Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს დასკვნამ ისრაელი გააბრაზა


გაეროს გენერალური ასამბლეა
გაეროს გენერალური ასამბლეა
გაეროს ახალი ანგარიში ამბობს, რომ ისრაელმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის კანონები და რვა თვის წინ არაპროპორციული ძალა გამოიყენა ღაზის სექტორზე განხორციელებული იერიშების დროს. ფაქტების დამდგენი კომისია ასკვნის, რომ “აღნიშნული ქმედებების დროს ადგილი ჰქონდა საომარ დანაშაულს - ზოგ შემთხვევაში კი, დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ” - როგორც ჰამასის, ისე ისრაელის სამხედრო ძალების მხრიდან.

გაეროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ისრაელის სამხედრო ძალები წინასწარგამიზნულად უტევდნენ სამოქალაქო ობიექტებს და არ ღებულობდნენ ზომებს იმისათვის, რომ მინიმუმამდე შეემცირებინათ მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში. გაეროს ოფისში აღნიშნული ანგარიშის პრეზენტაციისას, გაეროს ფაქტების დამდგენი მისიის ხელმძღვანელმა, სამხრეთაფრიკელმა მოსამართლემ რიჩარდ გოლდსტონმა, განაცხადა, რომ ანგარიშის დასკვნას მხარი მისიის ყველა წევრმა დაუჭირა:

“ჩვენ ამ დასკვნამდე მივედით ჩვენს მიერ მოკვლეულ ფაქტებსა და ძლიერ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელთა თანახმადაც, ღაზის სექტორში წარმოებული ოპერაციის დროს ისრაელის სამხედრო ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა საერთაშორისო სამართლის - მათ შორის, როგორც ჰუმანიტარული სამართლის, ისე ადამიანის უფლებათა სამართლის - მრავალრიცხოვან სერიოზულ დარღვევებს. მისიამ დაასკვნა, რომ აღნიშნული ფაქტები განეკუთვნებიან საომარ დანაშაულს _ რიგ შემთხვევაში კი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს - ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან.”

ამასთან, გაეროს ფაქტების დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ისრაელის მთავრობამ უარი თქვა ეთანამშრომლა კომისიასთან, რის გამოც გაეროს გამომძიებლებს უფლება არ დართეს მოწმეები დაეკითხათ ისრაელის ტერიტორიაზე. თუმცა, გოლდსტონის თანახმად, კომისიამ შეძლო 118 მოწმე დაეკითხა ჟენევასა და ოსლოში. შესწავლილ იქნა 38 ინციდენტი, რომელთა საფუძველზეც კომისია ზემოხსენებულ დასკვნამდე მივიდა.

თუმცა გაეროს მისიის დასკვნას უკვე მოჰყვა მძაფრი კრიტიკა ისრაელის მთავრობისგან. მარკ რეგევმა, ისრაელის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაეროს კომისიის დასკვნას “სპექტაკლი” უწოდა:

“ისრაელის მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა უარი თქვა ეთანამშრომლა ამ პაროდიულ, სამარცხვინო სასამართლოსთან. მათ წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილი, თუ ვინ იყო დამნაშავე მხარე და ამას ჩვენ მათსავე ქმედებაში ვხედავდით. საჯარო მოსმენის გამართვა ღაზაში – ტერიტორიაზე, სადაც ავტორიტარული ჰამასის სასტიკი რეჟიმი მოქმედებს - სტალინისტური სასამართლო სპექტაკლის მოწყობას ჰგავს. ამას არაფერი აქვს საერთო ფაქტების დამოუკიდებელ გამოძიებასთან.”

გაეროს მისიის ანგარიშს, თავის მხრივ, დაუბალანსებელი უწოდეს ჰამასის წარმომადგენლებმაც. დოკუმენტში ისიცაა ნათქვამი, რომ, ისრაელის არმიის მსგავსად, დაგმობას იმსახურებს ჰამასის სამხედრო ძალების მოქმედებაც. კერძოდ, ნაღმსატყორცნებითა და ყუმბარსატორცნებიდან განხორციელებული იერიშები, რასაც ასევე ახლდა მსხვერპლი მშვიდობიან ისრაელში. თუმცა, ისრაელის მთავრობისგან განსხვავებით, ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუშარ ალ-მასრიმ ანგარიშის დადებით მხარეზეც ისაუბრა:

”უეჭველია, რომ გაეროს ანგარიში, გარკვეულწილად, არის დაუბალანსებელი და უსამართლო ჩაგრული პალესტინელი ხალხის მიმართ, რადგან იგი მსხვერპლადაც არის გამოყვანილი და მჩაგვრელადაც. მაგრამ, მეორე მხრივ, ანგარიში, გარკვეულწილად, ადასტურებს, რომ სიმართლე ჰამასის მხარეზეა, რომელიც ომის განმავლობაში სიონისტი მტრების მიერ ჩადენილ დანაშაულობებსა და მათ მიერ ათობით დახოცილ პალესტინურ ოჯახებზე საუბრობდა. საჭიროა, რომ ამ ანგარიშს მოჰყვეს მოქმედება ისრაელის მიმართ, რომელიც უგულებელყოფს ღაზის თავდასხმების თაობაზე მომზადებულ ყველა საერთაშორისო ანგარიშს.”

გაეროს მისიის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც ერთწლიან პერიოდს მოიცავს, მრავალი ტომისაგან შედგება და მასში თავმოყრილია საომარი დანაშაულის ამსახველი ასობით ფოტოსურათი და ათეულობით მოწმის წერილობითი ჩვენება. კომისიის დასკვნის ოფიციალური პრეზენტაცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ჟენევის ოფისში 29 სექტემბერს გაიმართება, რომელზეც დიდ დებატებს მოელიან.

ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, დეკემბერ-იანვარში განხორციელებული სამკვირიანი საომარი ოპერაციის დროს ღაზის სექტორში 1400 ადამიანი დაიღუპა. თუმცა, ისრაელის მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 1166-ია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG