Accessibility links

logo-print

საქართველოს ეკლესია ”არასერიოზულად” მიიჩნევს აფხაზი მღვდელმსახურების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას


საქართველოს საპატრიარქო ”სრულიად აბსურდულს” უწოდებს აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში მოქმედი სამღვდელოების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ”საეკლესიო სამართლისა და საეკლესიო კანონმდებლობის თვალსაზრისით, ამგვარი მოთხოვნის ლეგიტიმაციას არავითარი პერსპექტივა არა აქვს”, - აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საპარტრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი დავით შარაშენიძე. მისი თქმით, ”აფხაზეთის ეკლესია არასოდეს ყოფილა დამოუკიდებელი ერთეული” და ამიტომ ”გაუგებარია, რომელი ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზე” ლაპარაკობდა აფხაზი მღვდელმსახური ბესარიონ აპლია, აფხაზეთის ეკლესიის უკანონო ავტოკეფალიის გამოცხადებისას. განცხადება საქართველოს ეკლესიიდან გამოყოფის თაობაზე აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში მოღვაწე მღვდელმსახურმა ბესარიონ აპლიამ 16 სექტემბერს გააკეთა. გადაწყვეტილება მიღებულია სოხუმის საკათედრო ტაძარში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე. აფხაზეთის ეპარქიის საქართველოს ეკლესიიდან გამოყოფას არ ცნობს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო და ეს მან 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაშიც დაადასტურა. ”რუსეთის ამჟამინდელ პატრიარქს კირილე მეორესაც არაერთხელ აქვს გამოთქმული თავის ქადაგებებსა თუ საჯარო გამოსვლებში, რომ საქართველოს ეკლესიის მთლიანობა გადახედვას არ ექვემდებარება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით შარაშენიძემ.
XS
SM
MD
LG