Accessibility links

”სუბარი და გაჩეჩილაძე, შესაძლოა, ალასანიას ”ალიანსს” შეუერთდნენ” – ”რეზონანსის” პირველ გვერდზე ნახავთ ამ სათაურს. გაზეთის კორესპონდენტისთვის სახალხო დამცველს, რომელსაც ვადა ორ დღეში ეწურება, განუცხადებია, რომ ”არავითარ პარტიაში შესვლას” არ აპირებს. ”ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა კი, ზურაბ აბაშიძემ, ”რეზონანსს” განუცხადა: ”ჩვენი კარები მისთვის ღიაა და თუკი სხვა პოლიტიკურ ძალასთან იქნება, ამ ფორმითაც შეიძლება ურთიერთობა”. რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს, აბაშიძე მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ „ალიანსს“ აქვს ურთიერთობა ”დაიცავი საქართველოსთან”. ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს: ”პირველი, რაც ოპოზიციამ უნდა გააკეთოს, ისაა, რომ გააანალიზოს საკუთარი შეცდომები. სამწუხაროდ, ასეთი ანალიზის ნიშნები ოპოზიციის მოქმედებაში არ იკითხება. 2007 წლის შემდეგ ოპოზიციამ საკუთარი მოღვაწეობა და შეცდომები არ გააანალიზა და იმასვე იმეორებს ახლაც. თავიანთი გამოცდილებიდან ვერ ისწავლეს და მთელი ფსონი ისევე, როგორც უწინ, დაიდო ხალხის ქუჩაში გამოყვანაზე და თუ ასე გააგრძელეს, არა მგონია, რაიმე შედეგი დადგეს”, - ამბობს რამაზ საყვარელიძე, რომლის აზრითაც, ხალხი ქუჩაში რომ გამოდის, პოლიტიკოსების დამსახურება არ არის.

”ვფიქრობ, ოპოზიციას ჰქონდა გარკვეული დრო და ვადა იმისთვის, რომ გაეანალიზებინა პროცესები”, - ამბობს ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი მელაშვილი, ”კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში და განაგრძობს: ”ჩვენ თითქმის მთელი საქართველო მოვიარეთ, 140-მდე შეხვედრა ჩავატარეთ. ჩვენთვის ერთი რამ არის ნათელი: ოპოზიციის შეცდომა იყო არა ის ლოზუნგი, რომელიც ავირჩიეთ და არა ის მიზანი, რომელიც დასახული გვქონდა, რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები და სააკაშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან, არამედ მთავარი შეცდომა იყო ის, რომ სწორად არ გვქონდა განსაზღვრული ამ მიზნის მიღწევის გზები, არ გვქონდა ჩამოყალიბებული გეგმა, არ გვქონდა გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი და ა.შ.”, - ამბობს მელაშვილი, რომელსაც ”კვირის ქრონიკა” ესაუბრა.

”ჩვენი წინასწარმეტყველება ახდა - გაზაფხულის აქციებმა შედეგი არ მოიტანა, ხელისუფლების ცვლილება არ მოხდა. მეტიც, სააკაშვილი გაძლიერებული - არა, მაგრამ გათვხედებულია”, - აცხადებს მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი. მასთან ვრცელ ინტერვიუს ”ვერსიაში” გაეცნობით. ამავე გაზეთში ქვეყნდება ოპოზიციონერთა კომენტარები პარლამენტში ოპოზიციონერთა შესვლა-არშესვლის შესახებ. პარტია ”თავისუფლების” წევრი სანდრო ბრეგაძე ამბობს: ”აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, გინდა თუ არა, გამსახურდია პარლამენტში შედისო. მას თავისი პოზიცია ბოლომდე არ დაუფიქსირებია და ჯერ არ ყოფილა შეკრება, რომელზეც ეს საკითხი უნდა განვიხილოთ.”

”კვირის პალიტრა”, პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე: ”ჩანს, ოპოზიციაში ახალი ვითარების გააზრება ხდება და ადგილი აქვს ძალთა გადაჯგუფებას. ოპოზიცია დაბნეული და დეზორიენტირებულია. ამ გადაჯგუფებათა შემდეგ ახალი სურათი გვექნება, მაგრამ რამდენად შეძლებს ოპოზიცია ახალი ძალით ერთობლივად დაუპირისპირდეს ხელისუფლებას? ვფიქრობ, მოკლე დროში ოპოზიცია ვერ მოახერხებს ძალის სათანადო მოკრებას. მასში აღარც უწინდელი ერთიანობაა. ამის მიზეზი თავის დროზე არასწორად დასახული სტრატეგიული მიზნები გახდა.” - ინტერვიუ არჩილ გეგეშიძესთან, რომელიც საგარეო პოლიტიკურ საკითხებსაც ეხება, ”კვირის პალიტრაში” ქვეყნდება.

”ახალი თაობის” კორესპონდენტი პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა. ის ამბობს: ”პოლიტიკა მხოლოდ ინტერესებია და სხვა არაფერი. თუ პოლიტიკაში ემოციები, ინსტინქტები, გრძნობები ბატონობს, ის უკვე პოლიტიკა არ არის. ოპოზიციის ზოგიერთი საშუალო დონის ლიდერი გამოდის და ვერ მალავს თავის ინტერესებს, ემოციებს. ისინი არ არიან პოლიტიკოსები. ასევე, როდესაც ვუყურებ პარლამენტის უმრავლესობის ზოგიერთი წევრის ზიზღნარევ ლაპარაკს პოლიტიკური ოპონენტის მიმართ, იქვე ჩანს, რომ არ შეიძლება ისინი პოლიტიკოსები იყვნენ. პოლიტიკაში ინსტინქტების ადგილი არ არის. პოლიტიკა ინტერესების სფეროა”, - განმარტავს სოსო ცინცაძე ”ახალი თაობისთვის”მიცემულ ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG