Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისის სკოლებში წინა წლებთან შედარებით უკეთესი პირობებია


სწავლა ქუთაისის ორმოცდაექვსივე საჯარო სკოლაში დაიწყო. ახალ სასწავლო წელს სკოლები გაუმჯობესებული პირობებით შეხვდა. კარ-ფანჯარა და სახურავი იმ სკოლებშიც შეიცვალა, რომლებიც თავის დროზე იაკობ გოგებაშვილის პროგრამაში ვერ მოხვდა. ამ შემთხვევაში სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. რამდენიმე სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მათ შორის - მესამე საჯარო სკოლას, რომელიც ქუთაისის განახლებულ ისტორიულ უბანში მდებარეობს. ანა კვანტალიანი, რომელიც მე-12 კლასში სწავლობს, ამბობს, რომ, 14 სექტემბერს სკოლაში მისულს, საუკეთესო პირობები დახვდა, რაც ძალიან უხარია.

„მოტივირებული ვართ უფრო მეტად. სახელმწიფომ ამ პირობებში იზრუნა ჩვენზე. ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა და, რაც მთავარია, წელს ჩვენ უფრო მეტი პროექტები გვაქვს განსახორციელებელი. ვფიქრობ, რომ ეს სასწავლო წელი წარმატებული იქნება“,- აცხადებს სკოლის დირექტორი თამაზ ჭაბუკიანი.

მესამე საჯარო სკოლა წარჩინებული მოსწავლეებით გამოირჩევა. ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება იმერეთის გუბერნატორმა მიხეილ ჩოგოვაძემ მიულოცა.

სიახლეები დახვდათ აკაკი წერეთლს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც. უნივერსიტეტის რექტორის გიორგი ონიანის თქმით, ბიოლოგიის, ქიმიისა და სამედიცინო ფაკულტეტები ახალ შენობაში განთავსდა. „ჩვენი უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირებულ სასწავლო პროგრამებს. ეს აკადემიური კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გარემოს გაუმჯობესების კუთხითაც გადაიდგა მთელი რიგი ნაბიჯები, რომელთა შორის უმთავრესი მნიშვნელობის გახლავთ ახალი სასწავლო კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლა.“

სტუდენტებსა და მოსწავლეებს, გარემონტებულ აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებთან ერთად, ახალი სასწავლო პროგრამებით სარგებლობაც შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG