი – მუდმივად არასტაბილური – გარემო, რაც ყველაზე უარესია ქვეყნის განვითარებისთვის. მაგრამ რაკი გაზაფხულზე მებრძოლი ოპოზიცია უშედეგოდ გაისარჯა, შემოდგომაზე მომლაპარაკებელ ძალებს უსათუოდ მიეცემათ შანსი, საზოგადოებას ახალი სტრატეგია შესთავაზონ. ეს სტრატეგია კი დაკავშირებული იქნება არჩევნებთან. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე წლის ზაფხულში გამოაცხადა, რომ მომავალი წლის მაისის ბოლოს თბილისელები მერს პირდაპირი კენჭისყრით აირჩევენ. შესაბამისად, თბილისელებს რეალური შანსი გაუჩნდებათ, ძალაუფლების ნაწილი ოპოზიციური სპექტრიდან არჩეულ მერს გადააბარონ.

ნაციონალური მოძრაობის მთავრობა და ოპოზიციური მოძრაობიდან არჩეული დედაქალაქის მერი შექმნიან შანსს ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის. შესაძლოა, სწრაფი ცვლილებების მოსურნეები ასეთ სტაბილურობაში შინაარსს ვერ ხედავდნენ, მაგრამ ყველა სხვა გაგრძელება გაცილებით უშინაარსო და საფრთხიანია, ვიდრე არჩევნების გზით ხელისუფლების შეზღუდვა და ძალაუფლების მეორე, საპირწონე ცენტრის შექმნა.

იმისათვის, რომ პროცესები ძალთა ბალანსის მიმართულებით განვითარდეს, გადამწყვეტი როლი სწორედ საზოგადოებამ უნდა შეასრულოს. თითოეული ადამიანი, – ხელისუფლების თუ ოპოზიციის მხარდამჭერი, – რომელიც გააცნობიერებს, რომ დღეს არც ხელისუფლებას შეუძლია ოპოზიციის დათრგუნვა და არც ოპოზიციას შეუძლია ხელისუფლების ჩამოგდება, იძულებული იქნება არჩევნებზე წავიდეს. ლოზუნგი „ვირჩევ არჩევნებს!“, ფაქტობრივად, ქვეყნის სტაბილური გავითარების შანსს გამოხატავს. ამ შანსის რეალობად ქცევა თითოეული მოქალაქის პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG