Accessibility links

ტარზან კოკოითი - ედვარდ კოკოითის წინააღმდეგ


ტარზან კოკოითი

ტარზან კოკოითი

კოკოითი - კოკოითის წინააღმდეგ. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ედვარდ კოკოითის უკვე საკუთარი მოგვარეები უპირისპირდებიან.

ცხინვალში შიდაპოლიტიკური დაპირისპირება ყოველდღიურად იზრდება. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ედვარდ კოკოითის გუნდი მისმა მოგვარემ და თანამოაზრემ, პარლამენტის ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა, ტარზან კოკოითიმ დატოვა. იგი ედვარდ კოკოითისთან იმდენად ახლოს იყო, რომ როცა რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს გენადი ონიშენკოს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მისცეს, იგი ტარზან კოკოითის დის ოჯახში ჩაწერეს. ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ოსურ ინტერნეტგამოცემა „ირონ ტაიმსს“ ედვარდ კოკოითის კრიმინალური საქმიანობის შესახებ სკანდალური ინტერვიუ მისცა:

„ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო ერთი ეპიზოდი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, 80 წლის ზნაურ გასიევის, ტყეში გაყვანას უკავშირდება. იგი სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციაში იმ ცვლილების წინააღმდეგი იყო, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს მესამე ვადით არჩევის უფლება მიეცემოდა. მოხუც კაცს, რომელიც ღამე სახლიდან გაიტაცეს, ედვარდ კოკოითის მომხრეებმა, რომელთა შორის ცხინვალში ყველასთვის ცნობილი რაულიც იყო, ავტომატი მიაბჯინეს. გასიევმა თავდამსხმელებს მაშინ უთხრა, თუ გინდათ, მომკალით, პოზიციას მაინც ვერ შემაცვლევინებთო. საერთოდ, ჩვენს მხარდამჭერ რუსეთს ესმის აქ რა ხდება?“

დე ფაქტო რესპუბლიკის წინა მოწვევის პარლამენტმა ზნაურ გასიევის თავმჯდომარეობით ისე დაასრულა მოღვაწეობა, რომ სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციაში ცვლილებები არ შეუტანია. ამჟამინდელ პარლამენტში უმრავლესობას ედვარდ კოკოითის მომხრეები შეადგენენ. ტარზან კოკოითის ინფორმაციით, ახალი პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისთვის უკვე ემზადება, ამიტომ ყოფილი ვიცე-სპიკერი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს შეაჩეროს პრეზიდენტის უკანონო საქმიანობა. იმავე ინტერვიუში ტარზან კოკოითიმ სიმპათია გამოთქვა ედვარდ კოკოითის ოპოზიციის მიმართ, რომელსაც ალბერტ ჯუსოევი ხელმძღვანელობს. ყოფილი ვიცე-სპიკერის სკანდალურ ინტერვიუს ოსთა ხსნის კავშირის თავმჯდომარე ვლადიმერ სანაკოევი გამოეხმაურა. მისი აზრით, ოსი ხალხი უკვე მიხვდა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკას ბანდიტური რეჟიმი მართავს. სანაკოევის თქმით, ცხინვალში უკვე სამოქალაქო ომის საფრთხეა, კოკოითი კი თანამდებობის შენარჩუნებას ცდილობს, რადგან მრავალი ჩადენილი დანაშაულის გამო მას მოსისხლეები ჰყავს და ისინი პასუხს აუცილებლად მოსთხოვენ.

ტარზან კოკოითი დე ფაქტო პრეზიდენტს რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების მითვისებაშიც ადანაშაულებს. მისი თქმით, ომით დაზარალებული ცხინვალელები 2008 წლის შემდეგ ისევ კარვებში ცხოვრობენ, რესპუბლიკის ხელმძღვანელობა კი, პრობლემების მოგვარების ნაცვლად, გაჭირვებულების დაცინვითა და დამცირებით არის დაკავებული. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, ტარზან კოკოითი ისევ ცხინვალში იმყოფება, მის ტელეფონზე კი მუქარის ზარები არ წყდება: კოკოითის მომხრეები მისგან „ირონ თაიმსისთვის“ მიცემული ინტერვიუს უარყოფას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG