Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარს საუკეთესო სახალხო დამცველის შეფასებას აძლევენ


სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი
16 სექტემბერი სოზარ სუბარისათვის სახალხო დამცველის პოსტზე მუშაობის ბოლო დღე იყო. ხუთი წლის შემდეგ მის მოღვაწეობას ექსპერტები, ადამიანის უფლებათა დამცველები აფასებენ როგორც ყველაზე ნაყოფიერს საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობის მანძილზე, ხოლო თავად სოზარ სუბარს - რიგით მესამე სახალხო დამცველს - საუკეთესოდ მიიჩნევენ. ხვალიდან სუბარს ახალი სახალხო დამცველი, უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, გიორგი ტუღუში შეცვლის.

”სოზარის შემდეგ ძალიან ძნელია იყო კარგი სახალხო დამცველი” - ეს სიტყვები რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ელენე თევდორაძემ ჯერ კიდევ მაშინ თქვა, როდესაც პარლამენტიდან მიდიოდა და სახალხო დამცველის თანამდებობაზე პრეზიდენტისგან შეთავაზება მიიღო. ამ სიტყვებს იმეორებს ახლაც და ამბობს, რომ სოზარ სუბარმა თავისი ხუთწლიანი მოღვაწეობის პერიოდში შექმნა სახალხო დამცველის ძალიან ძლიერი ინსტიტუტი და, ამდენად, გამოწვევა მისი შემცვლელისათვის ძალიან დიდი იქნება: ”ვინც კი მოვა მის შემდეგ, თუ ვერ გააუმჯობესებს მის მუშაობას, ხალხის თვალში დამარცხებული იქნება.”

ელენე თევდორაძე იხსენებს, რომ ის პირველი სახალხო დამცველის დანიშვნის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, სოზარ სუბარის შემთხვევაში კი, ერთ-ერთი იყო, ვინც მისი კანდიდატურა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტი 1997 წლიდან მოქმედებს. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წარდგინებით, პარლამენტმა პირველ ომბუდსმენად პოლიციის გენერალ-მაიორი დავით სარალიძე დაამტკიცა, მოგვიანებით კი მეორე სახალხო დამცველად პარლამენტმა საქართველოს სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ნანა დევდარიანი, დანიშნა.

კიდევ ერთი უფლებადამცველი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელი მანანა კობახიძე, იხსენებს, რომ მაშინ, როდესაც სოზარს სახალხო დამცველის პოსტზე ნიშნავდნენ, მისი დამოკიდებულება სოზარის კანდიდატურის მიმართ საკმაოდ არაოპტიმისტური იყო, განვლილი ხუთი წლის შემდეგ კი აზრი შეიცვალა:

”ის ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც ჩვენ ევროსასამართლოში ვაწარმოებთ, რაზეც გვჭირდებოდა სახალხო დამცველის ჩართვა, მისი დასკვნების მომზადება, ეს იყო ძალიან აქტიური თანამშრომლობა და ბევრ საქმეზე, რომელიც ჩვენ სტრასბურგში გავაგზავნეთ, მტკიცებულების სახით სწორედ სახალხო დამცველის ოფისის დასკვნაა დართული.”

ამ განსაკუთრებულ თანამშრომლობაზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ხიდაშელიც საუბრობს და ამბობს, რომ, თუ არა სახალხო დამცველის დახმარება, შესაძლოა ისეთი ეფექტური შედეგები არ ჰქონოდათ, როგორსაც მიაღწიეს.“

სოზარ სუბარი პოპულარული სახალხო ფიგურა მხოლოდ არასამთავრობო სექტორისთვის არ გამხდარა. მის საქმიანობას პოლიტიკოსებიც დადებითად აფასებენ. რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი, მაგალითად, ამბობს, რომ ის იყო ყველაზე კარგი სახალხო დამცველი, ვინც კი საქართველოს ჰყოლია, და მის ხუთწლიან მუშაობას ორ ეტაპად ყოფს: ”მე ვფიქრობ, რომ ბაჩო ახალაიას იმ სამსახურიდან წასვლის შემდეგ პრინციპულად შეიცვალა ვითარება დადებითისკენ და სახალხო დამცველი თავისი ფუნქციების შესრულებას შეუდგა სწორედ ამის შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია მისი საქმიანობა არა მხოლოდ იმ ნაწილში, რომელშიც ასეთი პოპულარული გახდა - სიცოცხლის უფლების დაცვასთან მიმართებაში, საპატიმროებთნ და სიტყვის თავისუფლებასთან მიმართებაში, არამედ ასევე ისეთი თემების წამოწევაში, რაც ჩვენს საზოგადოებაში იმდენად პოპულარულად არ ითვლება - როგორიცაა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანების მდგომარეობა, უმცირესობის უფლებები და ა.შ.”

თავად სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მისი რეკომენდაციების მხოლოდ 13 % შეასრულა, მაშინ როდესაც ევროპულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 50%-ს უტოლდება ხოლმე.

სუბარი ამბობს, რომ მთავარი მისთვის მაინც სიმართლის თქმა იყო - თუნდაც პარლამენტის ტრიბუნიდან - ბევრ ისეთ საქმეზე, რომელიც დღემდე გამოუძიებელია. ბოლო სამუშაო დღეს სოზარ სუბარი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამ ხუთწლიან პერიოდს ასე აფასებს: ”საქართველო ერთგვარი გამონაკლისია, სადაც სახალხო დამცველის ოფისს მოუხდა უჩვეულო ფუნქციის შესრულება. ეს ინსტიტუტი ამ წლების განმავლობაში იქცა იმ არასწორი პოლიტიკის მამხილებლად, რომელსაც ხელისუფლება ატარებდა.”

შეუსრულებელი რეკომენდაციების გარდა, იყო ბრძოლით მოპოვებული შედეგებიც. მაგალითად, მთელ რიგ საქმეებზე - ისეთზე, როგორიც ზურა ვაზაგაშვილის გახმაურებული მკვლელობა იყო - მხოლოდ ექსპერტიზის დანიშვნისათვის ბრძოლა სამ წელზე მეტხანს მოუხდათ. ექსპერტიზა ბოლოს მაინც დაინიშნა და დამტკიცდა, რომ წინა ექსპერტიზის პასუხი, უბრალოდ, ყალბი იყო. ამისთვის ბრძოლა ღირდაო, - ამბობს სოზარ სუბარი.

კიდევ ბევრი ასეთი ფაქტის ჩამოთვლა შეიძლება - ისეთი ფაქტებისაც, რომლებზეც, სახალხო დამცველის პროტესტის მიუხედავად,

ხელისუფლებას რეაგირება არ მოუხდენია. ბოლო დასკვნა, რომელიც სოზარ სუბარმა თავის ბოლო სამუშაო დღეს დადო, აფრასიძეების ოჯახზე განხორციელებულ სპეოპერაციას ეხებოდა.

კითხვაზე, იცის თუ არა სუბარმა ზუსტად, რას აპირებს ხვალ, აქვს თუ არა გადაწყვეტილი რომელ სფეროში განაგრძოს მუშაობა, პასუხობს, რომ იცის. სახალხო დამცველის ოფისი კი უახლოეს დღეებში ახალ ხელმძღვანელს, გიორგი ტუღუშს, შეხვდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG