Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ მაისაიას ადვოკატი შსს-ს პოლიტოლოგზე ზეწოლაში ადანაშაულებს


ნათია კორკოტაძე (მარცხნივ), ლია ტოკლიკიშვილი, უჩა ნანუაშვილი (მარჯვნივ)
ნათია კორკოტაძე (მარცხნივ), ლია ტოკლიკიშვილი, უჩა ნანუაშვილი (მარჯვნივ)
2009 წლის 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პოლიტოლოგის ვახტან მაისაიას საქმეს დღემდე გრიფი “საიდუმლო” ადევს. მისმა ადვოკატმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლებმა 15 სექტემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე იმ ზეწოლის შესახებ ისაუბრეს, რომელიც მაისაიაზე დაკავების დღიდან ხორციელდება, და შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

ყველას ახსოვს ტელევიზიით გადაცემული ვახტანგ მაისაიას აღიარებითი ჩვენება, რომელშიც ის ადასტურებს, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. ის მუხროვანის ე.წ. ამბოხის დღეებში დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით. საქმეს დღემდე საიდუმლო გრიფი ადევს. იმ ახსნა- განმარტებიდან კი, რომლითაც მაისაიამ ხმა სახალხო დამცველს და თავის ადვოკატს მიაწვდინა, ვიგებთ, რომ დაკავების დღიდან მასზე გაუსაძლისი ზეწოლა ხორციელდება. ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი მოგვითხრობს, რომ მათი პროექტის ფარგლებში ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებისას მათ ხელში ჩაუვარდათ დოკუმენტი, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ სამართალდამცავი ორგანოების არაერთი წარმომადგენლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ამ დოკუმენტში მაისაია წერს:

”გამომიყვანეს ჩემი კამერიდან და ე.წ. სათათბირო ოთახში ამიყვანეს, სადაც მელოდნენ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები, გამომძიებელი ლადო დათაშვილი, ოპერატიული მუშაკი და ჩემი პერსონალური მეურვე, ზვიადი. მისი გვარი არ მახსოვს. ზვიადმა გაიხუმრა, კარგი იქნებოდა 1937 წელი რომ იყოს ახლა, რომ ჩემი ხელით დამაწერინებდა, რაც უნდოდა და მეორე დღეს ‘გამასუხარებდნენ’.“

ვახტანგ მაისაია
ვახტანგ მაისაია ახსნა-განმარტებაში წერს, რომ მას აიძულებდნენ ჩამოეწერა სია ადამიანებისა, რომლებზეც, მათთვის ჯაშუშობის დაბრალების მიზნით, იქვე უნდა შეეთხზა ამბები. ოცკაციან სიაში ბევრი ცნობილი გვარია. მაისაიას ოჯახის თხოვნით, არ ხმაურდება მხოლოდ ერთი ადამიანის ვინაობა, რომელიც სხვებთან ერთად ამ სიაში მოხვდა. ვიცით მხოლოდ, რომ ის ცნობილი პარლამენტარია. სიის მოკლე ვარიანტი ასეთია:

ზვიად ჩხაიძე, ანდრო გოცირიძე, ირაკლი ბატკუაშვილი, ალექსანდრე ლომაია, გელა ბეჟუაშვილი, თორნიკე შარაშენიძე, ნიკა ჩიტაძე, რობერტ კენედი - აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, იენ ლენტი და რობ ფულერი, დიდი ბრიტანეთის მისიის დიპლომატები და ა.შ...

ვახტანგ მაისაიას ადვოკატი ნათია კორკოტაძე ამბობს, რომ საქმეში ჩართვის დღიდან მან ერთი დოკუმენტიც კი ვერ მოიპოვა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაამტკიცებდა. სამაგიეროდ, ხშირი იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, ღამის საათებში არაგეგმიური დაკითხვები:

”სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის გამომძიებლებმა თავიანთი ხელით დაუწერეს ის ჩვენება, რაც მათთვის იყო მისაღები და ვახტანგ მაისაია იძულებული იყო კამერების წინ მიეცა ეს ჩვენება. ამას გარდა, მას ეუბნებოდნენ, რომ მისი მეუღლე და დედა ”მოდულის” შენობაში ჰყავდათ მიყვანილი და, თუ ყველაფერზე ხელს არ მოაწერდა, მათაც დააპატიმრებდნენ.”

”ადამიანის უფლებათა ცენტრში” დღეს ისმოდა მოწოდებები და შეფასებებიც. უჩა ნანუაშვილი: ”ჩვენ გვინდა საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართოთ, ასევე საელჩოებს, რათა უზრუნველყონ ვახტანგ მაისაიას უსაფრთხოება, მისი ოჯახის, ადვოკატების უსაფრთხოება. ჩვენი შეფასებით, ის უკანონო პატიმარია და ციხეში იმყოფება კონკრეტული მისიით - ხელისუფლებას სურდა მისი გამოყენება ბინძური მიზნებისათვის, რაც არ გამოუვიდა.”

ვახტანგ მაისაიას მეუღლეს, ელენე მაღრაძეს, იმედი აქვს, რომ სიმართლე მალე გაირკვევა. მისი თქმით, რუსეთის ჯაშუშობა ყველაზე აბსურდული ბრალდებაა, რაც მისი მეუღლისათვის შეიძლებოდა წაეყენებინათ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG